“ჩელსის” მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ ჟურნალისტთან “არსენალის” დამრიგებელ არსენ ვენგერთან ურთიერთობის შესახებ ისაუბრა. სპეციალისტებს შორის წლების წინ, მაშინ, როდესაც მოურინიო ასევე “ჩელსის” ედგა სათავეში (2004-2007), კონფლიქტებს ბოლო არ უჩანდა. ლამის თვე არ გავიდოდა, რომ რომელიმეს კრიტიკული განცხადება არ გაეკეთებინა. ამჟამად როგორც ჩანს, ყველაფერი რიგზეა.
“არსენ ვენგერი ძალიან კარგი ადამიანია – ციტირებს ჟოზე მოურინიოს სიტყვებს Daily Mail – ინგლისიდან ჩემი წასვლის შემდეგ, არაერთ ტურნირზე შევხვდით ერთმანეთს. რამდენიმეჯერ ერთადაც ვისადილეთ. მას უდიდეს პატივს ვცემ და ვგრძნობ, რომ ისიც ანალოგიური პატივისცემითაა განწყობილი ჩემს მიმართ. ბოლო შეხვედრისას რომ ვისაუბრეთ, ვუთხარი, რომ მეც მინდოდა ინგლისში დიდი ხნით მუშაობა და ვთხოვე ესწავლებინა, საამისოდ რა უნდა გავაკეთო”.