ინტერვიუები

19:13 | 28.01.2011 | ნანახია 8487 - ჯერ

რევაზ ჩელებაძე –ანანიძეზე, ნოდარ ახალკაცზე, საფეხბურთო ტრაგედიებზე, ნაცემ მსაჯებსა და ფეხბურთელებზე...

თბილისის “დინამოსა” და საბჭოთა კავშირის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა, რევაზ ჩელებაძემ რუსულ გამოცემა “სპორტ-ექსპრესს” ვრცელი ინტერვიუ მისცა. დასაწყისში,  საუბარი “სპარტაკის” ნახევარმცველ ჯანო ანანიძეს შეეხო, რომლის მოსკოვურ გუნდში მოხვედრა სწორედ ჩელებაძის დამსახურებაა და სხვა არა ერთი საინტერესო თემით გაგრძელდა.  
- მოსკოვში ჩამოსვლისას ყოველთვის ჯანოსთან ცხოვრობთ?
- ზოგჯერ მეგობრებთან. არ მახსოვს, რომ სასტუმროში გამენეთებინოს. ჯანოს და მამამისს თითქმის ნათესავებად ვთვლი. ისინიც ქობულეთიდან არიან. ამირანი თამაშობდა კლუბში, სადაც მე პრეზიდენტი ვიყავი. ჯანო ჯერ კიდევ სულ პატარა შევამჩნიე –მოხიბლული ვიყავი ბურთით როგორ მუშაობდა.
- საფეხბურთო აგენტად დიდი ხანია მუშაობთ?
- დიახ. უბრალოდ, ადრე ოფიციალურად აგენტად არ ვითვლებოდი. კიევის “არსენალში” შალვა აფხაზავა ჩავიყვანე, ღმერთმა გაანათლოს მისი სული, მოსკოვის “სპარტაკში” –ოთარ ხიზანეიშვილი, კახა მჟავანაძე და გიორგი ლომაია, კიევის “დინამოში” –ალექსანდრე ამისულაშვილი და ოთარ მარცვალაძე.  
- აფხაზავა 23 წლის ასაკში რისგან გარდაიცვალა?
- გული გაუჩერდა. ამ თემაზე არ ვისაუბრებ. მხოლოდ ვიტყვი, რომ შალვას ფენომენალური ნიჭი ჰქონდა. მის თამაშს ანდრეი ბალთან ერთად ვუყურებდი. ბალმა მკითხა: “რა ღირს?”, “სამი მილიონი ევრო” – ვუპასუხე მე, “ერთი წლის მერე 15 მილიონი ეღირება” – მითხრა მან.  
- ჯანოც ასეთი ნიჭიერია?
- უნიკუმია. 2003 წელს, ბათუმის “დინამოს” პრეზიდენტი რომ გავხდი, ჯანო ჩემს საფეხბურთო სკოლაში ავიყვანე. ყოველდღე ქობულეთში ავტომანქანას ვუგზავნიდი და ვარჯიშზე მომყავდა, ხოლო საღამოს უკან მიმყავდა. შემდეგ, “დინამო” დავტოვე და ჯანო თბილისში გადავიდა, მოგვიანებით კი, კიევში. ერთი სეზონი “დინამოს” ჭაბუკთა გუნდში გაატარა, რასაც საქართველოს 17-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებში გამოძახება მოჰყვა, არადა, ის მხოლოდ 15 წლის იყო. თუმცა, “დინამოს” მწვრთნელი კროშჩენკო სხვაგვარად ფიქრობდა: “ჯანო არსად წავა და საქართველოს ნაკრებში არ ითამაშებს”. თან, დაემუქრა, რომ გუნდიდან გარიცხავდა.
- წავიდა ნაკრებში?
- რა თქმა უნდა. ორი კვირის შემდეგ კი, წერილი მივიღეთ: “ჯანო ანანიძე კიევის “დინამოს” სკოლიდან გარიცხულია”. ჩვენ “სპარტაკს” მივაშურეთ, სადაც უკვე გველოდნენ.
- ჩერჩესოვის თქმით, მაშინ ის რომ არ ყოფილიყო “სპარტაკის” სპორტული დირექტორი, ჯანო კლუბში ვერ დარჩებოდა...
- ვერ გეტყვით, ის პირველი ვინ შეამჩნია, მაგრამ მე ევგენი სმოლენცევმა (“სპარტაკის” ტექნიკური დირექტორი-რედ.) დამირეკა. ჯანო თანატოლების ფონზე ნახეს და გადაწყვიტეს დუბლში მიეწვიათ. თამაშზე “სპარტაკის” ავტობუსით მივდიოდით. ვხედავ, ვალერი კეჩინოვი უსიამოვნოდ იშმუშნება – ვინ არის ეს ბიჭი? მითუმეტეს, მის გვერდით კიდევ ვიღაც ქართველი ზის, რომელიც სუმოისტს ჰგავს.  
- ვერ გიცნოთ?
- რა თქმა უნდა, ვერ. ჩუმად გავეცანი: “მე, რეზო ჩელებაძე ვარ”. გეფიცებით, კეჩინოვი გადამეხვია. ჯანოზე მივუთითე და ავუხსენი, ვინც იყო. ის და დუბლშემადგენლობის მწვრთნელი, მიროსლავ რომაშჩენკო კი, თურმე ანანიძის თაობაზე არავის გაუფრთხილებია. კეჩინოვმა ჯანოს შეხედა და მითხრა: “კარგი, 15 წუთით შევუშვებთ”. “ჩვენ ორი ათასი კილომეტრი იმისთვის ვიფრინეთ, რომ 15 წუთი შეუშვათ” – ვთქვი მე.
- შემდეგ რა მოხდა?
- 15 წლის ბიჭმა დუბლშემადგენლობის თამაშში ორი გოლი გაიტანა და ორი საგოლე პასი გააკეთა. 5:0 მოიგეს. მანამდე, მე და სმოლენცევი ჯანოს სატრანსფერო თანხაზე ვმსჯელობდით და ის ჯიუტობდა: “ბევრს ითხოვთ”. თუმცა, მეხუთე გოლის შემდეგ თავად მოვიდა და მითხრა: “ფასზე მოვილაპარაკეთ, მეტს აღარ ვუმატებთ”.  
- გაზეთებში ჯანოს რუსეთის ნაკრებში სავარაუდო თამაშზე წერდნენ. ტყუილია?
- არა, მაგრამ ეს არც მე მინდოდა და არც ჯანოს. ჩვენ ქართველები ვართ. თვითნაბადი ტალანტი გამოჩნდა და რა უფლება მაქვს ეს სიხარული საკუთარ ქვეყანას წავართვა? თუმცა, ჯანოს და მის მშობლებს რუსული პასპორტი დროულად რომ მიეღოთ, შესაძლოა, საუბარი რუსეთის ნაკრებზეც წასულიყო, მაგრამ ჩვენ მხოლოდ ამას გვეუბნებოდნენ: “ხვალ, ზეგ, ერთი თვის შემდეგ...”. როდესაც ანანიძემ საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ითამაშა, ეს საკითხი დღის წესრიგიდან მოიხსნა.   
- მოსკოვმა ის სხვა ადამიანად აქცია?
- დიდი ქალაქი შენს პიროვნულ თვისებებს ანადგურებს – ჩამოდიხარ ცუდ კაცად და ხდები უკანასკნელი ნაძირალა. თუ კარგი ბიჭი ხარ, კიდევ უფრო უკეთესი ხდები. ჯანოც, როგორც საუცხოო ბიჭი, მხოლოდ სიკეთისკენ შეიცვალა. საქართველო ღარიბულად ცხოვრობს. მას ბევრი მეგობარი ჰყავს და მათ შორის ერთსაც ვერ ნახავ, რომელსაც ჯანო არ დახმარებია. ვიღაცას დაბადების დღე აქვს, ვიღაცას გოგო შეუყვარდა, მაგრამ საჩუქრისთვის ფული არ აქვს. უარს არავის ეუბნება, კეთილშობილია.  
