ჭადრაკი

19:59 | 17.05.2011 | ნანახია [] - ჯერ

ქეთინო კახიანი-გერსინსკა: “ჩემთვის მთავარი ოჯახია”

ჭადრაკის სტაჟიან გულშემატკივრებს უთუოდ ემახსოვრებათ ნიჭიერი ქართველი მოჭადრაკე ქეთევან კახიანი-გერსინსკა, რომელიც 19 წლის წინ გერმანიაში გათხოვდა. იგი ამჟამად ამ ქვეყნის საუკეთესო მოჭადრაკეა ქალთა შორის და ეროვნული ნაკრების ლიდერიცაა.
საერთაშორისო დიდოსტატი, ვაჟთა შორის სერთაშორისო ოსტატი კახიანი-გერშინსკა იმედისმომცემ, პერსპექტიულ მოჭადრაკედ ითვლებოდა, რომელზედაც ქართველი გულშემატკივრები დიდ იმედებს ამყარებდნენ. ამჟამად, ქეთინო თბილისში იმყოფება და ქალ მოჭადრაკეთა ევროპის მე-12 ინდივიდუალურ ჩემპიონატში მონაწილეობს, რომელსაც სასტუმრო “შერატონ მეტეხი პალასი” მასპინძლობს. “მსოფლიო სპორტმა” ისარგებლა ამ შემთხვევით და შორეულ გერმანიაში მცხოვრებ ქართველ მოჭადრაკეს ესაუბრა.
- დავიბადე 1971 წლის თერთმეტ სექტემბერს, დიდი ლილოს დასახლებაში. ამჟამად, ვცხოვრობ გერმანიის ქალაქ კარლსრუეში. მყავს მეუღლე, იურგენ გერსინსკი და ორი შვილი, 16 წლის დავით-ვახტანგი და 8 წლის მიხაელ გერსინსკები. ვარ მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი 20-წლამდე გოგონათა შორის. ქალ მოჭადრაკეთა მსოფლიო ჩემპიონატის პრეტენდენტთა ტურნირის მონაწილე. დამთავრებული მაქვს თსუ-ს ჟურნალისტიკის ფაკულტეტი.
- ამჟამად რას საქმიანობთ?
- ამჟამად, ვთამაშობ გერმანიის მოჭადრაკეთა უმაღლესი ლიგის ერთ-ერთ საუკეთესო ქალაქ ბადენ-ბადენის ამავე სახელწოდების გუნდში, რომელშიც 8 მამაკაცი და 6 ქალი ირიცხება. ამავე გუნდში თამაშობს ქართველი საერთაშორისო დიდოსტატი, ამჟამად შოტლანდიის მოქალაქე ქეთევან არახამია-გრანტი. პარალელურად, ვწერ საჭადრაკო თემაზე გერმანიის ჟურნალებსა და გაზეთებში.
- ჭადრაკი გერმანიაში პოპულარულია?
- სამწუხაროდ, არა. გერმანელები უდიდეს ყურადღებას ფეხბურთს უთმობენ. შემდეგ მოდის: ხელბურთი, კალათბურთი, ჩოგბურთი...
- თქვენთვის რომელია მთავარი, ჭარდაკი თუ ჟურნალისტიკა?
- ჩემთვის მთავარი ოჯახია და აღნიშნულიდან გამომდინარე, ყველაზე დიდ დროს ოჯახს ვუთმობ.
- ძალიან მესიამოვნა, როცა გავიგე, ერთ-ერთი შვილისთვის ქართული სახელი დაგირქმევიათ. იმედია მარტო სახელით არ შემოიფარგლებოდით...
- ერთ შვილს (დავით-ვახტანგი) სახელი - მე, ხოლო მეორეს (მიხაელი) მეუღლემ შეურჩია. უხერხული იქნებოდა ორივესთვის ქართული სახელის დარქმევა. არ მინდოდა, ჩემს მეუღლეს, რომელიც ძალიან კარგი პიროვნებაა, თავი უხერხულად ეგრძნო. რაც შეეხება თქვენს კითხვას, მინდა გითხრათ, რომ მარტო სახელი არაფერს ნიშნავს. უმთავრესი სულიერი საზრდოა. პირდაპირ ვიტყვი, რომ ჩემს შვილებს გერმანელ ქართველებად ვზრდი.
- ალბათ, იმას გულისხმობთ, რომ თქვენს შვილებს არც ქართულად საუბარი უნდა გაუჭირდეთ...
- რა თქმა უნდა, გერმანულთან ერთად ქართულიც იციან. ოჯახში, როცა იურგენი სახლში არ არის, სულ ქართულად ვსაუბრობთ.
- თქვენმა მეუღლემ ქართული არ იცის?
- ესმის, მაგრამ საუბარი უჭირს. ასე რომ, ოთხივეს ერთად ქართულად საუბარი არ გამოგვდის.
- თქვენი მეუღლე რას საქმიანობს, ისიც მოჭადრაკეა?
- იურგენისთვის ჭადრაკი მხოლოდ ჰობია. იგი გერმანიის ერთ-ერთ სადაზღვევო კომპანიაში მუშაობს.
- როგორ გაიცანით თქვენი მომავალი მეუღლე?
- იურგენი ერთ-ერთი ტურნირის დროს გავიცანი. ისე მოხდა, რომ მოკლე დროში სამჯერ მომიწია გერმანიაში გამგზავრება. იურგენი სულ უკან დამყვებოდა. ზუსტად ისე იქცეოდა, როგორც შეყვარებული მამაკაცი უნდა იქცეოდეს. თქვენი არ ვიცი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მანდილოსნები გამიგებენ, თუ რატომ გავთხოვდი შორეულ გერმანიაში.
- მოგიტაცათ?
- წარმოშობით სვანეთიდან, მესტიისან ვარ და გერმანელი მოტაცებას როგორ გამიბედავდა. ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით. როგორც უკვე გითხარით, იურგენი ისე იქცეოდა, რომ მოტაცებამდე საქმე არ მისულა. არც გავპარულვარ, მამაჩემისაგან თანხმობა მივიღე და ისე გავთხოვდი.
- თქვენ - მართლმადიდებელი, მეუღლე - კათოლიკე... სხვადასხვა სარწმუნოების გამო პრობლემები არ გექმნებათ?
- მეუღლე მართლმადიდებლად მოინათლა. ქორწილი თბილისში, მართლმადიდებლური წესით გადავიხადეთ.
- თქვენი შვილებიც დედის კვალს გაყვებიან?
- მიხაელი - 8-ის, ხოლო დავით-ვახტანგი 16 წლისაა. მიხაელის შორეულ პერსპექტივებზე ფიქრი ჯერ ადრეა, რაც შეეხება დავით-ვახტანგს, იგი სპორტის (ჭადრაკი, ჩოგბურთი, ფეხბურთი...) გარდა, გერმანულისა და ქართულის შემდეგ, სხვა ენებსაც (ინგლისური, ფრანგული, ესპანური...) ეუფლება. მე კი მინდა, რომ ინჟინერი გამოვიდეს მანქანათმშენებლობის დარგში. ეს პროფესია გერმანიაში ძალიან ფასობს. ამ შემთხვევაში ნორმალური ცხოვრება გარანტირებული ექნება. სპორტი კი, ისეთი სფეროა, რომ თუ არ გაუმართლა, შემდეგ შეიძლება პრობლემები შეექმნას.

