საქართველოს 19 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გია ცეცაძემ “მსოფლიო სპორტთან” საუბარში განაცხადა, რომ 2013 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის კენჭისყრის შედეგი დამაკმაყოფილებელია.
- როგორ შეაფასებთ კენჭისყრის შედეგს?
- დამაკმაყოფილებელია. ცუდი ჯგუფი არაა. შეიძლებოდა, უფრო სუსტი ჯგუფი შეგხვედროდა, შეიძლებოდა - უფრო ძლიერიც. საწუწუნო არაფერი გვაქვს. ჩვენი მიზანი ჯგუფიდან გასვლაა.
- მეტოქეებად საფრანგეთი, სერბეთი და თურქეთი გერგოთ. ჩამოთვლილი ნაკრებებიდან რომელს იცნობთ?
- სერბეთთან ორჯერ ვითამაშეთ. ერთხელ - პორტუგალიის ტურნირზე, ერთხელ - ვიდრე ელიტრაუნდში სამონაწილეოდ ბელგიაში გავემგზავრებოდით. სერბებს ბრძოლისუნარიანი ნაკრები ჰყავთ, კარგი ინდივიდუალისტებით დაკომპლექტებული. საერთოდ, ინფორმაცია ყველა მეტოქეზე გვაქვს. ჩემი აზრით, დღევანდელი გადმოსახედიდან ჯგუფში ჩვენი ყველაზე ძლიერი მოწინააღმდეგე საფრანგეთია. თუმცა, ყველაფერი ადგილზე გამოჩნდება. დიდი მნიშვნელობა თითოეულ მატჩში კონცენტრაციას აქვს.
- ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპისთვის მოსამზადებელი პერიოდი დაგეგმეთ?
- 6 ივლისს ლატვიაში გავემგზავრებით და რიგასთან ახლოს დავბინავდებით. იქ 10 დღე ვივარჯიშებთ და ტურნირის დაწყებამდე 4 დღით ადრე კაუნასში ჩავალთ.
- როგორც ზემოთ აღნიშნეთ, გუნდის ამოცანა ტურნირის ნახევარფინალში გასვლაა...
- რა თქმა უნდა. აბა, ევროპის ჩემპიონატზე ტყუილუბრალოდ ხომ არ ჩავდივართ?! შედეგი უნდა ვაჩვენოთ, რომ კიდევ ერთხელ გავახაროთ ჩვენი ქვეყანა და გულშემატკივრები. ნახევარფინალში გასვლა რეალურად შეგვიძლია.