დავით ყიფიანის სახელობის თასის განმეორებითი მერვედფინალური პაექრობებიდან ალბათ ყველაზე დიდ ინტერესს ზესტაფონში გასამართი შეხვედრა იწვევდა, სადაც ადგილობრივი კლუბი საჩხერის “ჩიხურას” მასპინძლობდა. ამ გუნდების პირველი დაპირისპირება ივანწმინდაში ნულოვანი შედეგით დასრულდა. შესაბამისად, მცირეოდენი უპირატესობა ფეროელებს ჰქონდათ, რასაც მასპინძლის მოედნის ფაქტორი ჰქვია, თორემ სათასო მატჩების სპეციფიკიდან გამომდინარე, ყველასათვის ცნობილია, რომ 0:0 საკუთარ მოედანზე საკმაოდ კარგ შანსს უნარჩუნებს პირველი შეხვედრის მასპინძელ გუნდს. წინასწარ უნდა ვთქვათ, რომ თასზე ტრადიციულად კარგად მოასპარეზე “ჩიხურამ” და მისმა თავკაცმა სოსო ფრუიძემ ტაქტიკურად სწორად წარმართეს მატჩი და სასურველ შედეგსაც მიაღწიეს. საკუთარი კარი მშრალად შეინახეს და თავად გატანა მოახერხეს, რამაც მათ შესაბამისად 1/4-ფინალის საგზური მოუტანა.
ზემოიმერული დერბის დაწყებამდე ზესტაფონელებმა მნიშვნელოვანი დანაკლისი განიცადეს. მათ ვარჯიშზე ბრაზილიელი ლეგიონერი რენე ფერეირა დაუშავდათ. ამის გამო გია გეგუჩაძემ იძულებულ შეცვლას მიმართა და სამხრეთამერიკელის ნაცვლად სასტარტოში თორნიკე გრიგალაშვილი დააყენა. მატჩის დებიუტი მასპინძელთა უპირატესობით წარიმართა. მათ დასაწყისშივე შეეძლოთ გატანა, როდესაც საჩხერელ მცველთა და მეკარის შეუთანხმებელი მოქმედების გამო ბურთი ხელსაყრელ პოზიციაზე მყოფ ჯაბა დვალს მიუვიდა, რომელმაც ახლო მანძილიდან კი დაარტყა, მაგრამ ქვილითაიამ ბურთის კუთხურზე მოგერიება მოახერხა. მალევე ჯაბას ისევ ჰქონდა შანსი კარის აღებისა, როდესაც მას ასისტენტობა ილურიძემ გაუწია. ამ შემთხვევაში ზესტაფონელთა უპირველეს ფორვარდს ხელი “ჩიხურას” მცველებმა შეუშალეს, რომლებმაც თავგანწირული თამაშის წყალობით მოახერხეს ხიფათის განმუხტვა.
პირველი დარტყმა მასპინძელთა კარის მიმართულებით მე-15 წუთზე თეიმურაზ ღონღაძემ განახორციელა, რომელიც საბოლოოდ მატჩის გმირი შეიქმნა. სტუმართა მარჯვენა მცველის მიერ შესრულებული საჯარიმო დარტყმა პავლოვიჩმა კუთხურზე მოიგერია. მე-20 წუთზე კი ღონღაძემ შეხვედრაში ერთადერთი გოლი გაიტანა. “ჩიხურას” ფეხბურთელებმა სწრაფი კონტრშეტევის განხორციელება შეძლეს, რომლის შედეგადაც კორიფაძემ ბურთი მეტოქის საჯარიმოში ჩააწოდა, რომელზეც ყველაზე აქტიურად ღონღაძემ ითამაშა, რომლის წამოწყებულიც იყო ეს სწრაფი იერიში. თემურმა ნახტომში, ზუსტი თავური დარტყმით სერბ კიპერს ბოიან პავლოვიჩს შანსი არ დაუტოვა და ანგარიში გახსნა – 0:1.
ამ გოლმა ბუნებრივია ზესტაფონელთა შანსები გააუარესა და მათი გადასაჭრელი ამოცანა გაართულა. მათ უკვე მინიმუმ ორი გოლის გატანა მართებდათ, თანაც ისე რომ საკუთარ კარში აღარ უნდა მიეღოთ. ანუ მათ ეს შეხვედრა აუცილებლად უნდა მოეგოთ. გაშვებულმა გოლმა ისინი მცირე ხნით დააბნია და სტუმრებს ისევ მიეცათ თავის გამოჩენის შანსი. ცოტა ხანში სტუმრებს ანგარიშის გაზრდაც შეეძლოთ, მაგრამ თორნიკე მუმლაძის საჯარიმოს ხაზიდან შესრულებული მოჭრილი დარტყმა ზესტაფონელთა კარის ძელმა უკუაგდო, დამატებაზე კი საჩხერელთაგან აღარავინ აღმოჩნდა. მალევე ისევ ღონღაძე შეეცადა სამსვლიანი კომბინაციის დასრულებას ძლიერი დარტყმით, მაგრამ ბურთი ზესტაფონელთა მცველს შეეხო და კარს აცდა.
ამის შემდეგ ტაიმის ბოლომდე მასპინძლები გააქტიურდნენ. 35-ე წუთზე სარდალიშვილის ჩაწოდების შემდეგ მოწინააღმდეგის მცველებს ჯაბა დვალმა დაასწრო, რომელმაც ნახტომში ქვილითაიასთვის ბურთის გადაგდება ცადა. ჯაბას ეს კი გამოუვიდა, მაგრამ ბურთი ხარიხას მოხვდა და “ჩიხურაც” გადარჩა. ტაიმის უკანასკნელ წუთზე კი მოხდენილად და ძლიერად თორნიკე გრიგალაშვილი ურტყამდა, მაგრამ სიზუსტე მის მცდელობასაც დააკლდა.
