ფეხბურთი

12:05 | 19.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ჭიაბრიშვილი: “საბურთალოს” მიზანი ფეხბურთელების გაზრდა და მათი ევროპაში დამკვიდრებაა”

საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ჩემპიონატის პირველ ლიგაში მოასპარეზე “საბურთალოს” მთავარი მწვრთნელი გიორგი ჭიაბრიშვილი, სეზონის სტარტის წინ გუნდის მომზადებით კმაყოფილია. ამის შესახებ მან “საბურთალოს” ვებგვერდისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

გიორგი ჭიაბრიშვილი: “მოსამზადებელი ეტაპით კმაყოფილი ვარ. ნაყოფიერი შეკრება გამოგვივიდა. ბიჭები სრულად დაიხარჯნენ და ყველაფერს ზედმიწევნით ასრულებდნენ. თუმცა, გულდასაწყვეტია ის ფაქტი, რომ რამდენიმე ფეხბურთელმა მზადების პერიოდში ტრავმა მიიღო და სრულფასოვანი შეკრება ვერ გაიარა.

დუშეთში მშვენიერი პირობები იყო, როგორც კლიმატური, ასევე სავარჯიშო მოედნები. აქცენტი ფიზიკური კონდიციების ამაღლებაზე გავაკეთეთ. ასევე, სათამაშო ტაქტიკა დავხვეწეთ. მართალია, გუნდი ახალგაზრდულია, მაგრამ მზად ვართ სეზონის დაწყებისთვის.

- მზადების პარალელურად გუნდმა ამხანაგური მატჩებიც გამართა. სპარინგებმა რა შეგძინათ?

- პირველ ყოვლისა დიდი გამოცდილება, რადგან საკონტროლო მატჩების უმეტესობა უმაღლესი ლიგის წარმომადგენლებთან გვქონდა. ვეთამაშეთ “ტორპედოს”, “ვიტ ჯორჯიას”, “სპარტაკს”, ასევე პირველლიგელებს - “ლოკომოტივსა” და “გაგრას”. რა თქმა უნდა, ვმუშაობთ ხარვეზებზე, სხვადასხვა კომბინაციების დამუშავებაზე. სეზონი ახლა იწყება და ბუნებრივია, გუნდი საუკეთესო ფორმაში ვერ იქნება. თუმცა, უახლოეს ტურებში ნელ-ნელა მოვუმატებთ.

მეორე მხრივ რომ მივუდგეთ, ამხანაგური მატჩები სრული შემადგენლობით ვერ ჩავატარეთ, რადგან ჩვენი ფეხბურთელების უმეტესობა ასაკობრივ ნაკრებებში იყვნენ გამოძახებულნი. ამ ყოველივემ მზადებაში ცოტათი ხელი შეგვიშალა.

- უმაღლესლიგელებთან სპარინგები მომავალში აუცილებლად წაგადგებათ. მითუმეტეს, გუნდს თასის პირველ ეტაპზე მეტოქედ ცხინვალის "სპარტაკი" ერგო. რას იტყვით მოახლოებულ შეხვედრაზე?

- “სპარტაკი” წლების განმავლობაში უძლიერესთა რიგებში თამაშობს და საკმაოდ გამოცდილი კლუბია. მძიმე მატჩები გველის, მაგრამ უშანსოდ ნამდვილად არ ვართ. მაქსიმუმს გავიღებთ, რომ ორი თამაშის ჯამში კარგი შედეგი ვაჩვენოთ. ოფიციალური მატჩები მაინც განსხვავდება ამხანაგურებისგან. “სპარტაკთან” დაპირისპირებები ასევე დიდ გამოცდილებას შეგვმატებს, რაც მომავალში უთუოდ წაგვადგება.

- გასული სეზონისგან განსხვავებით, გუნდი კიდევ უფრო გაახალგაზრდავდა. უფრო კონკრეტულად რომ გვითხრათ, წამსვლელ-მომსვლელთა ვინაობა?

- რამდენიმე ფეხბურთელმა უცხოეთში გააგრძელა კარიერა, რამდენიმე მათგანთან განშორება გადავწყვიტეთ. საფეხბურთო კარიერა რევაზ გოცირიძემ დაასრულა. ახლა იგი სამწვრთნელო შტაბშია. გოშაძე, თვარაძე, ჩომახიძე, მამუჩიშვილი, სტეფნიაშვილი, ლორენცო და ალენი - ეს იმ ფეხბურთელების ჩამონათვალია, რომლებიც ჩვენს კლუბში აღარ არიან. რა თქმა უნდა, მათი წასვლა გუნდიდან დიდი დანაკლისია, მაგრამ გვყავს ახალგაზრდა ფეხბურთელები, რომლებიც მჯერა სრულფასოვნად შეცვლიან მათ. დავიმატეთ გამოცდილი გიორგი რეხვიაშვილი. ვფიქრობ, იგი “საბურთალოს” საგრძნობლად გააძლიერებს.

- იმ ახალგაზრდა ფეხბურთელებზე რას იტყვით, რომლებიც პირველ გუნდში ჭაბუკთა ლიგიდან დააწინაურეთ?

- ჩვენს კლუბში პროფესიონალები და თავიანთ საქმეში უზომოდ შეყვარებული ადამიანები არიან თავშეყრილნი. “საბურთალოს” სხვადასხვა ასაკობრივ გუნდებში მწვრთნელები წარმატებით მუშაობენ, ნიჭიერ ფეხბურთელებს სწორ მიმართულებას აძლევენ. შემიძლია გითხრათ, რომ ის ახალგაზრდები, რომლებზეც არჩევანი გავაკეთეთ, ნამდვილად იმსახურებენ პირველ გუნდში ყოფნას. მჯერა, მალე კიდევ უფრო მოუმატებენ.

- მომავალ სეზონში "საბურთალოს" მიზანი რა იქნება?

- მიზანი ერთია - ფეხბურთელების გაზრდა და ევროპაში მათი დაბინავება. დანარჩენს კი უკვე დრო გვიჩვენებს. ჩვენი ფეხბურთელები მუდმივად ასპარეზობენ სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებებში, რაც ჩვენი სკოლისა და კლუბის წარმატებაზე მიუთითებს.

fcsaburtalo.ge  

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114007