-  თან გაბედულია. თავს იქ ყოფს, სადაც სხვა ფეხის შეყოფასაც რომ ვერ გაბედავდა...
- პატარა რომ იყო, თბილისში ბიძასთან ცხოვრობდა და ხან მე, ხან კიდევ მამამისი, მისთვის უცხოურ ბუცებს ვყიდულობდით. ერთხელაც, ჯანო ვარჯიშის შემდეგ მოდიოდა და უფროსმა ბიჭებმა ყველაფერი წაართვეს. თავდაპირველად მათ გაურბოდა, ხოლო შემდეგ ბიძამისმა ქობულეთში დარეკა: “ჯანოს ჩანთაში დანა ვუპოვე”. მამამისი სასწრაფოდ თბილისში ჩავიდა და ჰკითხა: “დანა რად გინდა?”. ბიჭმა უპასუხა: “ისეთი განუკითხაობაა, სახლამდე ვერ მივსულვარ”.
- ანანიძემ, თქვენი, მამამისის ან მისი ამჟამინდელი მწვრთნელის მიბაძვით, სიგარეტის მოწევა არ დაიწყო?
- რას ამბობთ! ითხოვს, რომ ბინაში სიგარეტი არავინ მოწიოს. მისთვის რეჟიმი წმინდა რამაა. ერთხელ მამამ საქართველოდან წითელი ღვინო ჩამოუტანა და ნახევარი ჭიქა დაუსხა, მაგრამ ჯანომ ისიც კი ვერ დალია. თქვით, რომ გაბედულია. მახსოვს, კიევში თამაშის დროს მეკარესთან ერთი-ერთზე გადიოდა და ის ფეხებში ჩაუვარდა, მაგრამ ჯანომ უკან არ დაიხია. ვიფიქრე, რომ ფეხზე ვეღარ ადგებოდა – ორივე წვივსაფარი გატეხილი ჰქონდა. თუმცა, ყველაზე საშინელი რამ საქართველოსა და შვეიცარიის ახალგაზრდული ნაკრებების მატჩის დროს მოხდა. ჯანოს დედა სტადიონზე იყო და იმხელა ხმით დაიყვირა, რომ მთელი ტრიბუნა მისკენ მიბრუნდა. ამის შემდეგ, ჯანოს მამამ მეუღლეს სტადიონზე მისვლა აუკრძალა.  
- მაინც რა მოხდა?
- გიორგი ივანიშვილმა, რომელიც შვეიცარიაში თამაშობს, მატჩამდე ჯანო გააფრთხილა: ფრთხილად იყავი. როგორც გაირკვა, მის ერთ-ერთ თანაგუნდელს თამაშამდე უთქვამს: ანანიძეს პირველივე წუთებზე დავამტვრევო. მართლაც, ჯანომ მიიღო თუ არა ბურთი შვეიცარიელი მთელი ძალით შეეჯახა...
- ჯანოს შვეიცარიაში იცნობდნენ?
- მას მთელი საფეხბურთო სამყარო იცნობს. თავისი ქვეყნის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელია. ორი 13 წლის ბიჭი “ბარსელონაში” ჩავიყვანე. იქ მიმასპინძლა ადამიანმა, რომელმაც ინიესტა გაზარდა. მან ანანიძის თაობაზე მითხრა: ჩვენ ის გვაინტერესებს. მე ვუპასუხე: სპარტაკსა” და ჯანოს ჯერ არსად ეჩქარებათ. ჩვენ ამ კლუბის ნების წინააღმდეგ არასოდეს წავალთ, რადგან იქ ჯანოს კარგად ეპყრობიან. მამამისს მოსკოვის ცსკა-დან და სხვა გუნდებიდან ურეკავდნენ. მენეჯერები მუდმივად რაღაცას გვთავაზობენ, მაგრამ მათ მოსალაპარაკებლად “სპარტაკში” ვაგზავნით.
- საკუთარი ცხოვრება მოგწონთ – მუდმივად გზაში ხართ?
- რა ვქნა? მიხდება ჩემი წონის, 150 კილოგრამის აქეთ-იქით ტარება. მწვრთნელი მე ვეღარ გავხდები. მითუმეტეს, რიგითი მწვრთნელობა არ მსურს, ხოლო გენიალურები ერთეულები არიან.
- ნოდარ ახალკაცი გენიალური იყო?
- გრანდიოზული ტვინის პატრონი! უჭკვიანესი ადამიანი! ვიცი, რომ ინსტიტუტში გამოცდებს ისე აბარებდა, საერთოდ არ ემზადებოდა. მიდიოდა, კორიდორში ვიღაც ჩასაბარებელი საგნის შინაარს მოუყვებოდა და ნოდარი “ხუთიანს” იღებდა. ისინი კი, რომლებიც საგანს მთელი ღამე იზეპირებდნენ, “სამიანს” იღებდნენ. მახსოვს, როგორ მოდიოდა “დინამოში” ხალხი საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტიდან. ედუარდ შევარდნაძე რაღაცას ლაპარაკობდა, ხოლო შემდეგ ახალკაცი ადგებოდა და ისეთ სიტყვას იტყოდა, რომ ყველანი სიმაღლეში “იკლებდნენ”. მისი ლოგიკა, მისი საუბრის მანერა... თუმცა, როგორც მწვრთნელი ძალიან მკაცრი იყო.  
- ახალკაცს წონასთან დაკავშირებით თქვენი პრობლემები აღიზიანებდა?
- როდესაც მეორედ “დინამოში” დავბრუნდი, წონასთან დაკავშირებით პრობლემა მქონდა. მანამდე, სამი სეზონი ბათუმის “დინამოში” ვთამაშობდი და სირბილი საერთოდ არ მჭირდებოდა. შემეძლო დამელია, მომეწია, 150 კილოგრამი ვყოფილიყავი, მაგრამ მაინც საუკეთესოდ დავრჩენილიყავი. მივედი “დინამოს” ექიმთან და ვუთხარი: ჩაწერე, რომ 80 კილოგრამი ვარ. რეზო, ახალკაცი მომკლავს – მიპასუხა მან. შენთვის რა მნიშვნელობა აქვს ის მოგკლავს თუ ახლა მე მოგკლავ – ვთქვი მე. ვივარჯიშე და ახალკაცმა ხელი მომკიდა და სასწორთან მიმიყვანა, რომელმაც აჩვენა, რომ 85 კილოგრამს ვიწონიდი. ე.ი. ვარჯიშზე 5 კილოგრამი მომიმატებია. ახალკაცი აფეთქდა და თქვა: ექიმი მომიყვანეთ! 
- ახლა რამდენს იწონით?
- 145 კილოგრამს. თავის დროზე მყესებზე ოპერაცია არ გავიკეთე და გადაადგილება მიჭირდა. როგორ არ ვცდილობდი წონა დამეგდო – საღამოს საჭმელს არ ვჭამდი, სახლში პურის მიტანა ავკრძალე, ბევრს ვეწეოდი. სხვათა შორის, სიგარეტს მე-8 კლასიდან ვეწევი.
- პირველად “დინამოს” როგორ დაშორდით?
