ოიაკატა ტაკანოჰანას მეთაურობით მოქმედმა სამსაჯო კომიტეტმა 2007 წლის ივლისის ბაშოდან მოქმედი დაწყვილების პრინციპში არავითარი ცვლილება არ შეიტანა, ამდენად, ნოემბრის ტურნირის საწყის დღეს, ბანძუკეს სათავეში მდგარი იოკოძუნას პირისპირ დასავლეთის კომუსუბი დადგება. ეს კი შემდეგს ნიშნავს – კიუშიუ ბაშოზე მონღოლი ჰაკუჰოს მეტოქე ქართველი ტოჩინოშინი იქნება.
23 წლის ტოჩინოშინის (ლევან გორგაძე) რომ ურთულესი ბრძოლა ელის, აქედანვე ცხადია. ახალგაზრდა ქართველს “თეთრი ფენიქსი” ერთხელაც არ ჰყავს დამარცხებული, თანაც მონღოლი სუმოისტი, რომელსაც ზედიზედ 62 შეხვედრა აქვს მოგებული ლეგენდარული ფუტაბიამას რეკორდის (მიჯრით 69 გამარჯვება) დამხობას ეშურება და პირველივე დღეს წაფორხილება მის გეგმებში ნამდვილად არ უნდა შედიოდეს.
25 წლის ჰაკუჰო მეორე ბრძოლას აღმოსავლეთის პირველი მაეგაშირა კისენოსატოსთან გამართავს იქნება, რომელსაც მონღოლი კარიერაში ერთხელ ჰყავს დამარცხებული, თუმცა, მას შემდეგ ორი წელი გავიდა. თავის მხრივ, მეორე დღესაც რთული გამოცდა ელის ტოჩინოშინსაც, რომელიც ძალებს ოძეკი ჰარუმაფუჯისთან მოსინჯავს.
“ფუკუოკა კოკუსაი სენთერში” 14-28 ნოემბერს გასამართ კიუშიუ ბაშოზე კიდევ ორ ქართველს ვიხილავთ, რომლებიც ასევე უმაღლეს მაკუუჩი დივიზიონში გაირჯებიან. აღმოსავლეთის მე-6 მაეგაშირას წოდებამდე აღზევებული ქართული სუმოს პიონერი ლევან ცაგურია იგივე კოკაი ტურნირს იაპონელებთან ჭიდილით გახსნის. 29 წლის “შავი ზღვა” ჯერ იოშიკაძეს (აღმოსავლეთის მე-5 მაეგაშირა) გაეჯიბრება, შემდეგ კი ფუკუოკელ კოტოკასუგას დაუპირისპირდება.
ნოემბრის ტურნირს კარიერაში უმაღლესი ტიტულით ხვდება 23 წლის გაგამარუ (თეიმურაზ ჯუღელი), რომელიც 202 კგ-ს იწონის. გასულ ტურნირებზე წარმატებული ასპარეზობის გამოისობით, აღმოსავლეთის მე-10 მაგაშირობამდე ასული ქართველი გოლიათი ბაშოს ტოიონოშიმასთან (დასავლეთის მე-9 მაეგაშირა) ბრძოლით დაიწყებს, მისი მეორე მოწინააღმდეგე კი დასავლეთის მე-10 მაეგაშირა ტოსაიუტაკა იქნება.
ტოჩინოშინი (დასავლეთის კომუსუბი)
სკოლა: კასუგანო
სახელი: ლევან გორგაძე
დაბადების დრო: 1987 წლის 13 ოქტომბერი
სიმაღლე: 191 სმ.
წონა: 158 კგ.
კარიერის მაჩვენებლები: 186 მოგება, 138 მარცხი
მაკუუჩის მაჩვენებლები: 111 მოგება, 114 მარცხი
ძურიოს ჩემპიონი: 1
“მებრძოლი სულის” პრიზი: 2
საყვარელი ილეთი: უვატენაგე
სკოლა: ოიტეკაძე
სახელი: ლევან ცაგურია
დაბადების დრო: 1981 წლის 10 მარტი
სიმაღლე: 190 სმ.
წონა: 148 კგ.
კარიერის მაჩვენებლები: 392 მოგება, 360 მარცხი
მაკუუჩის მაჩვენებლები: 295 მოგება, 320 მარცხი
ძურიოს ჩემპიონი: 1
მაკუშიტას ჩემპიონი: 1
სანდანმეს ჩემპიონი: 1
ჯონიდანის ჩემპიონი: 1
“მებრძოლი სულის” პრიზი: 2
კინბოში (გადაეცემათ კომუსუბის ტიტულზე ნაკლები რანგის სუმოისტებს, რომელთაც იოკოძუნას დამარცხება მოუხერხებიათ): 2
საყვარელი ილეთი: ოშიდაში
სკოლა: კიტანოუმი
სახელი: თეიმურაზ ჯუღელი
დაბადების დრო: 1987 წლის 23 თებერვალი
სიმაღლე: 185 სმ.
წონა: 202 კგ.
კარიერის მაჩვენებლები: 153 მოგება, 98 მარცხი
მაკუუჩის მაჩვენებლები: 15 მოგება, 15 მარცხი
ძურიოს ჩემპიონი: 1
მაკუშიტას ჩემპიონი: 1
ჯონოკუჩის ჩემპიონი: 1
“მებრძოლი სულის” პრიზი: 2
საყვარელი ილეთი: ოშიდაში







