საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრები, პოლონეთში მიმდინარე ევროპის ელიტურ ჩემპიონატში ხვალ, 15 აპრილს მეორე შეხვედრას გამართავს და ნაცნობი მეტოქის ზედიზედ მესამედ დამარცხებას ეცდება.
მას შემდეგ, რაც ევროპული რაგბის მმართველებმა ამ ასაკობრივ დონეზე სრულფასოვანი ევროპის ჩემპიონატის ჩატარება გადაწყვიტეს, “უმცროსმა ბორჯღალოსნებმა” მეოთხედფინალურ ეტაპზე გამარჯვების მოპოვება ვერაფრით მოახერხეს, მაგრამ მე-5-ე ადგილის ნახევარფინალში იტალია ორივეჯერ დაამარცხეს და საბოლოოდ, ორივე შემთხვევაში მეექვსე ადგილს დასჯერდნენ. წელს მიზანი ამ შედეგის გამეორებაა და ამისათვის ბიჭებს იტალიელთა ზედიზედ მესამედ ძლევა მართებთ.
გადავხედოთ წარსულს: 2011 წელს, როდესაც FIRA-მ “ექვსი ერის” ორი უარესი გუნდი (შოტლანდია და იტალია) “დააქვეითა”, იტალიელებმა ქართველებს პრობლემის გარეშე 36:16 აჯობეს, მაგრამ მას შემდეგ ფორმატი შეიცვალა და ახლა უკვე ქვედა დონის ორი მოწინავე დაემატა ელიტურ გუნდებს. 2012 წელს საქართველოს ნაკრებმა იტალიას 20:18 მოუგო. ამ მატჩში მეტოქე მეორე ტაიმში 18:10 დაწინაურდა და რეფერიმაც სამი ქართველი ყვითელი ბარათით რომ გააძევა, მოედანზე 12 წუთით სამი კაცით ნაკლები დავრჩით.
მაგრამ “ბორჯღალოსნებმა” გაძლეს და 13-მა 15-ის წინააღმდეგ ჯარიმით სხვაობა შეამცირეს, ბოლოს კი, ლელოც გაიტანეს და გარდასახვით გამარჯვება მოიპოვეს. შარშან, კვლავ მე-5-ე ადგილის ნახევარფინალში, ქართველებმა იტალიასთან ჯარიმები კარში არ ურტყეს (!), ლელოებზე ითამაშეს და წინასთან შედარებით მშვიდად, 17:12 იმარჯვეს. აი ეს ტრადიცია უნდა გაგრძელდეს ახლაც, რათა FIRA-მ თავის გადაწყვეტილებაზე ხელი არ აიღოს (წელს ელიტურ ევროპის ჩემპიონატში შესარჩევი ეტაპის გარეშე, მეშვიდე გუნდად დაგვიშვეს) და წინა ორი წლის შედეგის გაუმჯობესების, ანუ მე-5-ე ადგილის დაკავების შანსიც გაჩნდეს.
მიმდინარე ჩემპიონატის მეოთხედფინალში საქართველომ ირლანდიას ტაიმი 10:5 მოუგო, მაგრამ მეორე ნახევარში მეტოქემ იმძლავრა და 20:10 იმარჯვა. ამ დღეს იტალიელები ფრანგებეს დაუპირისპირდნენ და 7:29 დამარცხდნენ. ნახევარფინალში გამარჯვების შემთხვევაში ქართველთა მეტოქე შოტლანდია-პორტუგალიას შორის გამარჯვებული იქნება, მარცხის შემთხვევაში კი, მე-7-ე ადგილისთვის ამავე წყვილის დამარცხებულს შეხვდება.
მომავალი თამაშისთვის მწვრთნელებმა გუნდში რამდენიმე ცვლილება განახორციელეს. უკანა ხაზში გარემარბად გიორგი მელაძის ნაცვლად თამაშს თორნიკე მანაგაძე დაიწყებს. სრულად შეიცვალა შერკინების მეორე ხაზი და აქ ბესიკ გოგოლაძისა და მიხეილ ბაბუნაშვილის ნაცვლად, გიორგი ჯავახია და ოთარ გიორგაძე ითამაშებენ. ერთი ცვლილებაა მესამე ხაზში - ლაშა საჯაიას ნაცვლად სასტარტო შემადგენლობაში მიხეილ გორგასლიძე გამოჩნდა.
თამაში თბილისის დროით 18 საათზე დაიწყება და მისი ხილვა სთრიმის მეშვეობით ტურნირის ოფიციალურ ვებგვერდზე იქნება შესაძლებელი ( Eurorugby2014.pl).
2014 წლის ევროპის ჩემპიონატი 18-წლამდე მორაგბეებს შორის
პოლონეთი. პოზნანი. 11-19 აპრილი
15 აპრილი. ნახევარფინალები მე-5-ე ადგილისთვის
პორტუგალია - შოტლანდია (14:00 საათი)
იტალია – საქართველო (18:00 საათი. თბ. დრ.)
საქართველო: 15. ირაკლი სვანიძე (კაპ.), 14. დავით ლობჟანიძე, 13. სანდრო ილურიძე, 12. გიორგი კოშაძე, 11. თორნიკე მანაგაძე, 10. კოტე ახობაძე, 9. ვასილ ლობჟანიძე; 1. ნიკა ნეფარიძე, 2. ვანო მარგალიტაძე, 3. ლაშა ტაბიძე, 4. გიორგი ჯავახია, 5. ოთარ გიორგაძე, 6. მიხეილ გორგასლიძე, 7. თორნიკე ზოიძე, 8. ბექა გორგაძე.
არ უთამაშიათ: 16. ლუკა გოგინავა, 17. შაქრო ლომსიანიძე, 18. მიხეილ ბაბუნაშვილი, 19. გიორგი ხუროშვილი, 20. ლაშა მამუჩარაშვილი, 21. თორნიკე ხურცილავა, 22. ბექა ნონიაშვილი, 23. გიორგი მელაძე, 24. ბესიკ გოგოლაძე, 25. ლაშა საჯაია, 26. კახა ელბაქიძე.
თასის ნახევარფინალები.
ინგლისი - უელსი (16:00 საათი)
საფრანგეთი - ირლანდია (18:00 საათი)