- ფოთში ამხანაგურ შეხვედრას ვატარებდით. მეორე მწვრთნელმა, სერგო კუტივაძემ მოედანზე არ შემიყვანა. როდესაც მიზეზი ვკითხე, მიპასუხა, რომ უმჯობესი იქნებოდა მთავარი მწვრთნელისთვის მეკითხა. ახალკაცი საბჭოთა კავშირის ნაკრებთან ერთად შეკრებაზე იყო წასული და თურმე დაუბარებია, რომ “დინამოში” ახალგაზრდა ფეხბურთელები ეთამაშებინათ. ჩანთა ავიღე და სახლში წავედი. ახალკაცი რომ დაბრუნდა განცხადება დავუდე წინ – ფეხბურთიდან მივდივარ-მეთქი. მას არც უფიქრია, რომ აზრი შეეცვლევინებინა.
- გინდოდათ კარიერის დამთავრება?
- დარწმუნებული ვიყავი, რომ დავამთავრებდი. თუმცა, ედუარდ შევარდნაძის ძმამ “გამომიჭირა” და ლანჩხუთის “გურიაში” წამიყვანა. არადა, “სპარტაკში” უნდა წავსულიყავი – სულელი ვიყავი. “გურია” საბჭოთა კავშირის პირველ ლიგაში მე-19 ადგილზე იმყოფებოდა. ჩემთან ერთად კი, რვა ტურში ექვსი მატჩი მოიგო და ორი ფრედ დაასრულა. მერე კი, სმოლენსკში მსაჯი ვცემე.  
- რატომ?
- მოედნის ცენტრში სასტვენის გარეშე გავითამაშეთ და ყვითელი ბარათი მომცა. მეტოქის საჯარიმოში წამაქციეს და მსაჯმა “სუფთა” პენალტი არ დანიშნა. პირიქით, მითხრა, რომ დამნაშავე მე ვიყავი. გაბრაზებულმა ბურთი მოედანზე დავახეთქე და “წითელი” მომცა. ეს რომ დავინახე თვალებში დამიბნელდა – არბიტრს ძალიან ცუდი რამ გავუკეთე.
- დაარტყით?
- არა ხელი ვკარი. ხელის კვრა ისეთი ვიცოდი, რომ ყველაზე ძლიერი მცველები მიწაზე ეცემოდნენ. მსაჯიც მოცელილივით დაეცა. ჩემთვის სამუდამო დისკვალიფიკაციის მიცემა უნდოდათ. “გურიას” მაშინდელი მწვრთნელი, მურთაზ ხურცილავა მოსკოვში გაემგზავრა და საკავშირო ფედერაციის მაღალჩინოსნებს თხოვა, რომ “სამუდამო” არ მოეცათ. კვლავ გადავრჩი.
 - რატომ კვლავ?
- ჩემთვის სამუდამო დისკვალიფიკაციის მიცემა მანამდეც უნდოდათ. ლენინგრადში “დინამოს” დუბლშემადგნლობაში ვთამაშობდი. გუნდში ჩემთან ერთად თენგიზ სულაქველიძე და უმცროსი მიხეილ მესხი იყვნენ, ხოლო “ზენიტში” – პატარა ბიჭები. პირველი ტაიმი 0:3 წავაგეთ. შესვენებაზე გასახდელში ახალკაცმა ისე გვიყვირა, რომ მეორე ტაიმის საწყის 15 წუთში ანგარიში გავათანაბრეთ, ხოლო შემდეგ მსაჯმა კიდევ სამი ბურთი არ ჩაგვითვალა. მატჩის ბოლო წუთზე, მესხი ერთ მეტოქეს გაცდა, პასი მომცა და გოლი გავიტანე, რომელიც კვლავ არ ჩათვალეს. გვერდითი მსაჯისკენ წავედი და ის კი გაიქცა, თან შორიდან მთავარ არბიტრს დაუძახა, ჩელებაძემ დედა შემაგინაო. ვხედავ წითელი ბარათი მაჩვენეს, ხოლო ტრიბუნებიდან მესმის, ქართველო, შე ისეთო და ასეთოო...
- გაბრაზდით?
- გულშემატკივრებისკენ საჩხუბრად გავიწიე. მათ სექტორში გადავხტი და ყველა გაიქცა. მოკლედ, ისეთი რამ ხდებოდა...
- პოლიციამ წაგიყვანათ?
-არა, ჩვენი ფეხბურთელები დამეწივნენ, ხელები გადამიგრიხეს და გასახდელში შემიყვანეს. 5-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მომცეს.
- ლანჩხუთისა და ბათუმის შემდეგ, კარიერის დასასრულებლად კვლავ “დინამოში” დაბრუნდით...
- ბათუმის “დინამოსთან” ერთად პირველ ლიგაში გადავედი. გუნდმა 70 გოლი გაიტანა, რომელთაგან 21 ჩემს ანგარიშზეა, ხოლო 39 ჩემი პასების შემდეგ გავიდა. ადგილზე ვიდექი – რაც მინდოდა იმას ვაკეთებდი. პირველ ლიგაში 27 გოლი გავიტანე და საუკეთესო ბომბარდირი გავხდი. სეზონი დამთავრდა და კვლავ დავაპირე...
- ფეხბურთიდან წასვლა?
- დიახ. გუნდის ბანკეტზე ყველას ნახვამდის ვუთხარი, მადღეგრძელეს და აჭარის “ხილბოსტნის” დირექტორად დამნიშნეს. სერიოზული თანამდებობა იყო.
- დიდი ხანი იმუშავეთ?
- ორი საათი, ბანკეტის დასრულებამდე. თბილისიდან დამირეკეს – ახალკაცმა “დინამო” ჩაიბარა და შენი მიწვევა უნდაო. მე დავთანხმდი.
- “ვოლგით” დიდი ხანი დადიოდით?
- დიახ. თან, ნომერი მქონდა 00-11. უმცროს მესხს BMW ჰყავდა, ხოლო 1986 წელს, მოსკოველმა მეგობრები დამეხმარნენ ათი წლის “ვოლვოს” შეძენაში. თბილისში ერთადერთი “ვოლვო” იყო. ორი კვირა ვიარე, შემდეგ კი, რესპუბლიკის ცენტრალურ კომიტეტში გამომიძახეს და ლანძღვა დამიწყეს: ეს რა არის? საიდან ასეთი ავტომობილები? გუნდი ცუდად თამაშობდა და ეს პრეტენზიებიც ამით იყო გამოწვეული. “ვოლვოს” საფასური 28000 მანეთი, გადახდილი არ მქონდა და სიტუაციის ასახსნელად მეგობრებს დავურეკე. რეზო, არ ინერვიულო, ყველაფერი კარგად გვესმის. მანქანას უკან წავიყვანთო, მითხრეს მათ.   
- მესხმაც დააბრუნა?
- მიშამ ყველა “ერთ ადგილას” გაუშვა და კვლავ BMW-თი დადიოდა.  
- ის ნარკოტიკებმა დაღუპეს?
- დიახ. უდიდესი ტალანტი იყო. ბოლო დრომდე ნორმალურად გამოიყურებოდა, საფეხბურთო სკოლის დირექტორად მუშაობდა. ვერ ვიტყვი, რომ ნარკომანი იყო.
- დავით ყიფიანი როგორ დაიღუპა?
- თავისი “მერსედესით” ქუთაისიდან თბილისში ბრუნდებოდა. გზაში გულის შეტევა მოუვიდა, მანქანამ მართვა დაკარგა და ხეს დაეჯახა. იმ დღეს, ჯანოს მამასთან, ამირანთან ერთად რესტორანში ვიჯექი. დათოს დაღუპვის ამბავი ერთმა ნაცნობმა შემატყობინა. ჩვენ საავადმყოფოში წავედით. დათოს მივუახლოვდი და თავზე ხელი შევახე, ის ჯერ კიდევ თბილი იყო. როდესაც მკერდზე ხელი დავადე, ის უბრალოდ ჩავარდა. ყველა ძვალი დამტვრეული ჰქონდა.
