თელ-ავივის “მაკაბის” ექს-დამრიგებელი დევიდ ბლატი ევროლიგის გასული სეზონის საუკეთესო მწვრთნელად აღიარეს და ალექსანდრ გომელსკის სახელობის პრიზი გადასცეს. აღნიშნულის შესახებ ტურნირის ოფიციალური ვებ-გვერდი იტყობინება.
შეგახსენებთ, რომ ებრაული გრანდი “ოთხთა ფინალის” აუტსაიდერად ითვლებოდა, თუმცა, ნახევარფინალსა და ფინალში, შესაბამისად, რუსულ ცსკა-ს და ესპანურ “რეალს” სძლია და ტიტულის მფლობელი გახდა.
გამოკითხვაში მონაწილეობას ევროლიგის გუნდების მწვრთნელები იღებდნენ და მათ მე-2 ადგილი იტალიური “სიენას” თავკაც ლუკა ბანკის მიაკუთვნეს, მესამეზე კი “რეალის” დამრიგებელი პაბლო ლასო გავიდა.
როგორც უკვე ვიუწყებოდით, ევროლიგური ტრიუმფის შემდეგ, ბლატმა მუშაობის ნბა-ში გაგრძელება არჩია და კონტრაქტი “კლივლენდ კავალირესთან” გააფორმა.