საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა, პოლონეთში მიმდინარე ევროპის ელიტური ჩემპიონატის მეოთხედფინალურ მატჩში, ირლანდიელ თანატოლთა გუნდს პირველი ტაიმი 10:5 მოუგო, მაგრამ მეორე ნახევარში ქართველმა მორაგბეებმა უამრავი შეცდომა დაუშვეს და 10:20 დამარცხდნენ.
ანგარიში ირლანდიელებმა მრავალფაზიანი შეტევის შემდეგ, ლელოთი გახსნეს, მაგრამ გარდასახვა არაზუსტი იყო. ქართველი ახალგაზრდები გააქტიურდნენ, ახლა თავად შეუტიეს და მე-18 წუთზე, მიხეილ ბაბუნაშვილმა ლელოთი წონასწორობა აღადგინა, დავით ლობჟანიძემ კი, გარდასახვა ზუსტად შეასრულა. 7 წუთში, მან ჯარიმით უპირატესობა გაზარდა და “უმცროსი ბორჯღალოსნები” ამის შემდეგაც აქტიურობდნენ, მაგრამ დამაგვირგვინებელ ფაზაში სცოდავდნენ, დამატებულ დროზე კი, არეკნით ცადეს ბედი, მაგრამ დარტყმა არაზუსტი იყო.
სამწუხაროდ, მეორე ტაიმში შეცდომების რაოდენობამ იმატა და უპირატესობის შენარჩუნება ვეღარ მოხერხდა. სულ ორ-სამჯერ შეძლეს ქართველებმა მეტოქის 22-თან მიახლოვება, მაგრამ ორჯერ დერეფანში ბურთი არაზუსტად ააგდეს, ერთხელ კი, შეტევაში დაჯარიმდნენ. გარდა ამისა, შეცდომები იქნა დაშვებული დაცვაში თამაშისა და გადაწყვეტილებების მიღებისას. ირლანდიელებმა გასატანი პოზიციიდან ჯარიმით სცადეს ჩამორჩენის შემცირება და დამრტყმელს მიზანმა უმტყუნა, მაგრამ ზედიზედ დაშვებულ შეცდომებს, ჩვენი ჩათვლის მოედნიდან 10 მეტრში მეტოქის დერეფანი მოჰყვა.
მეტოქემ საჩუქარი შეირგო, ბურთი კიდემდე ჩაათამაშა და მეორე ტაიმის მე-9 წუთზე ლელოთი წონასწორობა აღადგინა. გარდასახვა არაზუსტი იყო, მაგრამ ირლანდიელებმა უპირატესობა რომ იგრძვნეს და დარტყმებიც არ მისდიოდათ, ბურთი დასარტყმელი პოზიციიდან აუტში გაიტანეს, იქიდან კარგი მოლი დააყენეს და მოლით გატანილი ლელოთი დაწინაურდნენ. გაფუჭებულ გარდასახვას არაზუსტი ჯარიმა მოჰყვა და სასწაულის იმედად გამარჯვების შანსი რჩენოდა, მაგრამ დერეფანში არაზუსტად აგდებულმა ბურთმა, წვალებით მოგებული მეტრები დაგვაკარგინა. შედეგად, ტაიმის ბოლოს, ფულბეკმა ხაზი გაჭრა, უპირატესობა შექმნა და ირლანდიამ მეოთხე ლელო გაიტანა, თამაში კი, 20:10 დასრულდა.
ამრიგად, წინა წლების მსგავსად, საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები კვლავ მე-5 ადგილისთვის გააგრძელებს ბრძოლას და ისევ იმ იტალიას შეხვდება, რომელსაც ბოლო ორი წელია ამარცხებს. იტალიუელებს ფრანგებმა 29:7 აჯობეს. საფრანგეთის ნაკრებმა ორი ლელო გაიტანა, ორივე გარდასახვა გამოიყენა და ხუთი ჯარიმა მიაყოლა. მეოთხედფინალის სხვა შეხვედრებში, ინგლიმა პორტუგალია 62:5 დაამარცხა, ხოლო უელსმა შოტლანდიას ბრძოლაში 23:21 აჯობა. უელსი მეორე ნახევრის შუაში 23:9 იგებდა, მაგრამ მერე მოეშვა, ორი ლელო გაუშვა და მეორე გარდასახვა ზუსტი რომ ყოფილიყო, შესაძლოა, ეს მოდუნება ძვირი დაჯდომოდა.