- თბილისის “დინამოს” რამდენი ფეხბურთელი დაიღუპა ავტოკატასტროფაში? –იამანიძე, დარასელია, ყიფიანი...
- თამაზ სტეფანია დაგავიწყდათ – ფანტასტიკურად ნიჭიერი მეკარე. ერთხელ, გაბელიამ თქვა: თამაზი რომ ცოცხალი ყოფილიყო, “დინამოში” ვერ ვითამაშებდიო. ის საცოლესთან წავიდა სტუმრად და უკან დაბრუნებისას უფსკრულში გადაიჩეხა.  
- დარასელიას გვამს 13 დღე რატომ ეძებდნენ?
- ვიტალი მეგობართან ერთად მიდიოდა. როდესაც ავტომობილი მდინარეში გადავარდა, მის მეგობარს კისრის მალა გადაუტყდა და უცებ გარდაიცვალა. ის სწრაფად იპოვეს. ვიტალიმ გონება დაკარგა და მანქანიდან გადმოვარდა. წყლიდან მალევე რომ ამოეყვანათ, შესაძლოა, გადარჩენილიყო კიდეც. ისე კი, წყალმა დაახრჩო. დინება ისეთი ძლიერი იყო, რომ დარასელია ორი კილომეტრის მოშორებით წაიღო. იგი მეცამეტე დღეს ძაღლმა იპოვა. სხეული ქვიშაში იყო ჩაფლული და მხოლოდ ხელის ორი თითი ჩანდა.
- საჭესთან უსიამოვნებები თქვენ თუ გქონიათ?
- დარასელია 1982 წლის 13 დეკემბერს დაიღუპა, ხოლო 9 იანვარს, ვიტალის დაბადების დღეზე, მისი ახლობლები მოვინახულე. სხვათა შორის, პასპორტში მას დაბადების დღედ 1957 წლის 9 ოქტომბერი ჰქონდა ჩაწერილი და არა იანვარი. თვე ჭაბუკთა ნაკრების ინტერესებიდან გამომდინარე შეუცვალეს. დავსხედით, გავიხსენეთ დარასელია და დილას ბათუმში გავემგზავრე. გზა მოყინული იყო და თხრილში გადავვარდი. მანქანა გადაბრუნდა, მაგრამ გაჩერდა, რადგან მანდარინის ხეს გამოედო. წინააღმდეგ შემთხვევაში შორს “გავფრინდებოდი”. მთავარია, რომ ერთი ნაკაწრიც კი არ მქონდა. მხოლოდ ჯინსები დამეხა. გამიმართლა. ეს ერთადერთი შემთხევვა არაა, როდესაც ღმერთმა გადამარჩინა.  
- სხვა შემთხვევა კიდევ როდის იყო?
- კიევში მივფრინავდი. ისეთ ჭექა-ქუხილში მოვხვდით, რომ თვითმფრინავში მგზავრებმა დიდი წივილ-კივილი ატეხეს. მე “ზალპით” ერთი ჭიქა ვისკი დავლიე და დავწყნარდი. ვიჯექი და ვფიქრობდი, მორჩა, დასასრულია. თუმცა, სიკვდილს ღია თვალებით შევხვდები. როგორც იქნა დავეშვით, პილოტმა გამოაცხადა - ამხანაგებო, “პერანგში” ხართ დაბადებული. ოცდაათი წელია დავფრინავ და მსგავსი რამ არ მახსოვს. როდესაც ტრაპზე ჩამოვდიოდით, დავინახეთ, რომ ასაფრენი ბილიკი სახანძრო, “სასწრაფო დახმარების” და საგანგებო სიტუაციათა სამსახურის მანქანებით იყო სავსე.  
- სხვათა შორის, ღვინო გირჩევნიათ თუ ჭაჭა?
- ახლა ვისკი, რადგან ღვინო ძალიან ბევრი უნდა დალიო. ვისკი კი, ცოტას მიიღებ და უკვე კარგად ხარ. ჭაჭა ჩემთვის არაა, ვინაიდან 40 გრადუსზე “მაგარი” სასმელი არ მიყვარს.  
- საბოლოოდ, თავი ფეხბურთს 1987 წელს დაანებეთ. გავრცელებული ჭორების მიხედვით, იმ სეზონში საერთოდ არ ვარჯიშობდით – მხოლოდ ბურთზე იჯექით და უყურებდით სხვები როგორ მუშაობდნენ...
- რას ამბობთ? ისე ვვარჯიშობდი, როგორც არასდროს. 1986 წელს, თბილისში ვალერი გაზაევი ჩამოვიდა და თავდასხმაში შეწყვილებული ვიყავით. შესაძლოა, ვალერას ეს არ მოეწონოს, მაგრამ ერთ ისტორიას მოგიყვებით. მინსკის “დინამოს” ვეთამაშებოდით და ორივე სათადარიგოებში ვისხედით. ახალკაცმა გასახდელისკენ გაგვაგზავნა მოსამზადებლად. იქ ვალერამ “მარლბორო” ამოიღო და მოწევა დაიწყო. გვერდზე მივუჯექი და ვუთხარი, მომაწევინე. ამ დროს მასაჟისტი შემოვიდა და რომ დაგვინახა ელდა ეცა, ეი, რას შვებით? ახალკაცი დაგინახავთ. წადი შენი... – იყო პასუხი.  
- მოედანზე გახვედით?
- დიახ. 0:1 ვაგებდით და სულაქველიძეს საგოლე პასი მივეცი, ხოლო თამაშის ბოლოს გაზაევმა გაიტანა და 2:1 გავიმარჯვეთ.
- ბოლოს ფეხბურთი როდის ითამაშეთ?
- 1992 წელს, “დინამოს” ვეტერანებთან ერთად საარბრიუკენში ვიმყოფებოდი. “ჰამბურგთან” 2:2 ვითამაშეთ და პენალტების დარტყმა მოგვიწია. მეტოქის მეკარე, რუდი კარგუსი ოსტატურად მოვატყუე და გოლი გავუტანე. ბანკეტზე კახა ასათიანთან ერთად ვიდექი, როდესაც კარგუსი მომიახლოვდა და მკითხა: ეს როგორ გამოგივიდა? შენს თვალებში წავიკითხე საით გადახტებოდი... - ვუპასუხე მე. მან შამპანურის ჭიქა მომიჯახუნა და გადამკოცნა.   
- არ გიცდიათ ბიზნესმენი გამხდარიყავით?
- ვცადე რომელია, მაგრამ არც ერთხელ არ გამიმართლა. მაშინ რომ მენეჯერობა დამეწყო, ახლა ძალიან შეძლებული ვიქნებოდი. მე კი, თურქეთში რაღაც ნივთები დამქონდა ვაგონებით, მანქანებით, გემებით, რუსეთში ჩაის ვაგზავნიდი. ერთხელ 500 ტონა მანდარინი ჩამოვიტანე და დალპა.
- სად?
- ტუაფსეში. იქ შტორმის დროს პორტში გემებს არ აყენებდნენ. შტორმი კი, ორი კვირა გაგრძელდა. გაკოტრების პირას ვიყავი. ნახევარი მილიონი დოლარი დავკარგე. პლუს, ამ საქმეში ამდენივე ფული ჩადეს ნაცნობებმა, რომლებმაც გემი დაიქირავეს. ფეხზე საფეხბურთო ავტორიტეტის წყალობით დავდექი. გარდა ამისა, მეგობრებიც დამეხმარნენ.  
