ჭადრაკი

23:00 | 6.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

გია გიორგაძე: “ჩემი კარი ფედერაციის ყველა წევრისთვის მუდამ ღიაა”

6 დეკემბერს საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა, რომელსაც ვერის ბაღში მდებარე ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლემ უმასპინძლა. როგორც მოსალოდნელი იყო, პრეზიდენტის პოსტი მოქმედმა პრეზიდენტმა გია გიორგაძემ მინიმუმ ოთხი წლით შეინარჩუნა. მას არჩევნებზე კონკურენტი არ ჰყოლია.

უფლებამოსილი 72 დელეგატიდან ყრილობას 56 დაესწრო. ფარული კენჭისყრის შემდეგ 56-ვე დელეგატმა ხმა გიორგაძეს მისცა. ჭადრაკის სტაჟიან გულშემატკივარს უთუოდ ემახსოვრება თუ რამდენად რთული სიტუაცია იყო შექმნილი ქართულ ჭადრაკში. მუდმივი დაპირისპირება ხშირად რიგგარეშე არჩევნებით მთავრდებოდა. 2008 წლის შემდეგ, როცა პრეზიდენტის პოსტი გია გიორგაძემ ჩაიბარა, სიტუაცია თანდათან რადიკალურად შეიცვალა. დღეს კი ისეთი ფაქტის მომსწრენი გავხდით, როდესაც პრეზიდენტობის კანდიდატს 100 პროცენტიანი მხარდაჭერა ჰქონდა და თავიც კი არავის შეუკავებია.

ყრილობის მოსამზადებელი ჯგუფის ხელმძღვანელის ემზარ ზენაიშვილის ნაცვლად, რომელიც მივლინებაში იმყოფება, ყრილობას დავით გიორგაძე უძღვებოდა. დელეგატებმა და ყრილობაზე დამსწრე მასედიის წარმომადგენლებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს ყრილობიდან ყრილობამდე გარდაცვლილი ქართული ჭადრაკის წარმომადგენლების ხსოვნას.

ვრცელი სიტყვა წარმოთქვა გია გიორგაძემ: “პრეზიდენტობისათვის განკუთვნილმა ოთხმა წელმა ძალიან სწრაფად გაირბინა. პრეზიდენტად მოსვლის დღიდან ჩემი მთავარი მიზანი საჭადრაკო ოჯახის გაერთიანება იყო. თუ გავითვალისწინებთ, რომ წინასაარჩევნო პერიოდმა მშვიდად ჩაიარა, შემიძლია ვთქვა, რომ ქართული საჭადრაკო სამყარო ერთ მუშტადაა შეკრული. ფედერაციამ ყველა ვალდებულება ზედმიწევნით შეასრულა. გაიზარდა დაფინანსება. სახელმწიფოს გარდა “სოკარ ენერჯი ჯორჯის” სახით გვყავს სპონსორი, რომელიც 2015 წელსაც თანახმაა დაგვეხმაროს. ოთხი წლის განმავლობაში უამრავი ღონისძიება ჩავატარეთ. მათ შორის აღსანიშნავია 2011 წლის ევროპის ინდივიდუალური ჩემპიონატი ქალთა შორის, რომელსაც თბილისმა უმასპინძლა. 2014 წელს ვუმასპინძლეთ ქალთა შორის გრანპრის გრანდიოზულ ტურნირს, რომელშიც პირველი ათეულის 7 წევრი მონაწილეობდა. ბათუმში ჩავატარეთ ბავშვთა შორის ევროპის თასის გათამაშება.

ბოლო საჭადრაკო ოლიმპიადაზე მართალია, ვაჟთა და ქალთა ნაკრებმა გუნდებმა სახარბიელო შედეგი ვერ აჩვენეს, მაგრამ პირველ დაფაზე შესანიშნავად იასპარეზა ნანა ძაგნიძემ, რომელმაც თითქმის ყველა წამყვან მოჭადრაკეს მოუგო, პირველ ადგილზე გავიდა და მცირე ოქროს მედალი მოიპოვა. არასტაბილურად თამაშობს ვაჟთა შორის ჩვენი პირველი ნომერი ბაადურ ჯობავა. იგი შემთხევევით მოხვდა გრანპრის ერთ-ერთ ეტაპზე, რომელსაც ტაშკენტმა უმასპინძლა და გამარჯვებამდე სულ ცოტა დააკლდა. გვასახელა ქალთა გუნდმა “ნონამ”, რომელმაც ევროპის ჩემპიონობა ვადაზე ადრე მოიპოვა. დიდი ხნის განმავლობაში ჩვენთან საკლუბო ჩემპიონატი არ ტარდებოდა და წელს პირველად გაიმართა. აღსანიშნავია, რომ თავი რეგიონების წარმომადგენლებმა გამოიჩინეს, რომელთაგან პირველი აჭარის გუნდი “ნონა” იყო. მეორე და მესამე ადგილებზე კი შესაბამისად “რუსთავი” და “კახეთი” გავიდნენ. 2014 წელს ნორვეგიის ქალაქ ტრომსოში ქართული ჭადრაკისთვის ორი მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა. საჭადრაკო ოლიმპიადის მსვლელობის დროს ზურაბ აზმაიფარაშვილმა ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტის არჩევნებში გაიმარჯვა, ხოლო ბათუმმა 2018 წლის ოლიმპიადის მასპინძლობის უფლება მოიპოვა. აღნიშნული ოლიმპიადის გარდა, საქართველო 2015 წელს ვაჟთა გრან პრის, 2016 წელს მსოფლიოს კადეტთა ჩემპიონატს, ხოლო 2017 წელს ვაჟთა შორის მსოფლიოს თასის გათამაშებას უმასპინძლებს. და ბოლოს, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში თქვენი მხარდაჭერის იმედი მაქვს, თუ მოვინდომებთ და ერთად ვიქნებით, ნებისმიერ პრობლემას გადავლახავთ. ჩემი კაბინეტის კარი ყოველი თქვენგანისთვის ღიაა...”

ასევე სიტყვით გამოვიდნენ:

თამაზ თევზაძე (საქართველოს სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე), ვალერი გაფრინდაშვილი (საერთაშორისო დიდოსტატი), გენადი უჩუმბეგაშვილი (ქვემო ქართლის ჭადრაკის ფედერაციის ხელმძღვანელი), ზაზა ლომინაძე (იმერეთის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი), ნონა გაფრინდაშვილი (მსოფლიოსა და საჭადრაკო ოლიმპიადის მრავალგზის ჩემპიონი), თამაზ გიორგაძე (საერთაშორისო დიდოსტატი) და ზურაბ აზმაიფარაშვილი (ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტი), რომლებმაც ფედერაციის მუშაობას კარგი შეფასება მისცეს.

ყრილობის მიწურულს, ახლადარჩეული პრეზიდენტის რანგში, გია გიორგაძემ გამგეობის 21 წევრი დაასახელა, მათ შორის იყო საერთაშორისო დიდოსტატი ნანა ალექსანდრია, რომელმაც მის ნაცვლად გამგეობის წევრად დავით კოდუას დასახელება მოითხოვა, თავად კი საპატიო წევრობაზეც თანხმობა განაცხადა. გიორგაძის განცხადებით, გამგეობის წევრად ალექსანდრიას კოდუათი ჩანაცვლების თაობაზე გამგეობის მომავალი სხდომა იმსჯელებს. ამით ყრილობამ მუშაობა დაასრულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.484792