სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

13:29 | 25.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

მესის მორიგი რეკორდი, ტრადიციული ანგარიში „მადონინაში“ და „არსენალის“ ისტორიაში ყველაზე ცუდი სტარტი
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

ესპანეთიგასულ უქმეებზე ევროპულ მინდვრებზე დატრიალებულ მოვლენათაგან უმთავრესი ლიონელ მესის მორიგი რეკორდი იყო. არგენტინელმა ფეხბურთელმა, „ბარსელონასა“ და „სევილიას“ შორის გამართული შეხვედრის 21-ე წუთზე ანგარიში გახსნა, ხოლო 72-ე წუთზე დუბლი გაიფორმა. პირველი გოლით ის ლა ლიგის ისტორიაში აქამდე საუკეთესო ბომბარდირდს, ტელმო სარაონანდია მონტოიას, იგივე ტელმო სარას გაუთანაბრდა, მე-2 ზუსტი დარტყმით კი, რეკორდსმენი თავად გახდა. „ბარსას“ 27 წლის თავდამსხმელმა „ბილბაოს“ ლეგენდის მიერ 59 წლის წინათ დამყარებული რეკორდი გააუმჯობესა.

„სევილიასთან“ მატჩში მესიმ მე-3 გოლიც გაიტანა და ლა ლიგაში მე-20 ჰეთ თრიქი გაიფორმა. ის, ამ მაჩვენებლით, მხოლოდ ალფრედო დი სტეფანოს, კრიშტიანუ რონალდუსა და უკვე ხსენებულ ტელმო სარას ჩამორჩება. ამ სამეულის ანგარიშზე 22-22 ჰეთ თრიქია.

შაბათს გამართული შეხვედრის შემდეგ, მესის „სევილიას“ კარში 21 გოლი აქვს გატანილი. ანდალუსიური კლუბის კარი, „რეალთან“ ერთად, მესის საყვარელი სამიზნეა. რაც შეეხება მხოლოდ ლა ლიგაში გატანილ გოლებს, აქ, 18 ბურთით, მესის საყვარელი გუნდი ერთპიროვნულად „სევილიაა“.

„სევილიასთან“ მატჩი „ბარსელონასთვის“ სხვა მხრივაც იყო გამორჩეული. მიმდინარე სეზონში, ლა ლიგაში, სტანდარტიდან გოლი კატალონიელთა გარდა ყველა გუნდს ჰქონდა გატანილი. შაბათის მატჩში კი, ლუის ენრიკეს შეგირდებმა სტანდარტული მდგომარეობის შემდეგ 2 ბურთი გაიტანეს.

ამ ორ გოლს შორის იყო ხორდი ალბას ავტოგოლი. „ბარსელონას“ ფეხბურთელმა, ლა ლიგის საშინაო მატჩში, ბურთი საკუთარ კარში 2003 წლის მაისის შემდეგ პირველად ჩაჭრა. 11 წლის წინათ ეს ჰოლანდიელმა თავდამსხმელმა, პატრიკ კლუივერტმა გააკეთა.

„სევილიასთან“ მატჩში, მესის მსგავსად, შედეგიანი იყო ნეიმარიც, რომელმაც ერთი გოლი გატიანა და 2 საგოლე გადაცემაც გააკეთა. მიმდინარე სეზონში „ბარსელონას“ მიერ გატანილი 38 გოლიდან 31-ში მესიმ ან ნეიმარმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს, რაც გოლის გატანას, ან შედეგიანი გადაცემის გაკეთებას გულისხმობს.

რაც შეეხება „ბარსას“ მე-3 სამხრეთ ამერიკელ თავდამსხმელს, ლუის სუარესს - ის, ჯერჯერობით, მხოლოდ საგოლე გადაცემების კეთებითაა დაკავებული. ურუგვაელმა ვარსკვლავმა, „ბარსელონას“ მაისურით ჩატარებულ მე-5 შეხვედრაში თანაგუნდელებს მეოთხედ გაატანინა.

