სხვა

15:59 | 9.05.2010 | ნანახია [] - ჯერ

გაგამარუ მაკუუჩიში ერთ დღეში გადავიდა

ტოკიოს “რიოგოკუ კოკუგიკანში” დაწყებულ მაისის ბაშოზე უმაღლეს მაკუუჩი დივიზიონში რიცხულმა ქართველმა სუმოისტებმა ტოჩინოშინიმა და კოკაიმ წარუმატებელი სტარტი აიღეს, ძურიოს ერთ-ერთმა ლიდერმა გაგამარუმ კი პირველი გამარჯვება იზეიმა.
დასავლეთის მე-2 მაეგაშირას წოდებით მოასპარეზე ტოჩინოშინიმ იგივე ლევან გორგაძემ, რომელიც ელიტის ყველაზე ახალგაზრდა (22 წელი) სეკიტორია, საწყის შერკინებაში ძალები ოძეკის ტიტულამდე აღზევებულ ბარუტოსთან მოსინჯა.
ესტონელმა კაიდო ჰოოველსონმა, რომელიც ბოლო ხანს ჩინებულ ფორმაში იმყოფება, თავდაპირველად ცუპარების სერია გამოიყენა, შემდეგ კი ქართველი დოჰიოზე ჰატაკიკომით დასცა. ცნობისთვის, გორგაძემ ბალტიისპირელთან ზედიზედ მე-3 მარცხი განიცადა.
ტოჩინოშინს მე-2 სატურნირო დღესაც მძიმე ბრძოლა ელის. ჩვენებურის პირისპირ კიდევ ერთი ოძეკი – მონღოლუ ჰარუმაფუჯი დადგება, რომელიც საწყის შეხვედრაში მოულოდნელად კომუსუბი კოტოშოგიკუსთან დამარცხდა. შარშან, გორგაძე ჰარუმაფუჯის ორჯერ გადაეყარა და მოგება-წაგება მიითვალა.
ქართული სუმოს პიონერი ლევან ცაგურია ანუ კოკაი წლის მესამე სუპერტურნირს დასავლეთის მე-6 მაეგაშირას სტატუსით შეხვდა და მაკუუჩის ყველაზე მსუბუქ მებრძოლ ჰაკუბასთან (მე-5 მაეგაშირა), რომელიც 128 კგ-ს იწონის, მარცხი განიცადა. “მზიურ ცხენად” წოდებულმა მონღოლმა 29 წლის ქართველი იორიკირით დაამარცხა.
10 მაისს კოკაის პირისპირ კიდევ ერთი მონღოლი – მე-7 მაეგაშირა კიოკუტენჰო დადგება, რომელმაც ტურნირი მოგებით დაიწყო. წლეულს, იანვრის ბაშოზე “შავმა ზღვამ” კიოკუტენჰოს იორიკირით სძლია.
მაკუუჩი დივიზიონისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა 23 წლის თეიმურაზ ჯუღელმა, რომელსაც პროფესიულ სუმოში გაგამარუს შიკონათი ოცნობენ. ქართველ გოლიათს ელიტაში გადასასვლელად, ნებისმიერი დადებითი ბალანსი ეყოფა, რისი საკმაოდ დიდი შანსიც არსებობს. მაისის ტურნირის სადებიუტო შეხვედრაში, ძურიოს პირველი რეიტინგის მქონე ქართველმა მე-2 ნომერი შოტენრო იორიკირით დაამარცხა.
ხვალ, გაგამარუს მნიშვნელოვანი შერკინება ელის. დამკვიდრებული ტრადიციის თანახმად, ძურიოს ერთ-ერთ ლიდერად მიჩნეულ ქართველს ერთი დღით მაკუუჩიში უხმეს და აღმოსავლეთის მე-15 მაეგაშირა ვაკაკოიუს გააჯიბრებენ. ცნობისთვის, ჯუღელს მაკუუჩიში გასულ ტურნირებზეც უასპარეზია და მაშინ, თავი საკმაოდ კარგად წარმოაჩინა.
დასასრულ მოგახსენებთ, რომ მაისის ბაშო ტრადიციულად ორ კვირას მიმდინარეობს და 23 მაისს დასრულდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.088014