დასასრულს მიუახლოვდა ქალთა შორის გრან-პრის მე-3 გათამაშება, რომელშიც სხვადასხვა ქვეყნის 18 სპორტსმენი მონაწილეობს.
აღნიშნული გრან-პრის გათამაშება 6 ეტაპისგან შედგება. თითოეულ ეტაპზე, რომლის საპრიზო ფონდი 60000 ევროს შეადგენს, 12 სპორტსმენი თამაშობს. დაკავებული ადგილების მიხედვით თითოეული ეტაპის საპრიზო ფონდი თორმეტივე მონაწილეზე ნაწილდება. მიღებულ თანხასთან ერთად დაკავებული ადგილების მიხედვით, ეტაპის მონაწილე მოჭადრაკეებს ქულებიც ერიცხებათ, გრან-პრის მონაწილეებს 6-დან 4 ეტაპზე აქვთ მონაწილეობის უფლება, საიდანაც სამი საუკეთესო ეტაპის ქულები დაითვლება. ყველაზე მეტი ქულის მქონე სპორტსმენი, მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლაში მოქმედ ჩემპიონ ჰოუ იფანს (ჩინეთი) დაუპირისპირდება. თუ იფანმა შეძლო მიმდინარე გრან-პრის მოგება, მაშინ იფანს მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლაში გრან-პრის გათამაშების მეორე ადგილზე გასული სპორტსმენი დაუპირისპირდება.
უკან დარჩა ხუთი ეტაპი, რომლებსაც შესაბამისად ჟენევამ (შვეიცარია), დილიჟანმა (სომხეთი), ტაშკენტმა (უზბეკეთი), ჰანტი-მანტიისკმა (რუსეთი) და თელავმა (საქართველო) უმასპინძლა. თელავის ტურნირი გუშინ, 1 ივლისს დასრულდა.
თელავის კურორტ ლოპოტაზე დასრულებულმა გრან-პრის მე-5 გათამაშებამ უძლიერეს შემადგენლობას მოუყარა თავი. თუ გავითვალიწინებთ, რომ ლოპოტას ტურნირზე მსოფლიო კლასიფიკაციის პირველ ათეულში შემავალი 7 სპორტსმენი მონაწილეობდა, შეიძლება გრან-პრის გათამაშების მე-5 ეტაპს მსოფლიოს მცირე ჩემპიონატიც კი ვუწოდოთ. გრან-პრის ტურნირის მონაწილე 18 სპორტსმენიდან ლოპოტაზე ვიქტორია ჩმილიტე (ლიტვა) ტუვშინთუგს ბატჩიმეგი (მონღოლეთი), ანა უშენინა (უკრაინა), ტატიანა კოსინცევა (რუსეთი), კატერინა ლაჰნო (უკრაინა) და ოლგა გირია (რუსეთი) არ მონაწილეობდნენ.
ლოპოტას ტურნირის ფავორიტად ინდოელი ჰამპი კონერუ ითვლებოდა, რომელსაც ორი ეტაპიდან ორი პირველი ადგილი ჰქონდა აღებული, რადგან გრან-პრის მონაწილე თითოეულ მოჭადრაკეს ქულები მხოლოდ 4-დან სამ ეტაპზე ნაჩვენები შედეგებიდან ეთვლება, მსოფლიოს ჩემპიონთან ფინალში თამაშის შანსს ბელა ხოტენაშვილიც ინარჩუნებდა. რადგან სამი ეტაპის შემდეგ ბელას პირველი, მეორე და მე-12 ადგილები ჰქონდა დაკავებული, მსოფლიოს ჩემპიონთან ფინალში თამაშის საგზურის მოსაპოვებლად ლოპოტაზე მხოლოდ პირველი ადგილის დაკავება აწყობდა. სამწუხაროდ, ბელას ამეჯრად არ გაუმართლა და მე-11 ადგილი დაიკავა. თუ გავითვალისწინებთ, რომ ხოტენაშვილი გრან-პრის გათამაშების დებიუტანტი იყო, მთლიანობაში ურიგოდ არ უთამაშია. მისი მთავარი ნაკლი არასტაბილური თამაში იყო, რისი გამოსწორებაც ნამდვილად შეიძლება.
თამაში არც ბელას უშუალო კონკურენტ ჰამპი კონერუს წაუვიდა. ორი ეტაპის მოგების შემდეგ ინდოელი დიდოსტატი ამჯერად მე-8 ადგილით დაკმაყოფილდა. ლოპოტაზე წარუმატებელი თამაშის მიუხედავად, კონერუს კარგი შანსი აქვს მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში იასპარეზოს. სამი ეტაპის შემდეგ კონერუს 370 ქულა აქვს, რომელსაც იფანი ნახევარი ქულით ჩამორჩება.
გთავაზობთ მე-5 ეტაპზე მოასპარეზე სპორტსმენების მიერ დაკავებულ ადგილებს, მოპოვებულ პრიზს და ქულებს.
- ჰოუ იფანი (ჩინეთი) 10000 ევრო, 160 ქულა
- ჟუ ვენჟუნი (ჩინეთი) 8250, 120
- ელინა დანიელიანი (სომხეთი) 6750, 120
- ნანა ძაგნიძე (საქართველო) 5750, 90
- ანტუანეტა სტეფანოვა (ბულგარეთი) 5000, 75
- ჰარიკა დრონოვალი (ინდოეთი) 4500, 75
- ანა მუზიჩუკი (სლოვენია) 4250, 50
- ჰამპი კონერუ (ინდოეთი) 4000, 50
- ალექსანდრა კოსტენიუკი (რუსეთი) 32520, 50
- ჟაო ქსიუ (ჩინეთი) 3000, 30
- ბელა ხოტენაშვილი (საქართველო) 2750, 20
- ნაფისა მუმინოვა (უზბეკეთი) 2500, 10
გასული ეტაპების ჯამში მოჭადრაკეთა მონაგარი ამგვარია: კონერუ – 370 ქულა; იფანი – 365; მუზიჩუკი – 335; ძაგნიძე – 310; ხოტენაშვილი – 300; ლაჰნო – 265; ვენჟუნი – 265; ჰარიკა – 220; გირია – 215; კოსტენიუკი – 215; კოსინცევა – 205; სტეფანოვა – 200; უშენინა – 200; დანიელიანი – 190; ქსუე – 160; ტუვშინტუგსი – 95; ჩმილიტე – 60; მუმინოვა – 60; ნახბაიევა – 10;
გრან-პრის ბოლო, მე-6 ეტაპს მონღოლეთი უმასპინძლებს, რომელიც მიმდინარე წლის 24 აგვისტოდან 7 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება. აღნიშნულ ტურნირში გამოვლენ:
- ჰოუ იფანი
- ჰამპი კონერუ
- ჟუ ვენჟუნი
- ელინა დანიელიანი
- ჰარიკა დრონოვალი
- ჟაო ქსიუ
- ნაფისა მუმინოვა
- ვიქტორია ჩმილიტე
- ტუვშინთუგს ბატჩიმეგი
- ანა უშენინა
- ტატიანა კოსინცევა
- კატერინა ლაჰნო
ნანა ძაგნიძემ, ბელა ხოტენაშვილმა, ანა მუზიჩუკმა, ოლგა გირიამ, ალექსანდრა კოსტენიუკმა და ანტუანეტა სტეფანოვამ გრან-პრის ოთხ ეტაპზე მიიღეს მონაწილეობა და ასპარეზობა დაასრულეს.