მესისავით მასშტაბური არა, მაგრამ რეკორდები დაამყარა კრიშტიანუ რონალდუმაც. მისმა „რეალმა“ მორიგი გასეირნება მოიწყო და „ეიბარი“ 4:0 გაანადგურა. არადა, ისტორიის გათვალისწინებთ, მადრიდულ გუნდს პრიმერას დებიუტანტებთან სტუმრად თამაში უჭირს. ბოლო 14 შეხვედრიდან, როდესაც „რეალი“ ლა ლიგაში პირველად მოთამაშე გუნდს ეწვია, „სამეფო კლუბს“ მხოლოდ 3 ჰქონდა მოგებული. მადრიდელებმა, ამჯერად, უპრობლემოდ იმარჯვეს.

სანამ რონალდუ გოლების გატანას შეუდგებოდა, მან თანაგუნდელს გაატანინა. პორტუგალიელის ჩაწოდებას ხამეს როდროგესმა ზუსტი თავური მოაყოლა და კოლუმბიელი პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც „ეიბარის“ მოედანზე, ლა ლიგაში, გოლი თავით გაიტანა.

თავად პორტუგალიელმა 2 გოლი გაიტანა და ის ესპანური ფეხბურთის ისტორიაში პირველი მოთამაშე გახდა, რომელსაც პრიმერაში 20 გოლის გასატანად მხოლოდ 12 ტური (რონალდუმ აქედან 1 ტური გამოტოვა) დასჭირდა. ცნობისთვის, ლა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში, რონალდუზე მეტი გოლი მხოლოდ 4 გუნდს აქვს გატანილი.

მე-2 გოლი რონალდუმ თერთმეტმეტრიანი დარტყმით გაიტანა. ის პრიმერას ისტორიაში მე-2 ფეხბურთელია, რომელმაც პირველ 12 ტურში 6 პენალტი გაიტანა. პორტუგალიელი, „რეალის“ ისტორიაში, ლა ლიგაში საუკეთესო პენალტისტია. მან 45-ე თერთმეტმეტრიანი გაიტანა და ამ მხრივ მადრიდელთა რეკორდსმენს, უგო სანჩესს გადაუსწრო. სამაგიეროდ, მექსიკელი ფეხბურთელი რეკორდს ინარჩუნებს პრიმერა დივიზიონის ისტორიაში. მის აქტივში 71 პენალტია. რონალდუ კი მეოთხე-მეხუთე ადგილებს იყოფს.

კრიშტიანუ რონალდუს მიერ გატანილი თერთმეტმეტრიანების რაოდენობა რეკორდული არა მხოლოდ „რეალისთვისაა“. მას შემდეგ, რაც პორტუგალიელმა მადრიდს მიაშურა, მან პენალტიდან ევროპაში (დათვლილია 5 წამყვანი ჩემპიონატის მონაცემები) ყველაზე მეტი პენალტი გაიტანა. მე-2 ადგილზე მყოფი იბრაჰიმოვიჩის ანგარიშზე 26 ზუსტი თერთმეტმეტრიანია.

„ეიბართან“ გამართული მატჩი ლა ლიგაში ზედიზედ მე-11 იყო, რომელშიც კრიშტიანუ რონალდუმ გოლი გაიტანა. ამაზე უკეთესი შედეგი მხოლოდ ლეო მესის (21) ჰქონია. ცნობისთვის, პრიმერას ზედიზედ 11 თამაშში გაუტანია ბრაზილიელ ლეგენდა რონალდოსაც, მაგრამ მან 10 ბურთი 1997 წელს, „ბარსელონას“ მაისურით გაიტანა, ხოლო ერთი 2002 წელს, „რეალის“ მაისურით.

რონალდუსა და ხამეს როდრიგესის გარდა, „ეიბარს“ ქარიმ ბენზემამაც გაუტანა, რომელმაც თავი ესპანეთის ჩემპიონატის ზედიზედ მე-5 შეხვედრაში გამოიჩინა.

„რეალს“, პრიმერას 12 ტურის შემდეგ, 46 გოლი დაუგროვდა. ესპანეთში ამაზე უკეთესი შედეგი მხოლოდ ერთხელ დაფიქსირებულა. 1930 წელს, „ბილბაომ“ 12 შეხვედრაში 56 გოლი გაიტანა.