- მეგობრებს თქვენც დახმარებიხართ. ჩერნობილის ავარიის შემდეგ, თქვენთან, ქობულეთში, კიევის “დინამოს” რომელი ფეხბურთელები ცხოვრობდნენ?
- ბალის, ბესონოვის, ჟურავლიოვის და კაპლუნის ოჯახები.
- ამხელა სახლი გაქვთ?
- მაშინ ჩემს სახლს  ვაშენებდი, ამიტომ, ისინი დის და ბიძის სახლებში განვათავსე. იქ თვენახევარი ცხოვრობდნენ. ბალის მეუღლე ბავშვს ელოდა. მე ვუთხარი: თუ ბიჭი გეყოლება, ნათლია ვიქნები. 1986 წლის 5 ოქტომბერს, კიევში თამაში გვქონდა, ხოლო 6-ში -  დანილა მოვნათლე. მანამდე, თბილისის “დინამოს” კიევში თითქმის 13 წელი არ ჰქონდა მოგებული. თამაშამდე ბალს ვუთხარი: ანდიუშა, დაგვეხმარეთ ფრე ვითამაშოთ. მან ხელები გაასავსავა, რას ამბობ, რეზო, მოგვკლავენ!. მაშინ ნუ “დაგვანგრევთ” მაინც. თუ 2:0 დაწინაურდებით, მომავალ ნათლიას მატჩის ბოლოს პენალტიდან გოლის გატანის საშუალება მაინც მიეცით. კიდევ, ოლეგ კუზნეცოვს გადაეცი, რომ ფეხებში არ მირტყას, თორემ ეკლესიამდე ვერ მივაღწევ. ბალმა კუზნეცოვს უხმო - რეზოს ფრთხილად ეთამაშე, დილით შვილი უნდა მომინათლოს. ოლეგმა დამინდო.  
- როგორ ითამაშეთ?
- გოლი პენალტიდანაც გავიტანე და თამაშიდანაც. დილას, ეკლესიაში ბალმა მღვდელს ჩემზე მიუთითა, მამაო, ეს ამან გაგვიტანა გუშინ ორი გოლი. მან შემომხედა და შეიშმუშნა.
- ბალთან სად დამეგობრდით?
- საბჭოთა კავშირის ნაკრებში. ბალი და ბესონოვი ფეხბურთში ჩემთვის ყველაზე ახლობელი ადამიანები არიან. ბესონოვი საბჭოთა კავშირის ნაკრებში გავიცანი, როდესაც ჰოლანდიასთან მატჩისთვის გამომიძახეს. სასტუმროში ერთ ნომერში ვცხოვრობდით. ცოტა ხნით ადრე, ცოლი მოვიყვანე და მისთვის ტყავის ლაბადის ყიდვა მინდოდა. მაღაზიაში მისი მოზომვა ბესონოვს ვთხოვე.     
- ლაბადა ხომ ქალის იყო?
- ჰოდა, ბესონოვმაც შეიცხადა - შენ ჩემი ცოლად მოყვანა ხომ არ გადაწყვიტე? აღმოჩნდა, რომ ლაბადა 300 დოლარი ღირდა, ხოლო საბჭოთა კავშირიდან მხოლოდ 150 დოლარის წამოღება მოვახერხე. გავიფიქრე, რომ ამ ლაბადის ყიდვა არ მიწერია-მეთქი და მაღაზიიდან წამოვედით, ხოლო ფული სხვა ნივთებზე დავხარჯე. საღამოს, როდესაც უკვე სასტუმროში ვიყავით, მოულოდნელად ბესონოვმა მითხრა: კარადა გააღე. გავაღე და ვხდავ, რომ ზუსტად ის ლაბადა კიდია. ეს შენ ცოლს ჩემგან საჩუქრად – მითხრა მან. არადა, მაშინ მხოლოდ 18 წლის იყო.   
- ბესონოვი ლაბადის არჩევაში დაგეხმარა, ხოლო გუცაევი მანუჩარ მაჩაიძეს ქურქის არჩევაში...
- სახალისო ისტორიაა. ავსტრიაში გუცაევმა მაჩაიძე ყველაზე ძვირადღირებულ მაღაზიაში შეიყვანა და რომელიღაც გარეული ცხოველის ბეწვისგან დამზადებულ ქურქზე მიუთითა. თან უთხრა: “გამყიდველთან დაადგინე, სინთეტიკა ხომ არაა. თავადაც მოქაჩე ბეწვი. თუ  ცოტას ამოგლეჯ  ე.ი. სინთეტიკაა. მაჩაიძეც ასეც მოიქცა. გამყიდველი ქალს კინაღამ გული წაუვიდა. მაგრამ როდესაც მანუჩარს მან ქურქის ღირებულება უთხრა, ახლა ის აღმოჩნდა გამყიდველის მდგომარეობაში.
- მართალია, რომ ბიძათქვენი, რომელიც საბჭოთა კავშირის პერიოდში “იატაქვეშა მილიონერი” იყო, ყოველ გოლზე ფულს გჩუქნიდათ?
- “დინამოში” გატანილი გოლის სანაცვლოდ, 100 მანეთს მაძლევდა, ნაკრებში - 500 მანეთს. ბიძაჩემი “ცეხავიკი” იყო. დიდ ფულს შოულობდა, მაგრამ თითქმის ყველაფერს ბანქოში აგებდა. წარმოგიდგენიათ, 200 000 მანეთი წააგო? მანდარინით ვაჭრობით დაწყებული, სახლების მშენებლობით დამთავრებული, ყველაფრით იყო დაკავებული. მაშინ, საქართველოში “ცეხავიკები” საკმაოდ იყვნენ.  
- რომელი გაცუდებული საგოლე მომენტი გიდგათ დღემდე თვალწინ?
-არა მარტო მე, არამედ, მთელ საქართველოს. 1976 წელს, ერევანში 0:1 ვაგებდით და მეორე ტაიმის ბოლოს ანგარიში გავათანაბრე. თამაშის დასრულებამდე ცოტა დრო რჩებოდა, რომ საოცრებები დაიწყო. მოედნის ცენტრიდან მარტო გავიქეცი და “არარატის” მეკარემ, აბრამიანმა ბურთი ამართვა. ორი წუთი გავიდა და ბურთი გვერდით ძელს მოვახვედრე.   
- გული დაგწყდათ?
- ეს ყველაფერი არაა. ბოლო წამებზე “არარატი” გვიტევდა და აბრამიანი მოედნის ცენტრამდე ამოვიდა. ჩვენმა მცველმა ბურთი შორს მოიგერია. აბრამიანს ბურთი მოეჭრა, რომელიც მე დამრჩა და ცარიელი კარისკენ გავიქეცი, მაგრამ კუთხე იყო მახვილი. გავრბოდი და ვფიქრობდი, ახლა მეორე გოლს გავიტან, თბილისში ჩავალ, შემხვდებიან, ჩამეხუტებიან, სუფრას გაშლიან. კარებამდე ექვსი მეტრი იყო დარჩენილი და ბურთი ავაცილე. ამის მერე, საქართველოში არავის გახსენებია, რომ “დინამო” წაგებას გადავარჩინე. ყველა არგატანილ გოლს იხსენებდა. თამაშის მერე, ერევნიდან ავტობუსით ვბრუნდებოდით. მოთამაშეებს მშრალი ულუფა დაგვირიგეს. ადმინისტრატორმა მოღუშულ ახალკაცს კითხა: ნოდარ ფარსადანოვიჩ, “საექიმო” ძეხვის ბატონი დარჩა, სად წავიღო? პასუხად მიიღო - ჩელებაძეს “შეარჭე” უკან.   
- გერმან ზონინმა გვითხრა, გაბელია კარგი მეკარე იყო, მაგრამ სმა უყვარდა. სულაქველიძე ღვინოს “ვედროებით” სვამდა. მოგვიანებით, ეს ქართველებმა უარყვეს.
