საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ჩემპიონატის მე-8 ტურის ცენტრალური შეხვედრა ქუთაისში გაიმართა, სადაც ჩემპიონატის ერთპიროვნულმა ლიდერმა ,,აიამ’’ ქვეყნის მოქმედ ჩემპიონს თბილისის ,,ლელოს’’ უმასპინძლა.
გასულ ტურში ქუთათურებმა თბილისის ,,არმიელებთან’’ სტუმრად დაძაბულ ბრძოლაში იმარჯვეს და მეტოქის ძლევას დიდი ძალისხმევაც შეალიეს. ,,ლელოელებმა’’ კი წინა ტურის შეხვედრა ,,არმაზთან’’ გამოტოვეს და ქუთაისს უფრო დასვენებულები ესტუმრნენ. ალბათ ეს იყო ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი, რომ გასული სეზონის ჩემპიონებმა რიონისპირელები თითქმის ყველა კომპონენტში დაჯაბნეს და დამსახურებული გამარჯვებაც მოიპოვეს.
მატჩის დებიუტი სტუმრების სრული უპირატესობით წარიმართა. პირველი 10 წუთი თბილისელებმა მეტოქის ნახევარზე გაატარეს და სამწუთიანი ინტერვალით ზედიზედ ორი ხელსაყრელი საჯარიმოს დარტყმის უფლება მოიპოვეს, თუმცა ყიასაშვილის მცდელობა ორივე შემთხვევაში არაზუსტი გამოდგა.
მე-15 წუთისთვის მასპინძლებიც გამოცოცხლდნენ. მრავალფაზიანი შეტევის შემდეგ ქუთათურებმა სინაურიძეს არე გაუსუფთავეს და არეკნის დასარტყმელად საუკეთესო პირობა შეუქმნეს, მაგრამ რიონისპირელთა მგეზავის გასროლა ასცდა მიზანს.
ამის შემდეგ თამაში გარდამავალი უპირატესობით გაგრძელდა. ტაიმის შუაწელს, სტუმართა მასირებული შეტევის შემდეგ, ქუთათურები საკუთარი ჩათვლის მოედნის სიახლოვეს დაჯარიმდნენ. დედაქალაქელებმა ლელოზე თამაშს 100%-იანი 3 ქულის მოპოვება არჩიეს. ყიასაშვილს ახლო მანძილიდან გატანა არ გასჭირვებია - 0:3.
ნახევარი საათის მიწურულს ანალოგიური მდგომარეობა მასპინძლებსაც შეექმნათ, თუმცა სინაურიძემ, ძალიან ხელსაყრელი მდგომარეობიდან, ბურთის კარის ძელებს შორის გატარება ვერ მოახერხა. წარუმატებლობის მიუხედავად, რიონისპირელებს ფარ-ხმალი არ დაუყრიათ. ისინი შეტევებს კვლავ განაგრძობდნენ და მალე მონდომებაც დაუფასდათ. 35-ე წუთზე, აუტიდან ბურთის მოგების შემდეგ, ფრუიძემ მეტოქეს ხაზი გაუჭრა და თითქმის ჩათვლის მოედნამდე ირბინა, იქ კი მისი შეჩერება სტუმრებმა მხოლოდ აკრძალული ილეთის ხარჯზე მოახერხეს. ახლო მანძილიდან ზუსტი დარტყმით სინაურიძემ თანაფარდობა აღადგინა - 3:3.
მოედნის ცენტრიდან თამაშის განახლებისთანავე თბილისელებმა მწვავე შეტევა განახორციელეს, რასაც მასპინძელთა მხრიდან წესის დარღვევა მოჰყვა და ყიასაშვილმა თავისიანები ისევ წინ გაიყვანა - 3:6.
ტაიმის უკანასკნელ წუთზე, ქუთათურთა მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდა. საკუთარი ჩათვლის მოედნის სიახლოვეს, შერკინებაში რამდენჯერმე არასწორი თამაშის გამო, ირლანდიელმა რეფერიმ მასპინძლები დააჯარიმა, ხოლო ჩიტეიშვილი მოედნიდან 10 წუთით გააძევა. ყიასაშვილმა საჯარიმო ამჯერადაც ზუსტად შეასრულა და პირველი ტაიმის ანგარიშიც დააფიქსირა - 3:9.
შეხვედრის მეორე ნახევარიც ,,ლელოელთა’’ უპირატესობით გაგრძელდა. კაცნაკლული მასპინძლები თბილისელთა მიძალებას ვეღარ უმკლავდებოდნენ და შეცდომას შეცდომაზე უშვებდნენ, რასაც დედაქალაქელები სათავისოდ კარგად იყენებდნენ. 43-ე წუთზე, რიონისპირელები ისევ დაჯარიმდნენ და თბილისელთა ფულბექმა ანგარიში - 3:12 გახადა. სამი წუთის შემდეგ კი, ქუთათურთა მდგომარეობა თითქმის უიმედო გახდა. მეტოქის შეტევის განზრახ ჩაშლისთვის, არბიტრმა კვერნაძე გაასინბინა, ყიასაშვილმა კი თავისიანები კიდევ უფრო დააწინაურა - 3:15.