რაც შეეხება კალენდარულ წელს - 2014 წლის განმავლობაში, ქვეყნის ჩემპიონატში, „რეალს“ უკვე 101 გოლი აქვს გატანილი, რაც ევროპის 5 წამყვან ჩემპიონატში საუკეთესო შედეგია. მე-2 ადგილზე მყოფი „ბაიერნის“ ანგარიშზე 83 ბურთია.

მოიგო მე-2 მადრიდულმა გუნდმაც, რომელიც სტანდარდებით და თავით გოლების გატანას განაგრძობს. „მალაგასთან“ 3:1 მოგებულ შეხვედრაში სიმეონეს გუნდმა 2 გოლი თავით გაიტანა. პირველი მათგანი კუთხურის მოწოდებას მოჰყვა, ხოლო მეორე - კუთხურის გათამაშებას. 12 ტურის შემდეგ, „ატლეტიკოს“ ანგარიშზე თავით გატანილი 13 გოლია.

„ატლეტიკოსა“ და „მალაგას“ შორის გამართულ შეხვედრაში ანგარიში მე-13 წუთზე, ტიაგოს ზუსტი თავურით გაიხსნა. ეს, მიმდინარე წლის მაისის შემდეგ, „მალაგას“ კარში თავით გატანილი პირველი გოლია. საინტერესოა, რომ 5 თვის წინათ, ანდალუსიელებმა თავური დარტყმის შემდეგ სწორედ „ატლეტიკოსგან“ გაუშვეს.

გასაკვირი არ ყოფილა, რომ „ვისენტე კალდერონზე“ გამართული თამაში „მალაგამ“ კაცნაკლულმა დაასრულა. მიმდინარე გათამაშებაშ, ხავი გარსიას შეგირდები მოედნიდან უკვე 6-ჯერ გააძევეს. არცერთი სხვა გუნდის ფეხბურთელებს სამ წითელ ბარათზე მეტი არ მიუღიათ.

ბოლო 4 თამაშიდან მესამე მოიგო „ბილბაომ“, რასაც ბასკები ადურისს უნდა უმადლოდნენ. 33 წლის თავდამსხმელი „ბილბაოს“ მაისურით ლა ლიგაში 159-ე თამაშს ატარებდა და პირველად მოხდა, რომ მან თავი გოლითაც გამოიჩინა და შედეგიანი გადაცემითაც.

3:0 დაწინაურებულ „ბილბაოს“ „ესპანიოლმა“ პრესტიჟის გოლი, რა თქმა უნდა, შეხვედრის მიწურულს გაუტანა. კატალონიელთა მიერ მიმდინარე სეზონში გატანილი 12 გოლიდან 8 ხომ თამაშის ბოლო 15 წუთში გავიდა.

იტალია

კვირას, იტალიური ფეხბურთის ერთ-ერთი მთავარი დაპირისპირება, მილანური დერბი გაიმართა. 21-ე საუკუნეში, „მილანსა“ და „ინტერს“ თანაბარი რაოდენობის, 13-13 „მადონინა“ ჰქონდათ მოგებული, ხოლო ფრედ მხოლოდ 3 თამაში იყო დასრულებული. უკანასკნელი 19 დერბიდან კი გამარჯვებული თვრამეტს ჰქონდა გამოვლენილი. ამ სტატისტიკის გათვალისწინებთ, კვირას გამართულ შეხვედრაში ყველაზე ნაკლებად ფრე იყო მოსალოდნელი, მაგრამ არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ „დერბი დელა მადონინას“ ისტორიაში ყველაზე პოპულარული ანგარიში 1:1 არის. უკანასკნელი დაპირისპირების ჩათვლით, „მილანმა“ და „ინტერმა“ დერბიში თითო ბურთის გატანა 26-ჯერ მოახერხა.

