ჩოგბურთი

22:14 | 28.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

ბრწყინვალე სანახაობა დუბაიში

 როჯერ ფედერერისა და ნოვაკ ჯოკოვიჩის მონაწილეობით დუბაის ტურნირის ნახევარფინალში ულამაზესი საჩოგბურთო სანახაობა გათამაშდა. პლანეტის ყველაზე ტიტულოვანმა შვეიცარიელმა ჩოგბურთელმა სერბთან პირველი სეტი დათმო, მაგრამ მომდევნო პარტიებში ფანტასტიკურად ითამაშა და შეჯიბრების ფინალის საგზური მოიპოვა. დუბაის ტურნირის (საპრიზო ფონდი 2 მილიონ 360000 დოლარი) გადამწყვეტ მატჩში ჩეხ ტომაშ ბერდიხს შეხვდება. შარშან დუბაიში ეს ჩოგბურთელები ერთმანეთს ნახევარფინალში დაუპირისპირდნენ და გამარჯვება დასავლეთსლავმა იზეიმა.

ფედერერისა და ჯოკოვიჩის დღევანდელმა ორთაბრძოლამ საათსა და 46 წუთს გასტანა. ამ სათამაშო დროის განმავლობაში მოწინააღმდეგეებმა თავიანთი უმაღლესი საშემსრულებლო ოსტატობა არაერთხელ აჩვენეს მაყურებელს. ფედერერმა 3 ბრეიკი და 7 ეისი შეასრულა და კარიერის განმავლობაში პირველად მოახერხა ჯოკოვიჩის დამარცხება მას შემდეგ, რაც ბალკანელთან სასტარტო სეტი დათმო. როჯერისა და ნოვაკის ურთიერთდაპირისპირებათა ანგარიში 17:15 გახდა შვეიცარიელის სასარგებლოდ.

ფედერერი მერვედ გავიდა დუბაის ტურნირის ფინალში. 2003, 2004, 2005, 2007 და 2012 წლებში როჯერმა გადამწყვეტი შეხვედრები მოიგო, 2006 და 2011 წლების ფინალები კი შესაბამისად რაფა ნადალსა და ნოვაკ ჯოკოვიჩთან დათმო.

ბერდიხს რაც შეეხება, შარშანდელ ფინალში ტომაში ჯოკოვიჩთან დამარცხდა. 

0.121702