საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები სლოვენიის დაბა პოტრჩეტრტეკში შეიკრიბა და მთავარი მწვრთნელის, იგორ კოკოშკოვის ხელმძღვანელობით მზადება დაიწყო. ეროვნული გუნდი სლოვენიაში ცნობილ სპორტულ კომპლექს ”ტერმე ოლიმიაში” მოეწყო და წვრთნას იდეალურ პირობებში გადის.
”ბოლო 4 წელია, ”ტერმე ოლიმია” სლოვენიაში საწვრთნელ ბაზებს შორის ლიდერობს. აქ იდეალური პირობებია შექმნილი საიმისოდ, რომ გუნდი მოემზადოს. ყველაფერი ერთადაა თავმოყრილი და შესაძლებელია, სპორტსმენები ყოველმხრივ განვითარდნენ” – გვითხრა ნაკრების გენერალურმა მენეჯერმა პაატა ლობჟანიძემ, პოდჩეტრტეკში რომ შევეხმიანეთ.
ნაკრები ორჯერად ვარჯიშებზეა გადასული. იგორ კოკოშკოვის ხელმძღვანელობით, ძირითადად კომბინაციების შესწავლა-დამუშავება მიმდინარეობს, თუმცა მწვრთნელები ნაკრების კანდიდატთა ფიზიკური კონდიციების ამაღლებაზეც ზრუნავენ. ეროვნული გუნდი დილას და საღამოს ვარჯიშობს, შუადღეს კი მის წევრებს ”ტერმე ოლიმპიას” კეთილმოწყობილ ბაზაზე განტვირთვისა და დასვენების საშუალება აქვთ.
საქართველოს ნაკრები პოდჩეტრტეკში 6 აგვისტომდე დარჩება, რის შემდეგაც იტალიაში გადავა და ქალაქ ტრენტოში საერთაშორისო ოთხთა ტურნირზე ითამაშებს მასპინძელი იტალიის, ისრაელის და პოლონეთის ეროვნულ გუნდებთან ერთად. ტრენტოს ტურნირის შემდეგ, ქართველები პოდჩეტრტეკში დაბრუნდებიან და შეკრებას განაგრძობენ.
www.gbf.ge