ჩოგბურთი

13:28 | 11.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

როჯერ ფედერერი: “კარიერის დასასრული არ მაშინებს”

 მამაკაცთა შორის პლანეტის ყველაზე ტიტულიანმა ჩოგბურთელმა როჯერ ფედერერმა მიმდინარე სეზონის კონტურები შემოხაზა, დიდი სლემის შეჯიბრების კიდევ ერთხელ მოგების სურვილი გამოთქვა და ისიც დაადასტურა, კორტიდან წასვლის შემდეგაც სისხლსავსე ცხოვრების გაგრძელებას რომ აპირებს. 

- ათწლეულზე მეტია პროფესიულ კორტზე წარმატებით ასპარეზობთ. 32 წლის ასაკში რა გაძლევთ ახალ-ახალი მიღწევების დამყარებისა თუ უბრალოდ თამაშის სტიმულს?

- მუდმივად უნდა ვიგებდე, თავი ბედნიერ ადამიანად რომ ვიგრძნო. კორტზე გამოსვლისას და ყოველდღიურ ცხოვრებაშიც ჰარმონიას მივაგენი. სრულფასოვან ადამიანად თავს კორტს მიღმაც ვგრძნობ. თანაც ეს გრძნობა ახლა კი არ მოსულა – ამგვარი განწყობა 23 წლის ასაკშიც მქონდა. მუდმივი წარმატებისკენ სწრაფვა კი ძალასა და ენერგიას მმატებს. ყოველთვის მსიამოვნებს მატჩის დასრულების შემდეგ პრესკონფერენციაზე მისვლა, გასახდელში ყოფნა, ქუჩაში ყოფნისას უცნობი ადამიანები ჩოგბურთში კიდევ დიდი ხნით დარჩენას რომ მთხოვენ. მხოლოდ საკუთარი სიამოვნებისთვის არ ვთამაშობ – ახლობელი ადამიანების და გულშემატკივრების გახარება მინდა.

- წლევანდელი სეზონი თანდათან გადამწყვეტ ფაზაში შედის...

- ვთვლი, რომ უშანსოდ არც “როლად გაროსზე” ვარ, მაგრამ უიმბლდონსა და აშშ-ის ღია პირველობაზე კარგად გამოსვლის მეტი შესაძლებლობა მაქვს. მიმდინარე სეზონში ტოპათეულის რამდენიმე ჩოგბურთელი დავამარცხე, მათ შორის მოვუგე ნოვაკ ჯოკოვიჩსაც. რაფა ნადალთან პაექრობას რაც შეეხება, ეს სხვა საქმეა. მალიორკელის წინააღმდეგ თამაში ყოველთვის მიჭირს. ყველაფრის მიუხედავდ ვთვლი, რომ რომელიმე სადიდსლემო ტურნირის მოგება შემიძლია.

- ცოტა ხნის წინათ დევისის თასზე შვეიცარიის ღირსება დაიცავით. ამ ტურნირზე შვეიცარიის ნაკრების შანსს როგორ შეაფასებთ?

- დევისის თასზე გამოსვლით ნასიამოვნები დავრჩი. წლეულს კარგი შანსი გვაქვს, მითუმეტეს მატჩების ჩატარება ევროპაში მოგვიწევს. დამეთანხმეთ, როდესაც აშშ-ის ღია პირველობის შემდეგ ყაზახეთში ან ავსტრალიაში გიწევს გადაფრენა, საუკეთესო ვარიანტი ნამდვილად არაა.

- ხშირად გეკითხებიან რეიტინგში შედარებით დაბალ საფეხურზე ყოფნის გამო. ეს არ გაღიზიანებთ?

- ჰოც და არაც. კლასიფიკაციის მოწინააღმდეგე ნამდვილად არ ვარ, მაგრამ რეიტინგი ხშირად ნერვიულობის საბაბი ხდება. დრო და დრო რეიტინგი პრესაში არაჯანსაღი მითქმა-მოთქმის საფუძველს ბადებს. ამასთან, კლასიფიკაციაში დაკავებული ადგილი ყოველთვის ზუსტად არ ასახავს იმ მომენტისთვის ძალთა განლაგებას. ჩვენ მიჩვეულნი ვართ, რომ რეიტინგსიას ერთი ლიდერი ჰყავს და დანარჩენები მას კვალში მიჰყვებიან. ჩემი აზრით, ასე არაა.

- საჩოგბურთო კარიერის დასრულებისთვის ემზადებით?

- თამაშისთვის თავის განებებაზე ჯერ კიდევ 4 წლის წინათ დავფიქრდი. მიღწეულის შემდეგ “სუფთა სინდისით” შემიძლია შევწყვიტო კარიერა. ჩოგბურთის შემდეგ წინ არანაკლებ საინტერესო ცხოვრება მელის. შესაძლოა ძირითადი აქცენტი საკუთარი ფონდის საქმიანობაზე გავაკეთო ან სულაც სხვა საქმეს მივყო ხელი. კარიერის დასასრული არ მაშინებს. მითუმეტეს, ასეთი კარგი ოჯახი მაქვს და დიდ დროს ახლობლებთან ურთიერთობას დავუთმობ.

0.114135