მატჩიც პრაქტიკულად აქ დამთავრდა. მართალია, ქუთათურები ბევრს ცდილობდნენ, მაგრამ თავი არც სტუმრებს დაუზოგავთ და რიონისპირელთა შეტევებს მედგრად იგერიებდნენ. მეტოქე გუნდების ზედმეტი მონდომების შედეგი იყო, რომ მათი დაპირისპირება მოედანზე ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა. ვნებათაღელვა ტრიბუნებზეც გაგრძელდა. გულშემატკივრების მხრიდან უცენზურო შეძახილებს, თბილისელი რაგბისტების საპასუხო რეპლიკები მოჰყვა, რამაც მდგომარეობა კიდევ უფრო გაამწვავა. სიტუაცია ირლანდიელმა რეფერიმ განმუხტა. მან ერთი მასპინძელი და ორი თბილისელი მორაგბე მოედნიდან 10-10 წუთით გააძევა.
ამის შემდეგ შეხვედრა პრაქტიკულად ინერციით გაგრძელდა. ყიასაშვილმა კიდევ ორი ჯარიმა გაიტანა, რასაც შეხვედრის უკანასკნელ წუთზე მასპინძელთა ბოლო გაბრძოლება და მოედანზე შეცვლაზე შესული სალდაძის ლელო მოჰყვა, რომელიც ახალგაზრდა ბაბუნაშვილმა გარდასახა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 10:21.
მატჩის შემდეგ ,,მსოფლიო სპორტმა’’ ორივე გუნდის მწვრთნელებს კომენტარი ჩამოართვა:
კობა გიორგაძე (,,აია’’) - ,,უამრავი უხეში შეცდომა დავუშვით და ამის გამო დავმარცხდით. ვულოცავ მეტოქეს დამსახურებულ გამარჯვებას.’’
ლევან მაისაშვილი (,,ლელო’’) - ,,ვიცოდი, რომ ძნელი მატჩი გველოდა და სათანადოდ მოვემზადეთ. მეტოქის შეცდომები კარგად გამოვიყენეთ და გამარჯვებაც მოვიპოვეთ.’’
საქართველოს მორაგბეთა XXIV ეროვნული ჩემპიონატი. VIII რაუნდი.
26 ოქტომბერი. შაბათი. ქუთაისი. ,,დინამო“. 16:00 საათი. 800 მაყურებელი.
,,აია“ (ქუთაისი) - ,,ლელო“ (თბილისი) 10:21 (3:9)
,,აია“: 15. ძნელაძე 14. შაშიაშვილი (კიკვაძე), 13. ფრუიძე, 12. ს. კვერნაძე, 11. აბრამიძე, 10. სინაურიძე (ბაბუნაშვილი), 9. როხვაძე, 1. რატიაშვილი, 2. მატკავა (სალდაძე), 3. ულუმბელაშვილი (ტ. ჩხიკვაძე), 4. ძაგნიძე (ლოსაბრერიძე), 5. ჩიტეიშვილი (ჯიმშიტაშვილი), 6. რევიშვილი (კ), 7. შალამბერიძე, 8. ყურაშვილი;
ლელო: სალდაძე;
გარდასახვა: ბაბუნაშვილი;
ჯარიმა: სინაურიძე;
სინბინი: ჩიტეიშვილი, კვერნაძე, ფრუიძე;
მწვრთნელები : კობა გიორგაძე, ბესო ხამაშურიძე;
,,ლელო“: 15. ყიასაშვილი, 14. ზაალიშვილი, 13. კორკელია, 12. კოპაძე, 11. ნიჟარაძე, 10. ხმალაძე, 9. კაჭარავა (კ), 1. სანიკიძე, 2. ბელქანია (ლომთაძე), 3. პატარაია (მელიქიძე), 4. ნიკოლეიშვილი (ხორბალაძე), 5. ქოიავა, 6. სურგულაძე (მძინარიშვილი), 7. კოლელიშვილი (მჭედლიშვილი), 8. ჭყოიძე;
7 ჯარიმა: ყიასაშვილი (7);
სინბინი: ნიჟარაძე, სურგულაძე, ხორბალაძე;
მწვრთნელი: ლევან მაისაშვილი;
მთ. მსაჯი: კენ იმბუში (ირლანდია);
თ/მ: ნინო ელოშვილი, ლუკა ქავთარაძე;
ლოკომოტივი (თბილისი) - ბათუმი (ბათუმი) 36:17
ჯიქები (თბილისი) - ხარები (რუსთავი) 43:10
არმია (თბილისი) - ყოჩები (ბოლნისი) 17:13
არმაზი (თბილისი) - აკადემია (თბილისი) 23:20
ქ | სხვ | მ-წ'ფ | $ | |
ლოკომოტივი | 28 | +56 | 6-2 | 4 |
აია ქუთაისი | 28 | +68 | 6-2 | 4 |
ლელო | 27 | -90 | 6-1 | 3 |
არმაზი | 22 | +21 | 5-2 | 2 |
ბოლნისი ყოჩები | 21 | +26 | 4-3'1 | 3 |
ჯიქები | 20 | +51 | 3-3'2 | 4 |
არმია | 17 | +22 | 3--'1 | 3 |
აკადემია | 6 | -109 | 1-6 | 2 |
ბათუმი | 5 | -105 | 1-6 | 1 |
ხარები რუსთავი | 2 | -120 | 0-7 | 2 |