ფეხბურთი

18:58 | 3.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

ინვესტიციამ რა ჰქმნა – პსჟ-მ ფრანგული ფეხბურთი დაიპყრო

მას შემდეგ, რაც საფრანგეთში “ლიონის” ჰეგემონია დასრულდა (2008 წელს), ლიგა ერთის 5 სხვადასხვა გათამაშებაში ხუთმა გუნდმა იმარჯვა. “ბორდოს”, “მარსელის”, “ლილისა” და “მონპელიეს” შემდეგ, ჩემპიონობა “პარი სენ ჟერმენმაც” იზეიმა.

პარიზელებს საფრანგეთის ჩემპიონატი 1994 წლის შემდეგ არ ჰქონდათ მოგებული. კატარული ინვესტიციით გაძლირებულმა პსჟ-მ, პირველ სეზონში, პირველობა “მონპელიეს” დაუთმო, მაგრამ 2012-13 წლებში, კარლო ანჩელოტის შეგირდებმა ჩემპიონატი დამაჯერებლად მოიგეს, აჯობეს რა მდევარ “მარსელს” 12 ქულით (პირველი შემთხვევა 2007 წლის შემდეგ, როდესაც პირველ და მე-2 ადგილებს შორის სხვაობა 8 ქულაზე მეტი იყო). ეს გასაკვირი არც ყოფილა, რადგან გასულ სეზონში, პსჟ-მ ტრანსფერებში თითქმის 150 მილიონი ევრო დახარჯა, მაშინ, როდესაც “მარსელის” დანახარჯი 5 მილიონი ევროც კი არ იყო.

2012 წლის ზაფხულში, პსჟ მთელს ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე აქტიური შემძენი იყო. პარიზელებმა, ძირითადად, იტალიური ბაზარი აითვისეს. მათ “ნაპოლიდან” ეზეკიელ ლავესი, “მილანიდან” ტიაგუ სილვა და ზლატან იბრაჰიმოვიჩი, ხოლო “პესკარადან” მარკო ვერატი გადაიბირეს (საფრანგეთის 4 ყველაზე ძვირი ტრანსფერი გასულ ზაფხულში). ამას დაემატა “აიაქსიდან” გრეგორი ვანდერ ვილის შეძენა, ხოლო ზამთარში, ოკეანის გაღმიდან, კარლო ანჩელოტის გუნდს ლუკას მოურა და დევიდ ბექჰემი შეუერთდნენ. ამ უკანასკნელმა, თავისი 20-წლიანი პროფესიონალური კარიერა სწორედ საფრანგეთში დაასრულა. პსჟ-ს შემადგენლობაში, ლეგენდარულმა ინგლისელმა 14 თამაში ჩაატარა და თავი 2 შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა.

იმ ფეხბურთელთაგან, რომლებმაც 2012-13 წლების სეზონში საფრანგეთი დატოვეს, უნდა გამოვარჩიოთ ედენ აზარი (“ლილიდან” “ჩელსიში”), ოლივიე ჟირუ (“მონპელიედან” “არსენალში”) და უგო ლორისი (“ლიონიდან” “ტოტენჰემში”).

2012-13 წლების სეზონში, ლიგა ერთის გუნდებმა სულ 274 მოთამაშე დაიმატეს და 277 გაუშვეს. ფეხბურთელებში გადახდილი თანხა 254.400.000 ევროა, ხოლო მიღებული – 236.450.000 ევრო. ეს ნიშნავს, რომ საერთო ჯამში, ფრანგულმა კლუბებმა ტრანსფერებში 17.950.000 ევრო იზარალეს.

ფინანსურად ყველაზე წარმატებით “ლილმა” “ივაჭრა”. ამ კლუბმა 17 ფეხბურთელში 46.200.000 ევრო მიიღო, ხოლო 13 მოთამაშეში 21.500.000 ევრო დახარდა. სხვაობამ 24.700.000 ევრო შეადგინა, რაც საუკეთესო შედეგი იყო. ამ მხრივ, ყველაზე დიდი ზარალი, რა თქმა უნდა, პსჟ-მ ნახა. პარიზელებმა 144.250.000 ევრო იზარალეს. ეს იყო ზედიზედ მე-6 სეზონი, როდესაც “ლილმა” ტრანსფერებში უფრო მეტი გამოიმუშავა, ვიდრე დახარჯა. ხოლო პსჟ-მ ზარალი ზედიზედ მე-4 სეზონში ნახა.

მიუხედავად იმისა, რომ საბოლოოდ, პსჟ-მ დამაჯერებელი სხვაობით იმარჯვა, ვერ ვიტყვით, რომ პარიზელები გამოკვეთილი ფავორიტის სტატუსს მთელი სეზონის განმავლობაში ამართლებდნენ. 21-ე ტურამდე, ანჩელოტის გუნდი ცხრილს მხოლოდ 4-ჯერ ლიდერობდა. ეს მაშინ, როდესაც “ლიონი” პირველ ადგილზე 8-ჯერ იყო, ხოლო “მარსელი” – 6-ჯერ. თუმცა, 21-ე ტურიდან მოყოლებული, პსჟ ლიდერობას აღარავის უთმობდა. საბოლოოდ, “პარი სენ ჟერმენმა” ჩემპიონატი ისტორიაში მესამედ მოიგო, მაგრამ საერთო ჩათვლაში ლიდერობამდე პარიზელებს ბევრი უკლიათ. პირველ ადგილზე, 10 ტიტულით, “სენტ ეტიენია”.