- კარლსრუეს ამავე სახელწოდების საფეხბურთო კლუბისა და საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრ ალექსანდრე იაშვილს თუ იცნობთ?

- ვიცნობ, მხოლოდ მისალმებით. ოჯახებით ერთმანეთთან ახლო ურთიერთობა არ გვაქვს. ვიცნობ საქართველოს ყოფილ მოქალაქეს, ამჟამად გერმანიის სახელით მოასპარეზე, ბატუტზე ხტომაში ოლიმპიურ ჩემპიონ ანა დოღონაძესაც, რომელიც კარლსრუესთან ახლოს, პატარა ქალაქში ცხოვრობს.

- კარლსრუეში ქართველები ბევრნი ხართ?

- ქალაქში ქართველებს ჩვენი, მართლმადიდებლების სალოცავი გვაქვს. ჯერჯერობით, ეკლესიის აშენება ვერ შევძელით, ამიტომ რიტუალების ჩასატარებლად სტრასბურგიდან (საფრანგეთი) მამა გიორგი ჩამოდის ხოლმე. კარლსრუეში რამდენი ცხოვრობს არ ვიცი, საეკლესიო რიტუალებზე კი 100-მდე ქართველი ვიკრიბებით ხოლმე.
- ქარველების უმრავლესობა უცხოეთში ვერ ძლებს და ნოსტალგიით იტანჯება. თქვენ თუ გაქვთ სამშობლოს ნოსტალგია?
- ძალიან, ძალიან დიდი ნოსტალგია მაქვს. გამიხარდა, როცა გავიგე, რომ ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება თბილისმა მიიღო. რა თქმა უნდა, ეს შანსი გამოვიყენე, საქართველოში ჩამოვედი და დიდი ხნის უნახავი მეგობრები მოვინახულე. ერთიც მინდა ავღნიშნო - ჩემს ჩამოსვლას დაემთხვა კახიანების გვარისა და საგვარეულო ხატის კურთხევა. უამრავი მოგვარე გავიცანი, სუფრას ცნობილი მსახიობი იმედა კახიანი თამადობდა.
- გათხოვების შემდეგ საქართველოს ნაკრებში თამაშის უფლება აღარ გქონდათ?
- 1993 წელს, მსოფლიო ჩემპიონატის პრეტენდენტთა ტურნირში მონაწილეობის უფლებასთან ერთად, ეროვნული ნაკრების წევრობაც მოვიპოვე, მაგრამ საქართველოდან დამირეკეს და მითხრეს, ეროვნული გუნდში მოსახვედრად დამატებითი მატჩები უნდა ითამაშოო. ნაწყენი დავრჩი, ამიტომ არ ჩამოვედი და ასე დასრულდა ჩემი კარიერა საქართველოს ნაკრებში.
- ეროვნული ნაკრების წევრობისთვის ვის უნდა შეხვედროდით?
- რა მნიშვნელობა აქვს?..
- ისევ ნაწყენი ხართ?
- დრო ყველაფრის მკურნალია. მას შემდეგ 18 წელი გავიდა და წყენაც თან გაიყოლა.
 

როლანდ ლაბუჩიძე

0.121139