სტატიები

16:16 | 27.11.2011 | ნანახია 2236 - ჯერ

გურამ მინაშვილი – მსოფლიოს “უგვირგვინო” ჩემპიონი

ლიტვაში ჩატარებულ ევროპის ჩემპიონატზე ჩვენი ქვეყნის ნაკრების წარმატებული გამოსვლით გავიხარეთ. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად მივიღეთ მონაწილეობა კონტინენტის პირველობაზე სპორტის გუნდურ სახეობაში და დებიუტისთვის ევროპის 12 უძლიერეს ნაკრებში მოხვედრა საპატიო შედეგია. ეფექტური თამაშით ჩვენმა ბიჭებმა მართლაც რომ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს მთლიანად ტურნირის ლამაზად წარმოჩენის საქმეში და შეჯიბრების გადამწყვეტ მომენტში ზაზა ფაჩულიას ტრავმა რომ არა, მეტის მიღწევაც შესაძლებელი  და სავსებით რეალური იყო. იმედს ვიტოვებთ, რომ სამომავლოდ საქართველოს ნაკრები კიდევ უფრო მეტი დამაჯერებლობით წარდგება კონტინენტის ჩემპიონატებზე და ქომაგებს არაერთხელ გაგვახარებს. ამის თქმის უფლებას კი ქართული საკალათბურთო სკოლის უმდიდრესი ისტორია გვაძლევს, 25 ნოემბერს კი დაბადებიდან 75 წელი შეუსრულდა ამ სკოლის ერთ-ერთ გამორჩეულ ფიგურას, ლეგენდარულ სპორტსმენსა და ბრწყინვალე პიროვნებას გურამ მინაშვილს.
ბატონი გურამი თითქმის 2 ათეული წლის განმავლობაში თავისი განუმეორებელი ასპარეზობით ხიბლავდა კალათბურთის გულშემატკივრებს როგორც საქართველოში, ასევე მისი საზღვრებიდან ასეული თუ ათასეული კილომეტრებით მოშორებითაც. იგი ევროპის სამგზის ჩემპიონია, საკავშირო პირველობის გამარჯვებული, რომის 1960 წლის ოლიმპიადის ვერცხლის მედლის მფლობელი, ამ და სხვა მნიშვნელოვანი ტურნირების არაერთგზის პრიზიორი. ჯილდოების მოპოვებაზე კი არანაკლებ მნიშვნელოვანია ქომაგების აღიარება და სიყვარული, რაც გურამ მინაშვილმა დიდოსტატური ასპარეზობითა და თამაშის გამორჩეული, არაორდინალური სტილით დაიმსახურა.
განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსი კი ბატონი გურამის მიერ სამ ტურნირზე – მაირანოს თასზე, ევროპის ქვეყნების ჩემპიონთა თასსა და მსოფლიოს პირველობაზე გამოსვლაა.
1958 წელს ქალაქ ბოლონიაში ცნობილი მრეწველისა და იტალიის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტის მაირანოს თასის გათამაშებაში მრავალი საკალათბურთო ვარსკვლავი ასპარეზობდა, თუმცა, მათ ფონზეც კი გურამ მინაშვილი თავისი ცეცხლოვანი თამაშით გამოირჩეოდა და მოწინააღმდეგეთა თუ საბჭოთა თანაგუნდელთა თამაში გააფერმკრთალა. შეჯიბრების დასრულების შემდეგ ქართველი კალათბურთელი ტურნირის უძლიერეს მოთამაშედ დაასახელეს და სპეციალურმა ჟიურიმ ბატონ გურამს ოქროს მედალი გადასცა.
რამდენიმე თვეში 50 წელი შესრულდება თბილისის “დინამოს” მიერ ჟენევაში ჩემპიონთა თასის მოპოვებიდან. ჯერჯერობით, ქართული კალათბურთის ყველაზე დიდ მიღწევაში განუზომლად დიდი წვლილი შეიტანა გუნდის კაპიტანმა გურამ მინაშვილმა. მთელი ტურნირის განმავლობაში იგი პარტნიორების ჭეშმარიტი ლიდერი და წინამძღოლი გახლდათ, მადრიდის “რეალთან” გადამწყვეტი მატჩის ტრიუმფულად დასრულებული ფინალის (ქართველებმა 90:83 სძლიეს ამერიკელებით გაძლიერებულ კასტილიურ გრანდს) საბოლოო ოქმს კი თბილისის “დინამოს” კაპიტნის ქართულასოებიანი ავტოგრაფი ამშვენებს.
ბატონი გურამის მოპოვებულ ტიტულთა ჩამონათვალში შეგნებულად არ ჩავწერეთ მსოფლიოს ჩემპიონატებზე მოპოვებული მედლები. ოფიციალურად, 1959 წელს ჩილეში ჩატარებული პლანეტის პირველობაზე საბჭოთა გუნდმა მეექვსე ადგილი დაიკავა, არაოფიციალურად კი გურამ მინაშვილი და მასთან ერთად საკავშირო ნაკრების წევრი გურამ აბაშიძე ჩემპიონები გახდნენ. ჩილეში გამართული მუნდიალი დღემდე კალათბურთში მსოფლიოს პირველობათა შორის ყველაზე სკანდალური გამოდგა. თუ რატომ, ამას ტურნირის მონაწილის, გურამ მინაშვილის მონოლოგიდან შეიტყობთ.