- ეს ყველაფერი ზღაპრებია. ზონინს დიდ პატივს ვცემ, მაგრამ მისი ასაკიც გასათვალისწინებელია. მეც ხომ ბევრი რამის მოყოლა შემიძლია. საბჭოთა კავშირის ნაკრებში იყვნენ ფეხბურთელები, რომლებიც არაყს გასახდელში სვამდნენ. თუმცა, ამის შესახებ ხომ არ ვყვები.
- ის მაინც აგვიხსენით, ამას როგორ ახერხებდნენ?
- თამაშამდე ბოთლებს საშხაპეში ტოვებდნენ. მატჩის მერე კი, 5-6 კაცი მოიყუდებდა ბოთლს და ადგილზევე სვამდა. ვერ ვხვდებოდი, გასახდელიდან ზოგიერთი მთვრალი რატომ გამოდიოდა, ვიდრე საშა ჩივაძემ არ მაჩვენა, ბიჭები ბოთლებს სად მალავდნენ. შოკში ვიყავი.   
- ნაკრებზე საინტერესო მოგონებები გაქვთ...
- ერთხელ ბესკოვმა ნაკრებში გამომიძახა და ბულგარეთში სასტუმროს ნომერში ახალგაზრდა ფიოდორ ჩერენკოვთან ერთად მომათავსეს. იქ დიდი საწოლი და პატარა ტახტი იდგა. საღამოს მოვდივარ და ჩერენკოვი საწოლზე წევს. ტანსაცმელი გავიხადე და ვეუბნები, ფედია, ერთად დავიძინოთ? რას ამბობ რეზო?! – შეეშინდა ჩერენკოვს. მაშინ, ტახტზე გადახტი – ვთქვი მე. ერთი თვის შემდეგ, შვედეთში ჩავედით და სასტუმროში ცხოვრება კვლავ ჩერენკოვთან ერთად მომიწია. როდესაც ოთახში შევედით, მან გაიღიმა და მითხრა, რევაზ ვლადიმიროვიჩ, ნებისმიერი საწოლი აირჩიეთ.
- თქვენ “მარაკანაზეც” გითამაშიათ, სადაც საბჭოთა კავშირის ნაკრებმა ბრაზილია 2:1 დაამარცხა. იმ ცნობილი შეხვედრიდან რა დაგამახსოვრდათ?
- მეორე ტაიმის შუაწელში ჟუნიორთან შელაპარაკება. ბურთისთვის ბრძოლაში შევეჯახეთ და ბრაზილიელი დაეცა. დავიხარე, ხელი გავუწოდე და ვუთხარი, პარდონ. მან კი, სახეში შემაფურთხა. მსაჯმა, რომელსაც ფეხბურთელები ეფარებოდნენ, ეს ვერ შეამჩნია. დავიღრიალე - მოგკლავ! და ამ დროს მზად ვიყავი, ჟუნიორისთვის მუშტები დამეშინა. ტრიბუნებიდან მაშინვე პეტარდები ისროლეს. ბესკოვმა კი, სიტუაციის გართულების თავიდან ასარიდებლად შემცვალა.
- ფეთქებადი ხასიათი გაქვთ...
- თუ მოედანზე ვინმე შეურაცხყოფას მაყენებდა, ფეხებში მირტყამდა ან დედაჩემს ახსენებდა, არ ვპატიობდი. თამაშის დროს კიდევ თავს ვიკავებდი, მაგრამ მისი დამთავრების მერე, ვინც შეურაცხყოფას მაყენებდა ყველაფერზე პასუხს აგებდა. კიევში თამაშობდა ფეხბურთელი გვარად ბოიკო. ერთ-ერთი მატჩის დროს ჯერ მე მირტყა კოჭებში, ხოლო შემდეგ დარასელიას წინააღმდეგ ითამაშა უხეშად. ვიტალი გაბრაზდა და მისკენ გაიწია, მაგრამ ჩავჩურჩულე - აქ არა. გასახდელისკენ მიმავალ გზაზე ვცემოთ. გვირაბში ბოიკოს დავეწიე: ბიჭს რატომ აწყენინე? და სახეში გავარტყი. მან კი თავისი 48-ნომრიანი ფეხი ამომარტყა. ხინჩაგაშვილი ჩვენს გაშველებას შეეცადა და ბოიკომ მასაც დაარტყა. ხინჩაგაშვილმა უპასუხა და ჩხუბი ატყდა. საბოლოოდ, მე და ბოიკო ვალერი ლობანოვსკის ფეხებთან აღმოვჩნდით. ამასობაში პოლიცია მოვიდა და ერთმანეთს დაგვაცილა.    
- შემდეგ?
- გასახდელში წავედით. მალე, პოლიციის პოლკოვნიკი მოვიდა და განაცხადა -  ახალკაცი, ჩელებაძე, დარასელია, ხინჩაგაშვილი! ჩემთან ერთად წამოხვალთ. შევედით ოთახში, სადაც ლობანოვსკი, ბოიკო, მსაჯი ბასკაკოვი, მატჩის ინსპექტორი იაკუშინი და უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, გენერალი იჯდა. მსაჯებთან პრეტენზია გაქვთ? ჰკითხეს ახალკაცს. არავითარი – უპასუხა მან და ლობანოვსკის მიუტრიალდა: ვალერი ვასილიევიჩ, ფეხბურთში ყველაფერი ხდება. თუმცა, გენერალი აყვირდა, გაჩუმდით. ეს ბანდიტები ციხეში უნდა ჩასვათ. კამერაში პირდაპირ აქედან უნდა წაიყვანონ. უცებ, მას საუბარი ლობანოვსკიმ შეაწყვეტინა - დამშვიდდით და დარბაზი დატოვეთ. თავად გავერკვევით. გენერალი უკმაყოფილო წავიდა. ლობანოვსკიმ კი, გააგრძელა: ჩელებაძე, დარასელია, ბოიკო, ადექით და ერთმანეთს გადაეხვიეთ. ჩვენც ერთმანეთს გადავეხვიეთ და ინციდენტი ამით ამოიწურა.  
- ფეხბურთელებიდან ყველაზე კარგი თამადა ვინაა?
- ჩივაძე. საშას იუმორის გრძნობა აქვს. ერთხელ, ის ერევანში ნიკიტა სიმონიანის 75-წლისთავზე თამადა იყო. სომხებმა კი, თავის სტილში დაიწყეს: თბილისში რა ზღვა გაქვთ? კილომეტრი ერთ მხარეს, კილომეტრი მეორე მხარეს. სასაცილოა. ჩვენი სევანი სიგანეში 30 კილომეტრია, სიგრძეში თითქმის - 80. თუმცა, მაინც ტბაა. ჩივაძემ კითხვა დასვა: იცით, ჩვენი ზღვის უნიკალურობა რაა? და თავად უპასუხა - თბილისის ზღვას გენერალური დირექტორი ჰყავს – უპასუხა ჩივაძემ.   
- ამბობენ, რომ მელიტონ ქანთარია, რომელმაც 1945 წელს, რაიხსტაგზე გამარჯვების დროშა აიტანა, კარგი თამადა იყო...
- მისი საყვარელი სადღეგრძელო იყო - ჰიტლერს გაუმარჯოს. როდესაც ქანთარია სუფრასთან მსხდომთ ამ სადღეგრძელოს დალევას სთავაზობდა, მაშინვე სიჩუმე ჩამოვარდებოდა ხოლმე. ვიღაც ჩურჩულით იკითხავდა: რატომ ჰიტლერს? მელიტონი კი პასუხობდა, ჰიტლერი რომ არ ყოფილიყო. მე ვინ გამიცნობდაო.  
- სრული ბედნიერებისთვის რა გაკლიათ?
- დაახლოებით, 70 კილოგრამის დაკლება.
 

