ჩოგბურთი

0:06 | 21.01.2010 | ნანახია [] - ჯერ

დემენტიევა ავსტრალიას გამოეთიშა

მელბურნ პარკის კორტებზე მიმდინარე ავსტრალიის ღია პირველობის ქალთა ბადეს კიდევ ერთი ფავორიტი გამოეთიშა - მე-2 წრეში, მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა, დიდ ჩოგბურთში ახლახანს დაბრუნებულმა ბელგიელმა ჟუსტინ ენინმა, დაძაბულ პაექრობაში, 7:5, 7:6 დაამარცხა ტურნირის შარშანდელი ნახევარფინალისტი, რუსი ელენა დემენტიევა.
”წარმოდგენა არ მაქვს, როგორ ვთოკავ იმ ემოციებს, რომლებიც ამ გამარჯვებამ მომიტანა. ახლა მხოლოდ საუკეთესო რამეებზე ვფიქრობ... მიხარია, რომ ჩემთვის ტურნირი დღეს არ დამთავრდა”, - განაცხადა ენინმა, ვის ანგარიშზე დიდი სლემის ტურნირების 7 ტიტულია და ვინც 18-თვიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა ქალთა ტურს.
ავსტრალიის ღიას 2004 წლის გამარჯვებული ენინი, მე-3 წრეში კიდევ ერთ რუსს, ალისა კლეიბანოვას დაუპირისპირდება. ტურნირის დაწყებამდე, ის ამბობდა, რომ მთელი თავისი შესაძლებლობების გამოვლენა მოუწევდა, რადგან კენჭისყრამ თავიდანვე ძნელი მეტოქეები შეახვედრა. ფორტუნის ”წყალობით”, მას მე-2 წრეშივე, მე-5 ნომრად განთესილი მეტოქე ერგო.
შეხვედრა მეტად საინტერესო გამოდგა. პირველ სეტში, უკანა ხაზიდან კარგად მოთამაშე დემენტიევას, როცა 5:4-ს იგებდა, ორჯერ ჰქონდა სეტის მოგების შანსი, მაგრამ ორივე საკუთარი შეცდომებით გაანიავა. ამან მასზე უარყოფითად იმოქმედა - მე-12 გეიმში ორმაგი შეცდომა დაუშვა და მეტოქეს სეტებში დაწინაურების საშუალება მისცა.
კატა-თაგვობანას თამაში მე-2 სეტშიც გაგრძელდა. ამჯერად, ბელგიელი დაწინაურდა, ვინც 9 გეიმის შემდეგ 5:4 დაწინაურდა და მეათეში სეტზე აწვდიდა. მაგრამ აქ ნერვებმა მას უმტყუნა. რუსმა თამაშიდან მოპოვებული ორი ქულით შეძლო მეტოქის სერვისზე გეიმის მოგება და ანგარიში გაათანაბრა. შემდეგ, მეტოქეებმა თითო ”საკუთარი” გეიმი მოიგეს და სეტმა ტაიბრეიკზე გადაინაცვლა.
აქ თავიდან უფრო მეტად ენინი ნერვიულობდა, რომელმაც ჯერ ორმაგი შეცდომა დაუშვა, შემდეგ კი ბურთი პერიმეტრს გადააცილა და მეტოქეს სეტ-პოინტი აჩუქა. თუმცა, ამან მოულოდნელად მიღებული შანსი ისევ ვერ გამოიყენა - შეცდომა დაუშვა და ბელგიელს ხურდა დაუბრუნა, რის შემდეგაც დემენტიევა გატყდა. რატომღაც, მან ქულის უკანა ხაზიდან დროპშოტით (თავს ზემოდან) აღება დააპირა, მაგრამ ბურთი ბადეს მოახვედრა. ახლა უკვე ენინმა მიიღო მატჩ-პოინტი და ეს შანსი მან შესანიშნავად გამოიყენა.
”ძალიან საწყენია... ისეთი გრძნობა მაქვს, რომ მას კარგად თამაშის საშუალება მივეცი. არადა, მან მართლაც ძალიან კარგად ითამაშა”, - განაცხადა დემენტიევამ, ვისაც 2004 წელს, დიდი სლემის ორი ტურნირის - საფრანგეთისა და აშშ-ის ღია პირველობების ფინალში აქვს ნათამაშები.
გაცილებით დაძაბული და საინტერესო გამოდგა მამაკაცთა ბადის მე-2 წრის შეხვედრა აშშ-ის ღიას არგენტინელ ჩემპიონ ხუან მარტინ დელ პოტროსა და ამერიკელ ჯეიმს ბლეიკს შორის. მე-4 ნომრად განთესილ დელ პოტროს, გავარდნის დიდი შანსი ჰქონდა, მაგრამ უშეღავათო ბრძოლის შემდეგ, რომელმაც 4 საათსა და 17 წუთს გასტანა, მან მაინც შეძლო მე-3 წრის საგზურის მოპოვება. დელ პოტრომ 6:4, 6:7, 5:7, 6:3, 10:8 გაიმარჯვა.
30 წლის ამერიკელს, შეხვედრის მსვლელობისას, ორჯერ დასჭირდა ექიმის დახმარება (მარჯვენა მუხლზე), მაგრამ ამის მიუხედავად, მეტოქეს მაინც არაფერი დაუთმო. უფრო მეტიც, გადამწყვეტ სეტში ის 2:0 დაწინაურდა კიდეც, მაგრამ დელ პოტრომ საპასუხო ბრეიკის აღება შეძლო და ამის შემდეგ, სეტი ქულა ქულაში წავიდა.
შემდეგ არგენტინელმა კიდევ ერთხელ მოიგო მეტოქის მოწოდება და მე-12 გეიმში, მატჩზე აწოდებდა, მაგრამ ამჯერად ამერიკელმა ივარგა. კარგა ხანს, ორივე საკუთარ გეიმს იოლად იგებდა, მაგრამ მე-17 გეიმში, დელ პოტრომ კიდევ ერთხელ მიაღწია ბრეიკს. და ამჯერად, შანსი ხელიდან აღარ გაუშვია.
მერაბ ლორთქიფანიძე





























 




           





 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.088433