ჩოგბურთი

12:50 | 2.04.2010 | ნანახია [] - ჯერ

კლეისტერსმა ენენს მოუგო და ფინალში ვინუსს დაუპირისპირდება


ბელგიელმა კიმ კლეისტერსმა მაიამის ტურნირის უმძიმეს ნახევარფინალში თანამემამულე ჟუსტინ ენენს 6:2 6:7 (3:7) 7:6 (8:6) სძლია და ფინალში ამერიკელ ვინუს უილიამსზე გავიდა.
კლეისტერსს შანსი ჰქონდა, შეხვედრა ორ სეტშივე მოემთავრებინა, მაგრამ მეორე სეტში 4:0 ჩამორჩენილი ენენი უეცრად საუცხოოდ ათამაშდა და ჯერ სეტში ანგარიში გაათანაბრა, შემდეგ კი ტაიბრეკზეც იმარჯვა. გადამწყვეტი ხელი კიდევ უფრო დაძაბული გამოდგა – ჯერ ენენი დაწინაურდა 2:0, შემდეგ კლეისტერსი 4:2, მერე ჟუსტინმა წონასწორობა აღადგინა 4:4, შემდეგ მათ ერთმანეთს კიდევ თითო-თითი გეიმი წაართვეს და ბოლოს საქმე ისევ ტაიბრეიკამდე მივიდა. იქ კლეისტერსი ჯერ 0:2 ჩამორჩა, მერე 6:3 გავიდა წინ, შემდეგ ჟუსტინმა სამივე მატჩპოინტი მოიგერია და საბოლოოდ ყველაფერი კიმის ორმა ზუსტმა დარტყმამ გადაწყვიტა...
ეს ამ ბრწყინვალე მეჩოგნეთა 24-ე დაპირისპირება გახლდათ და კიმმა, რომელიც 8 ივნისს 27 წლის გახდება, 1 ივნისს გასა-28-წლისებელ ჟუსტინთან საკარიერო დავაში ანგარიში გაათანაბრა – 12:12. შეგახსენებთ, რომ მათ წლეულს, იანვარში, ბრისბენის ტურნირის ფინალშიც იპაექრეს და კლეისტერსმა იქაც სამსეტიან ბრძოლაში მოიგო.
ახლა ის წლის მე-2, ხოლო კარიერის 37-ე ტიტულის მოხვეჭას ტურნირის სამგზის – 1998-99 და 2001 წლების – ჩემპიონ ვინუს უილიამსთან ეცდება. 30 წლის ამერიკელმა, ვინაც იქ წლის მესამე, ხოლო კარიერის 44-ე ტიტულზე ნადირობს, მეორე ნახევარფინალში ფრანგი მარიონ ბარტოლი დაჯაბნა 6:3 6:4 და ზედიზედ მე-15 გამარჯვება მიითვალა. უფროსმა უილიამსდამ მაიამიმდე თებერვალში დუბაისა და აკაპულკოს ტურნირები მოიგო.
ვინუსი და კიმი ერთმანეთს 11-ჯერ შეხლიან და პირველი 6:5 უპირატესობს. მათი გზები ბოლოჯერ აშშ-ის შარშანდელი ღია პირველობის მერვედფინალში გადაიკვეთა და ხანგრძლივი პაუზის შემდეგ დიდ კორტს ერთი თვით ადრე დაბრუნებულმა ბელგიელმა მაშინ სენსაციური გამარჯვება მიითვალა, მერე კი ნახევარფინალში ვინუსის უმცროს დაიკოს, სერენასაც, სძლია და ტიტულიც მოიხვეჭა.
რაც შეეხება კაცთა ტურნირს, იქ ჩეხმა ტომაშ ბერდიხმა, რომელმაც წინა წრიდან ამქრის პირველოსანი როჯერ ფედერერი გააგდო, მორიგ თითქმის-სამსაათიან შეხვედრაში ესპანელი ფერნანდო ვერდასკო დაჯაბნა 4:6 7:6 (7:5) 6:4 და ახლა ნახევარფინალში შვედ რობინ სოდერლინგთან ითამაშებს. ამ უკანასკნელმა რუს მიხაილ იუჟნის დამაჯერებლად აჯობა  6:1 6:4.

 
 
სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.169476