კალათბურთი

0:36 | 5.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

შერმადინის “ოლიმპიაკოსი” ფინალურ სერიაში დამარცხდა

გიორგი შერმადინის “ოლიმპიაკოსმა” საბერძნეთის ჩემპიონატის ფინალურ სერიაში მარადიულ მეტოქე ათენის “პანათინაიკოსთან” 2:3 წააგო. გადამწყვეტი შეხვედრა ათენში შედგა და ქართველის კლუბი 71:82 დამარცხდა.

თამაშის ბედი, ფაქტობრივად, პირველივე ტაიმში გადაწყდა, რომელიც მასპინძლებმა 21 ქულის (!) სხვაობით მოიგეს და ესოდენ დიდი უპირატესობა აღარ გაუნიავებიათ.

ქართველმა ცენტრმა, რომელიც მუხლის ტრავმის გამო სრულად დატვირთვას ვერ ახერხებს, მოედანზე მხოლოდ 04:24 წუთი გაატარა და ფარს ერთადერთხელ შეუტია, თუმცა, დაუფარეს. შერმადინს პასივში 1 დაკარგვა და 3 პერსონალური ფოლიც ჰქონდა.

“ოლიმპიაკოსის” რიგებში ყველაზე შედეგიანები ლოესკი (17) და პრინტეზისი (16) იყვნენ, დანსტონს კი ორმაგ დუბლამდე ცოტა დააკლდა – 11 ქულა, 9 მოხსნა.

ფინალური სერიის გადამწყვეტი მატჩები აშკარად “ჩაუვარდა” პირეოსელთა კაპიტან ვასილის სპანულისს. მე-4 მატჩში მან 30 წუთში 1 ქულა ჩააგდო, მეხუთეში კი – 27 წუთში 6 ქულა.

გადამწყვეტი შეხვედრის უძვირფასესი მოთამაშე ათენელთა ლიდერი დიმიტრის დიამანტიდისი გახდა, რომელმაც 11 ქულას 2 მოხსნა, 7 პასი და 3 ჩაჭრა წაამატა.

0.117594