უიმბლდონზე მიღებული მუხლის ტრავმის შემდეგ პირველად გავიდა კორტზე ქალთა შორის რეიტინგსიის მესამე ნომერი ვიკტორია აზარენკა. კალიფორნიის ქალაქ კარლსბადის ტურნირის მეორე წრეში ბელარუსმა იტალიელ ფრანჩესკა სკიავონეს 6:2, 6:3 მოუგო. ამ შეჯიბრების საპრიზო ფონდი 795707 დოლარია, ჩემპიონი კი 4 აგვისტოს გაირკვევა.
“მხოლოდ ის, რომ ოფიციალურ ტურნირში ვთამაშობ, უკვე ფრიად სასიხარულო მომენტია. ასპარეზობას მონატრებული ვარ და რეაბილიტაციის პერიოდმა ბევრი მომცა. წვრთნისას დამუშავებული მომენტები ძლიერ მოწინააღმდეგესთან მატჩის დროს გამოვცადე. აშშ-ის ღია პირველობის წინ საიმედო ფუნდამენტს ჩავუყარე საფუძველი, ახლა კი დარჩენილ დროში თამაშის კიდევ უფრო გაძლიერებაზე ვიზრუნებ”, - აცხადებს აზარენკა.