კატოვიცეში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე მეორე დღის დილის პროგრამა საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრების კარნახით ჩამთავრდა – დღეს პოლონურ ხალიჩაზე გიორგი გოგშელიძის გაწვრთნილი გუნდის ოთხი წევრი გავიდა და სამმა მათგანმა ფინალში ჭიდაობის უფლება მოიპოვა. ევროპის ჩემპიონის ტიტულს თითო გამარჯვება ომარ გურჯიძეს (66 კგ), გიორგი ჩხარტიშვილსა (84 კგ) და გენო პეტრიაშვილს (120 კგ) აშორებთ.
ომარ გურჯიძემ ფინალის გზაზე პოლონელი კამილ რიბიცკი (12:2), იტალიელი ჯანლუკა კოკო (11:0) და გერმანელი ანდრეას ვალტერი (11:1) ჩამოიშორა. გადამწყვეტ ბრძოლაში კი აზერბაიჯანელ მურად სულეიმანოვს დაუპირისპირდება.
გიორგი ჩხარტიშვილმა ერთ-ერთი მთავარი კონკურენტი – რუსეთის ნაკრების წევრი ასლან ბიბულატოვი პირველსავე წრეში დაამარცხა (10:2). შემდეგ თურქ ფათიჰ ერდინს (5:4), იტალიელ უილიამ რაფისა (10:0) და ბელარუს ალიბეკ შადოს (16:3) აჯობა და პოდიუმის უმაღლეს საფეხურს აზერბაიჯანელი ნურმაგომედ გაჯიევის ძლევაღა აშორებს.
ახალგაზრდებს შორის ევროპისა და მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი გენო პეტრიაშვილი მორიგი ოქროსთვის ბრძოლაში თურქ ემრე დედე იუნუშს დაეჭიდება. დილის პროგრამაში ქართველმა მძიმეწონოსანმა აზერბაიჯანელ ოიან ნაზარჰანს (10:0), გერმანიის ნაკრების წევრ ილია ლიტვინოვს (12:1) და რუსეთის ნაკრების წევრ კაზბეკ ხუბულოვს (10:0) მოუგო.
დღესვე, საქართველოს დროშის ქვეშ რამაზ დარჩიძემაც (55 კგ) იჭიდავა და ფინალამდე ერთი გამარჯვება დააკლდა. ნაკრების უმსუბუქესმა წევრმა ძირითად ბადეში გამოსვლა რუმინელი კონსტანტინ ნეაგუს ადვილად ძლევით (10:0) დაიწყო. შემდეგ სომეხი ჰარუთინ ბარსეგიანი ჩამოიშორა (16:6), ნახევარფინალში კი რუსეთის ნაკრების წევრ ტამირ გარმაევთან წააგო (4:10) და რეპეშაჟის ფინალში გადაერთო. ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში დარჩიძის მეტოქე უკრაინელი ტარას მარკოვიჩი იქნება.
გადამწყვეტი შეხვედრები თბილისის დროით 21:30-დან დაიწყება.