“ჩემპიონატის სტარტამდე 40 დღით ადრე შეგვკრიბეს და მზადებას მოსკოვში გავდიოდით. აზიის საკვალიფიკაციო ზონიდან მსოფლიოს პირველობაზე მონაწილეობის უფლება ყველასათვის მოულოდნელად ტაივანმა მოიპოვა. მოგეხსენებათ, მაშინ ამ კუნძულზე ჩან კაი ში იყო მმართველი და საბჭოთა რეჟიმი მასთან ყოველგვარ კონტაქტს გაურბოდა. შეჯიბრების დაწყებამდე ერთი კვირით ადრე გამოგვიცხადეს, რადგან ტაივანი ჩილეში იასპარეზებს, ჩვენ მსოფლიოს ჩემპიონატზე აღარ გავემგზავრებითო. საბოლოოდ ნაკრების მწვრთნელებმა ჩინოვნიკების დაყოლიება მოახერხეს, ოღონდ მათ ულტიმატუმი წამოგვიყენეს – თუ ტაივანელები ჯგუფიდან გავლენ, არავითარ შემთხვევაში არ ეთამაშოთო. არადა, კუნძულელებმა არგენტინას ქულით სძლია და ფინალურ ეტაპზე გააღწია. მუნდიალი წრიული სისტემით გაგრძელდა, ჩვენ ამერიკელებსაც მოვუგეთ (პირველი ოფიციალური ტურნირი, რომელშიც საბჭოთა გუნდმა კალათბურთის სამშობლოს წარმომადგენლები დაამარცხა), ტაივანთან ნებისმიერი სხვაობით წაგების შემთხვევაშიც კი მსოფლიოს ჩემპიონები ვხდებოდით, მაგრამ აზიელებთან თამაშზე უარის გამო დისკვალიფიკაცია მოგვცეს და საბოლოოდ მეექვსე ადგილზე აღმოვჩნდით. ჩემპიონად ბრაზილია გამოაცხადეს, რომელსაც ქვეჯგუფსა და ფინალურ ეტაპზე ორჯერ ვეთამაშეთ და ორივეჯერ დავამარცხეთ. ჩილედან მოსკოვში დაბრუნებულებს საზეიმო შეხვედრა მოგვიწყვეს და სპეციალურად დამზადებული ოქროს მედლებიც გადმოგვცეს, თუმცა, გაცილებით უკეთესი იქნებოდა, ტაივანთან თამაშის ნება დაერთოთ”...
1963 წლის პლანეტის პირველობა კვლავ სამხრეთ ამერიკის კონტინენტზე, ამჯერად ბრაზილიაში ჩატარდა. საკავშირო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ალეკსანდრ გომელსკიმ თავის გუნდში 3 ქართველი კალათბურთელი, გურამ მინაშვილი, ვლადიმერ უგრეხელიძე და ანზორ ლეჟავა შეიყვანა. პირველობისთვის ბრძოლაში გადამწყვეტი ბრაზილიისა და საბჭოთა ნაკრებების ორთაბრძოლა გამოდგა. მასპინძლებმა მეტოქის წინააღმდეგობა მხოლოდ მას შემდეგ დაძლიეს, როდესაც მოედანი გურამ მინაშვილმა დატოვა. ამის შემდეგ საკავშირო გუნდმა იუგოსლავიასთანაც წააგო (პირველად ოფიციალურ ტურნირზე) და ქართულ ტრიოს მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლები ერგო.
... დაბადებიდან 75 წლის იუბილესთან დაკავშირებით გურამ მინაშვილი სპორტის სამინისტროსა და კალათბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობამ წმინდა გიორგის ხატითა და საქართველოს ეროვნული ნაკრების სამახსოვრო მაისურით დააჯილდოვა, ამასთან მინისტრმა გურამ მინაშვილს საპატიო რაინდის წოდებას მიანიჭა.
“მსოფლიო სპორტი” უერთდება გულშემატკივართა უზარმაზარ არმიას, ბატონ გურამს საიუბილეო თარიღს ულოცავს, ჯანმრთელობას და ჩვენი ქვეყნის ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშეს ქართული კალათბურთის სამსახურში დიდხანს ყოფნას უსურვებს.

გოჩა კაჭარავა

სპორტის სამინისტროს ფოტო
 

Loading...

კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
18:51 | 28.11.2011
ბადრი555 (1138)

გილოცავთ!!!!!!!!!!!!!!!!!!!!

17:01 | 27.11.2011
sandrinio10 (1407)

გაიხარეთ ბატონო გურამ ! ! ! ! ასეთი კალათბურთელები გვიმრალოს ღმერთმა

სარეკლამო ადგილი - 20
250 x 188
სარეკლამო ადგილი - 22
250 x 250
0.080673