საქართველოს ეროვნულმა პარალიმპურმა კომიტეტმა ქართველი პარასპორტსმენების მიერ 2013 და 2014 წლებში მიღწეული შედეგები შეაფასა. დღეს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს პარალიმპური კომიტეტის პრეზიდენტი ლელა აფციაური, გენერალური მდივანი რევაზ რევაზიშვილი და პარალიმპელ სპორტსმენთა პირადი მწვრთნელები შეხვდნენ.
“2013/14 წლებში ნაჩვენებ შედეგებს დადებითად შევაფასებ. მონაწილეობა მივიღეთ 5 საერთაშორისო ტურნირზე და ჩავატარეთ ეროვნული ჩემპიონატი სროლაში. სხვა და სხვა სახეობებში ჩამოყალიბდა ნაკრების შემადგენლობები, გამოიკვეთნენ ლიდერები. განსაკუთრებით გამოვარჩევ ძალოსან იაგო გორგოძეს, რომელიც დუბაიში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე B ჯგუფიდან A-ში გადავიდა. ასევე მოფარიკავე ირმა ხეცურიანი, რომელიც სულ რაღაც რვა თვეა, რაც ამ სახეობაში ვარჯიშობს, მაგრამ უკვე მოასწრო შედეგის მიღწევა – კანადის გრან პრიზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, ხოლო იტალიის მსოფლიოს თასზე მე-6 შედეგი აჩვენა და პირადი რეიტინგი საგრძნობლად გაიუმჯობესა. მთავარი ამოცანა რიო დე ჟანეიროს 2016 წლის პაპალიმპიადის ლიცენზიების მოპოვებაა. ამის შანსი რა თქმა უნდა, გვაქვს და შევეცდებით, მაქსიმალურად გამოვიყენოთ” – უთხრა “მსოფლიო სპორტს” ლელა აფციაურმა.
პარალიმპური კომიტეტის ხელმძღვანელმა სპორტული შედეგების პარალელურად, ყურადღება პარასპორტსმენთათვის აქამდე ორგანიზებულ თუ სამომავლოდ დაგეგმილ აქტივობებზე და მწვრთნელთა სემინარებზეც გაამახვილა.
სპორტის სამინისტროს ფოტო