მოამზადა ლაშა თაბაგარმა

Loading...

კომენტარები (36)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
21:04 | 30.01.2011
datikoluka (101)

მოდით რა ქართველმა ჟურნალიეტებმაც მოამზადეთ ესეთი ნორმალური სტატია, რა კველაფერში რუსებმა უნდა გაჯობონ, რა მოხდა ბოლოს და ბოლოს, ამდენი ფეხბურთის ლეგენდები გვკავს და აიგეთ ნორმალური ინტერვიუ

14:18 | 30.01.2011
rajo (386)

კარგი იყო........

12:08 | 29.01.2011
zidani111 (21)

ერთი მითხარით დევდარიანის თანაშემწეები ვინ არინ?

11:56 | 29.01.2011
zidani111 (21)

ჩელე, პროფანი ხარ!

11:56 | 29.01.2011
zidani111 (21)

ჩელე, პროფანი ხარ!

11:17 | 29.01.2011
ხმელო (147)

რეზო მაგარი კაცია... ამის დEდა ვატIრე მე... დამგვანებოდა ეს უმცროსი ახალკაცი მამამისს.... მარა იმას რას ვერჩი ძალით შეტენეს კაცს პრეზიდენტობა...

01:55 | 29.01.2011
FC MZIURI GALI (746)

ვა რა მაგარი ინტერვიუა,ესეთი გილახდილი და ჯიგრული ინტერვიუ არასოდეს წამიკითხავს,რეზომ დაგლიჯა რა,ბრავო

01:06 | 29.01.2011
kitu (458)

ამ საიტზე მეტი დადეთ ზველებთან ინტერვიუები თუ შეიძლება.

00:00 | 29.01.2011
ogafaa (22)

ჩელე მაგარი იყო ვისაც ახსოვს.....

23:37 | 28.01.2011
v100ko (637)

ხალხო დამეხმარეთ, რამდენი ხანია ჩელეს დარტყმული პენალტის ჩანაწერს ვეძებ, შვილებს მინდა ვაჩვენო, ვერსად ვიპოვე, ნეტავ თუ არსებობს სადმე? ლინკი დამიდეთ, რააააა

22:51 | 28.01.2011
doubleza (2599)

მადლობა რეზო მაგარი კაცი რახ. მე პირველად ქობულეთის შუქურაში გნახე მაშინ უცნობი ფეხბურთელი იყავი, მალევე დინამოში რომ აღმოჩნდი გამიხარდა , ჩემი თანაქალაქელი ქუთაისლებიც ბლომად იყო იმ ბრწყინვალე გუნდში. მთელი შენი საფეხბურთო კარიერა მახსოვს, ძალიან მაგარი გუნდის ძალიან საყვარელი ადამიანი ხარ. ლეგენდა ხარ ჩელე -პელე . მაგრი სტატიაა , გაიხარეთ.