მატჩის მეორე ნახევარში მოედანზე მხოლოდ ერთი გუნდი დომინირებდა. ეს საფეხბურთო კლუბი “ზესტაფონი” გახლდათ, მაგრამ ფეროელებმა მთავარი მისიის შესრულება მაინც ვერ შეძლეს და გოლი ვერ გაიტანეს. ამ ყველაფერს კი გარდა საჩხერელი მცველების თავგანწირული და სწორი მოქმედებებისა, კიდევ ერთი მთავარი “დამნაშავე” ჰყავდა - “ჩიხურას” კიპერი მაქსიმე ქვილითაია. სტუმართა კარის დარაჯმა მართლაც რამდენიმე საოცარი “სეივი” განახორციელა და საკუთარი გუნდის შემდეგ ეტაპზე გასვლაში ლომის წვლილი შეიტანა.
თამაშში აქტიურად ჩაება დვალის მაგივრად მოედანზე გამოსული თორნიკე კაპანაძე, რომელსაც მალევე ჰქონდა გათანაბრების შანსი, მაგრამ “ელვა” ვერ შეწვდა სარდალიშვილის ჩაწოდებულ ბურთს, თორემ გოლი გარდაუვალი იქნებოდა. ცოტა ხანში თავად სარდალიშვილი დაემუქრა მეტოქის კარს, მაგრამ მას მიზანმა უმტყუნა. საერთოდ, ეს ორი ფეხბურთელი დასკვნით 45 წუთში მოედანზე ყველაზე შესამჩნევი ფიგურები იყვნენ. საერთო სათამაშო სურათიდან და მიმდინარეობიდან გამომდინარე, საჩხერლებმა დაცვითი ტაქტიკა აირჩიეს. ისინი საკუთარ საჯარიმოს სიახლოვეს მოწინააღმდეგეებს სივრცეს უზღუდავდნენ და თუ საშუალება მიეცემოდათ, მაშინ სწრაფი იერიშის განხორციელებას ცდილობდნენ თორნიკე მუმლაძის მეშვეობით. 64-ე წუთზე ქვილითაიამ სარდალიშვილის ძლიერად და გამოზომილად დარტყმული ბრწყინვალე ნახტომში კუთხურზე მოიგერია. ცოტა ხანში კი კაპანაძის თავურს ადგილზე დაუხვდა და არც თუ ისე იოლად მოსაგერიებელ ბურთს დაეუფლა. ამას გარდა იყო შარიქაძის სტანდარტული, რომელზეც ქვილითაია დამაჯერებლად გამოიყურებოდა, ხოლო თედორე გრიგალაშვილის თავური რამდენიმე სანტიმეტრით აცდა მოწინააღმდეგის კარს.
თამაშის დასკვნით ნაწილში ყველაზე გამორჩეული ფიგურები მოედანზე ზესტაფონელთაგან მარცხენა მცველი მალხაზ გაგოშიძე და სტუმართაგან ისევ მაქსიმე ქვილითაია იყვნენ. 81-ე წუთზე გაგოშიძე საჯარიმოს ხაზიდან მეკარისათვის ძალზე უხერხულ დარტყმას ახორციელებს, რომელიც ზედ მეკარის ბაქანთან აისხლიტა, მაგრამ საჩხერელთა კიპერმა საოცარი რეაქციის წყალობით მოახერხა ბურთის კუთხურზე გადაგდება. ბოლოს კი ისევ გაგოშიძის თავური დარტყმა იყო ყველაზე დასამახსოვრებელი, რომელიც ქვილითაიამ ისევ ეფექტური ნახტომის წყალობით მოიგერია. მიუხედავად იმისა, რომ მატჩი დაძაბული იყო და თან ერთი გოლი გავიდა, სანახაობრივი თვალსაზრისით მართლაც თვალსასეირო გახლდათ, შემდეგ ეტაპზე კი საჩხერის “ჩიხურა” გავიდა.
“ზესტაფონი” - “ჩიხურა” 0:1 (0:1) (პირველი მატჩი 0:0)
26 ნოემბერი. 13:30. ზესტაფონი. დავით ყიფიანის სახელობის თასი. 1/8 ფინალი. მეორე შეხვედრა. “დავით აბაშიძე”. 800 მაყურებელი
“ზესტაფონი”: პავლოვიჩი, თედორე გრიგალაშვილი, ხიდეშელი, თორნიკე გრიგალაშვილი, გაგოშიძე, შარიქაძე, ილურიძე (მიქელთაძე, 68), გვალია (ფანცულაია, 74), სარდალიშვილი, დვალი (კაპანაძე, 46), ჭანტურიშვილი.
მთავარი მწვრთნელი: გია გეგუჩაძე
“ჩიხურა”: ქვილითაია, თემურ ღონღაძე, კაშია, ლაშა ჭელიძე, ქიმაძე, ოდიკაძე, დობროვოლსკი, კორიფაძე (ივანიშვილი, 77), ბაჯელიძე (სიხარულია, 64), მუმლაძე, ჩიკვაიძე.
მთავარი მწვრთნელი: სოსო ფრუიძე
გოლი: 0:1 ღონღაძე (20)
გაფრთხილება: ღონღაძე (77).
არბიტრი: ალექსანდრე კრიჭაშვილი (თბილისი)
გიორგი წურწუმია ზესტაფონიდან