პსჟ-ს გარდა, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე თამაშის უფლება “მარსელმა” მოიპოვა, ხოლო მე-3 ადგილზე გასული “ლიონი” უმთავრეს ევროპულ საკლუბო ტურნირზე მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაერთვება. ჩემპიონატის შედეგების გათვალისწინებით, ევროპის ლიგაზე თამაშის უფლება “ნიცამ” მოიპოვა. ამ ტურნირზე ითამაშებენ საფრანგეთის თასისა და ლიგის თასის მომგები “ბორდო” და “სენტ ეტიენიც”.

ერთადერთი გუნდი, რომელიც მთელი სეზონის განმავლობაში გასავარდნ ზონაში იყო, “ტრუაა”. ჟან-მარკ ფურლანის შეგირდები პირველი ტურის შემდეგ ბოლო ადგილზე იყვნენ, სეზონის განმავლობაში მათი მაქსიმუმი მე-18 პოზიცია იყო, ხოლო საბოლოოდ, “ტრუამ” მე-19 ადგილი დაიკავა. ბოლო ადგილზე გავიდა “ბრესტი”, რომელიც მთელი სეზონის განმავლობაში ცხრილის ქვედა ნაწილში კი იყო, მაგრამ გათამაშების უდიდესი ნაწილის განმავლობაში, ისინი გასავარდნი ზონის მიღმა იმყოფებოდნენ. 30-ე ტურში წაგების შემდეგ, კლუბის ხელმძღვანელობამ ლანდრი შაუვინი დაითხოვა და მის ნახვლად სორენტინ მარტინსი დანიშნა, რომელმაც გუნდს ერთი ქულაც ვერ მოუტანა და საბოლოოდ, “ბრესტმა” სეზონი ცხრილის ფსკერზე დაასრულა. ლიგა ორში გავარდნილი მე-3 გუნდი “ნანსია”, რომელიც თითქმის მთელი სეზონი ბოლო სამეულში იყო. სეზონის მიწურულს, პატრიკ გაბრიელის შეგირდებმა 6-მატჩიანი წაუგებელი სერია გამოაცხვეს და გასავარდნ ზონას თავი დააღწიეს, მაგრამ შემდეგ ზედიზედ სამჯერ წაგების გამო, გუნდი გასავარდნად განწირული გახდა.

გუნდურის გარდა, ინდივიდუალური ჯილდოებიც პსჟ-მ მიისაკუთრა. 30 გატანილი გოლით, გათამაშების საუკეთესო ბომბარდირი ზლატან იბრაჰიმოვიჩი გახდა, რომელმაც ჟან-პიერ პაპინის 1989-90 წლების სეზონის მიღწევა გაიმეორა. საფრანგეთის ჩემპიონატში 30 გოლზე მეტის გატანა უკანასკნელად კარლოს ბიანკიმ მოახერხა. 1977-78 წლების სეზონში, პსჟ-ს მაისურით, არგენტინელმა მეტოქეთა კარი 37-ჯერ აიღო. ქვეყნის ჩემპიონატის ერთ გათამაშებაში 30 გოლის გატანა ზლატანის კარიერაში საუკეთესო შედეგია. აქამდე, მისი მაქსიმუმი 28 ბურთი იყო.

გასაკვირი არაა, რომ საფრანგეთის პროფესიონალ ფეხბურთელთა ეროვნულმა კავშირმა ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშედ ზლატან იბრაჰიმოვიჩი დაასახელა. საუკეთესო მეკარის წოდება ასევე პსჟ-ს ფეხბურთელმა, სალვატორე სირიგუმ მიიღო, რომელმაც 33 თამაშში 16 გოლი გაუშვა და ერთხელ თერთმეტმეტრიანი დარტყმა მოიგერია. სეზონის საუკეთესო მწვრთნელის წოდება პსჟ-სა და “სენტ ეტიენის” დამრიგებლებმა, კარლო ანჩელოტიმ და კრისტოფ გალტიემ გაინაწილეს. ამ უკანასკნელმა, ფრანგული ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესოდ აღიარებული, მაგრამ ჩემპიონობის უკანასკნელად 1981 წელს მომგები გუნდი მე-5 ადგილზე გაიყვანა. რაც შეეხება ანჩელოტის, ის გახდა პირველი უცხოელი სპეციალისტი 1994 წლის შემდეგ, რომელმაც საფრანგეთის ჩემპიონატი მოიგო. უკანასკნელად ეს პორტუგალიელმა არტურო ჟორჟემ მოახერხა, რომელმაც სწორედ პსჟ გააჩემპიონა.

ინდივიდუალური ჯილდოების მოგება იმ ფეხბურთელებმაც მოახერხეს, რომლებიც პსჟ-ში არ თამაშობდნენ. საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშე “ბასტიას” 20 წლის ნახევარმცველი ფლორიან ტოვინი გახდა, ხოლო საუკეთესო გოლის ავტორად “ევიანის” შემტევი საბერ კალიფა დასახელდა, რომელმაც 36-ე ტურში, “ნიცას” მოედნის საკუთარი ნახევრიდან გაუტანა.

პსჟ-ს ფეხბურთელთა სრული დომინირება შეიმჩნევა წლის სიმბოლურ ნაკრებში. პარიზელებმა საუკეთესო თერთმეტეულში 7 ფეხბურთელი მიავლინეს. საფრანგეთის პროფესიონალ ფეხბურთელთა ეროვნული კავშირის მიერ შედგენილი სიმბოლური ნაკრები ასე გამოიყურება: სირიგუ (პსჟ), ჟალე (პსჟ), ტიაგუ სილვა (პსჟ), ნკულუ (მარსელი), მაქსველი (პსჟ), პაიე (ლილი), ვერატი (პსჟ), მატუიდი (პსჟ), ვალბუენა (მარსელი), იბრაჰიმოვიჩი (პსჟ), ობამეიანგი (სენტ ეტიენი).

0.122639