22:50 | 28.01.2011
qartveli (516)

ჩელეს დროს დინამოშიც და ნაკრებშიც უდიდესი კონკურენცია იყო , თუმცა მან მაინც ითამაშა ნაკრებში და ერთ-ერთ ტთამაშში დუბლიც გაახერხა!!!

22:45 | 28.01.2011
qartveli (516)

მშვენიერი ინტერვიუა!!! მათ გასაგებად ვიტყვი, ვისაც ჩელე მხოლოდ საფეხბურთო აგენტი ჰგონიათ....ჩელე დიდი ფეხბურთელი იყო!!! იმ დიდი დინამოს სრულუფლებიანი წევრი, რომელი დინამოთიც დღესაც ვამაყობთ!!!

22:38 | 28.01.2011
qsneli (138)

მიდი ჩელე-როგორც პელე! უძლიერესი იყო,ვირტუოზი!

22:29 | 28.01.2011
:d:d:d (611)

ჟანოს აგენტი აგარ არის მემგონი ეს

22:17 | 28.01.2011
kalatburteli (504)

ყველაზე მაგარი ფეხბურთის აგენტიიი )) :*

21:30 | 28.01.2011
სოხუმი (589)

მადლობა ვინც ეს სტატია დაამზადა) მაგრად ვიხალისე))

21:29 | 28.01.2011
rija_bayern (700)

chilo მეშვიდე ჩემპიონატი აქვთ ევროპის ეგიდით

21:05 | 28.01.2011
tores (1560)

ჯაბა კანკავა კრივბაში გადასულა.

21:00 | 28.01.2011
1313 (963)

სიგარეტს საქართველოს ნაკრების 70% ეწეოდა , აი 5-6 წლისწინანდელ ნაკრებზე მაქ ლაპარაკი. ახლანდელებიდან არამგონია ბევრი ეწეოდეს

20:47 | 28.01.2011
playmaker (4709)

კარგად ვიხალისე )

20:45 | 28.01.2011
ika_raul_zidane (228)

1) უნდა იყოს მონდომებული 2) უნდა უყვარდეს ფეხბურთი 3) უნდა ივარჯიშოს ძალიან ბევრი ძალიან ძალიან თან 15 წუთით კი არა 4) მეტი საჭირო არც არაგერია )

20:42 | 28.01.2011
ika_raul_zidane (228)

რა არის ტო ეს სიგარეტეს ეწეოდა გაზაევიც ეწეოდა თურმე ))) დაჯე გასახდელში სვამდნენ ))

20:41 | 28.01.2011
1313 (963)

კი ჩელე კაი იგროკი იყო, განსაკუთრებით პენალტებს ასრულებდა მაგრად . ისე კოლორიტული ფეხბურთელი ყოფილა

20:39 | 28.01.2011
ika_raul_zidane (228)

ჩელებაძეს ფეხბურთელობაზე ბევრს ვერაფერს ვერ ვიტყი და მიანტერესებს ეს მარტლა ესეთი მაგარი იყო როგორც თვითონ ლაპარაკობს თუ არა??

20:35 | 28.01.2011
fantastika (2333)

რუსეთის ჩემპიონატს რაც შეეხება ვიტყვი რომ კარგი და ძლიერი ჩემპიონატია, მაგრამ ქართველებისთვის არ არიიიიიიიიიიიიიიიის!!!

20:30 | 28.01.2011
tores (1560)

იმიტო რო დზნელი ჩემპიონატია მაგარი იმენა პიზიკურად ვერ უდზლებენ ჩვენები მანდ დზაან დზნელია და კალადზე მართლა დზლიერი იკო პიზიკურად.

20:23 | 28.01.2011
chilo (723)

ეგრე ნებისმიერ ქვეყანაში შეიძლება გაუშვა მაგრამ იმ გუნდში ვერ გაამრთლოს ფეხბურთელმა სხვა გუნდში კიდევ შეიძლება მაგრად ითამაშოს

20:21 | 28.01.2011
us-nevada (1324)

კარგი სტატიააა. ჩელებაძე მართლაც რომ ყოველთვის დარჩება ქართული ფეხბურთის ისტორიაში. ''ადმინისტრატორმა მოღუშულ ახალკაცს კითხა: ნოდარ ფარსადანოვიჩ, “საექიმო” ძეხვის ბატონი დარჩა, სად წავიღო? პასუხად მიიღო - ჩელებაძეს “შეარჭე” უკან.'' კაი იყოო )

20:21 | 28.01.2011
us-nevada (1324)

კარგი სტატიააა. ჩელებაძე მართლაც რომ ყოველთვის დარჩება ქართული ფეხბურთის ისტორიაში. ''ადმინისტრატორმა მოღუშულ ახალკაცს კითხა: ნოდარ ფარსადანოვიჩ, “საექიმო” ძეხვის ბატონი დარჩა, სად წავიღო? პასუხად მიიღო - ჩელებაძეს “შეარჭე” უკან.'' კაი იყოო )

20:21 | 28.01.2011
chilo (723)

ეგ ბაზარი არაა,მაგრამ შენ რა გინდა იმათმა მილიონები იმიტო გადაიხადეს რო ამ ფეხბურთელებს იმედები ვერ გაემართლებინათ? ფეხბურთელების ბრალია და შეიძლება ცოტა უიღბლობისაც თორე ტყვილად ფულს არავინ არავისში არ გადაიხდის

20:11 | 28.01.2011
zura68 (616)

ჩელებაძე, კაი კაცი!!!!

19:49 | 28.01.2011
chilo (723)

land მერე ცუდია ეგ ? 10 ეულში ნამდვილად შედის რუსეთის ჩემპიონატი

19:49 | 28.01.2011
riva (2859)

მაგარი სტატიაა ძალიან ისეკი ჩელე თუ ინიესტას გამზრდელი ჯანოზე გეკიტხება და აინტერესებს სპარტაკთან რაღას აგრძელებინებთ კონტრაქტს

19:29 | 28.01.2011
джони (693)

ეს სტატია რუსულ გაზეთში წავიკთხე და ძალიან მომეწონა რუსების კომენტარები ქართულ ფეხბურთზე . ჩელებაძე ქართული ფეხბურთის ისტორია ( ჩელე მართლა მაგარი იყო და არის), ნამდვილი ქართველი !!!

19:26 | 28.01.2011
levani (142)

მოამზადა ლაშა თაბაგარმა კი მაგრამ არ შეგეზარა ამის თარგმნა ლაშა?_)))

სარეკლამო ადგილი - 20
250 x 188
სარეკლამო ადგილი - 22
250 x 250
0.137124