დავით ჩავლეიშვილი (საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი): “ბრწყინვალე პირველი ტაიმის შემდეგ, მოედანზე მიღებული არასწორი გადაწყვეტილებებისა და ტაქტიკური შეცდომების გამო, დასანანი ლელოები მივიღეთ. მეორე ტაიმში ბიჭები ვეღარ დალაგდნენ და შესაბამისად, ჯარიმებმაც იმატა. მატჩის ბოლოს, ფაქტობრივად, ჩვენი ნახევრიდან ვეღარ გამოვედით. მიუხედავად ამისა, გუნდი მაინც ცდილობდა შეტევას. ირლანდია უფრო თავდაჯერებული გუნდი იყო და საქმესაც ცივსისხლიანად მიუდგა. უფრო მაღალი კლასის გუნდმა დამსახურებულად გაიმარჯვა. ჩვენი ბიჭებით კმაყოფილი ვარ, რადგან ანგარიშის მიუხედავად ბოლომდე იბრძოლეს.
ბიჭები თავს მხნედ კი გრძნობენ, მაგრამ გულგატეხილები არიან, ვინაიდან ნახეს, რომ ამ თამაშის მოგება შეეძლოთ. ხვალ, გუნდს დავასვენებთ და ვიდეო ანალიზს გავივლით. დაშვებულ შეცდომებს გავაანალიზებთ და იტალიისთვის მოვემზადებით. მატჩის მსვლელობისას ხმამაღლა და აქტიურად გვქომაგობდნენ სტადიონზე შეკრებილი ქართველი გულშემატკივრები, რომლებსაც ქომაგობა არც ერთი წამით არ შეუწყვეტიათ. ისინი მატჩის დასრულების შემდეგაც ამხნევებდნენ ბიჭებს, რისთვისაც მინდა უდიდესი მადლობა გადავუხადო”.
2014 წლის ევროპის ჩემპიონატი 18-წლამდე მორაგბეებს შორის
პოლონეთი. პოზნანი. 11-19 აპრილი
მეოთხედფინალები. 11 აპრილი
ინგლისი - პორტუგალია 62:5
საფრანგეთი - იტალია 29:7
ირლანდია - საქართველო 20:10 (5:10)
საქართველო: 15. ირაკლი სვანიძე, 14. დავით ლობჟანიძე, 13. სანდრო ილურიძე, 12. გიორგი კოშაძე, 11. გიორგი მელაძე, 10. კოტე ახობაძე (21. ბექა ნონიაშვილი 66), 9. ვასილ ლობჟანიძე (20. ლაშა მამუჩარაშვილი 66); 1. ნიკა ნეფარიძე, 2. ვანო მარგალიტაძე (19. გიორგი ხუროშვილი 61), 3. ლაშა ტაბიძე (17. შაქრო ლომსიანიძე 55), 4. ბესიკ გოგოლაძე (18. გიორგი ჯავახია 50), 5. მიხეილ ბაბუნაშვილი (24. ოთარ გიორგაძე 55), 6. ლაშა საჯაია (25. მიხეილ გორგასლიძე 55), 7. თორნიკე ზოიძე, 8. ბექა გორგაძე.
არ უთამაშიათ: 16. ლუკა გოგინავა, 22. თორნიკე ხურცილავა, 23, თორნიკე მანაგაძე, 26 კახა ელბაქიძე
შოტლანდია - უელსი 21:23
თასის ნახევარფინალები. 15 აპრილი
ინგლისი - უელსი
საფრანგეთი - ირლანდია
ნახევარფინალები მე-5-ე ადგილისთვის
პორტუგალია - შოტლანდია
იტალია - საქართველო