ანგარიში 23-ე წუთზე, ჟერმენი მენეზის გოლით გაიხსნა. 27 წლის თავდამსხმელი პირველი ფრანგი ფეხბურთელია 1999 წლის შემდეგ, რომელმაც მილანურ დერბიში გაიტანა. 15 წლის წინათ, „მილანის“ მცველმა, ბრუნო ნ’გოტიმ, ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა.

პირველ ტაიმში მეტი გოლი აღარ გასულა, რაც „მილანს“, ისტორიის გათვალისწინებით, ძალიან დიდ უპირატესობა აძლევდა. სერია A-ში გამართული ბოლო 13 დერბიდან 12 იმ გუნდს ჰქონდა მოგებული, რომელმაც ანგარიშის გახსნა მოახერხა. მილანურ დერბიში სტუმრის სტატუსით მოთამაშე „ინტერს“ კი, პირველი ტაიმის წაგების შემდეგ, „მადონინა“ ბოლო 81 წლის განმავლობაში არ ჰქონდა მოგებული. „ნერაძურიმ“ 1933 წლის აპრილიდან მოყოლებული არსებული ტრადიცია ვერ დაარღვია, მაგრამ არც წააგო. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სერია A-ს 12 ტურის შემდეგ, ორივე მილანურ გუნდს 5-ზე ნაკლები მოგება აქვს. ასეთი რამ 1994 წლის შემდეგ პირველად მოხდა.

2014 წლის 23 ნოემბერი მნიშვნელოვანი დღე გამოდგა ანტონიო დი ნატალესთვის. „უდინეზეს“ 37 წლის თავდამსხმელმა სერია A-ში თავისი მე-400 თამაში ჩაატარა და მე-200 გოლი გაიტანა.

12 თამაშიდან კარი მშრალად მეცხრეში შეინახა ტურინის „იუვენტუსმა“. ეს შედეგი, ევროპის 5 წამყვანი ჩემპიონატის მასშტაბით, საუკეთესოა. იგივე მაჩვენებელი აქვს მიუნხენის „ბაიერნსაც“.

„იუვეს“ რიგებში თავი მორიგი გოლით გამოიჩინა კარლოს ტევესმა. არგენტინელმა, რომელიც მიმდინარე გათამაშების საუკეთსო ბომბარდირია, უკანასკნელ 10 შეხვედრაში 9-ჯერ გაიტანა.

პირველ ტაიმში გატანილი გოლების წყალობით მოგებებს განაგრძობს „რომა“. დედაქალაქურმა გუნდმა „ატალანტას“ 2:1 სძლია და გარსიას შეგირდებმა ორივე გოლი შესვენებამდე გაიტანეს. „რომას“ მიერ მიმდინარე გათამაშებაში გატანილი 21 ბურთიდან 15 სწორედ პირველ ტაიმზე მოდის.

მიმდინარე სეზონში, აუტის მოწოდების შემდეგ უკვე მე-2 გოლი გაიტანა „ნაპოლიმ“. სხვა არცერთ გუნდს ერთი მსგავსი გოლიც კი არ გაუტანია. „ინტერთან“ კალიეხონის შემდეგ, აუტის მოწოდებას ზუსტი დარტყმა გონსალო იგუაინმა მოაყოლა, რომელმაც „კალიარის“ გაუტანა. არგენტინელმა თავდამსხმელმა, ბოლო 5 თამაშში, მე-7 გოლი გაიტანა.

„ნაპოლიმ“ მეტოქეს 3 ბურთი კი გაუტანა, მაგრამ მაინც ქულას დასჯერდა. ამის მიზეზი ისაა, რომ „კალიარი“ სტუმრად შედეგიანად თამაშობს. სარდინიელებმა, მეტოქის მოედანზე, უკვე 14 გოლი გაიტანეს, რაც „მილანის“ შედეგთან ერთად საუკეთესო მაჩვენებელია.

ისტორიაში პირველად, სერია A-ში 6-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს „სასუოლოს“, რომელმაც მე-12 ტურში „ტორინოს“ მოუგო. ტურინელთა უქულოდ დარჩენის მიზეზი ისაა, რომ ამ გუნდმა თერთმეტმეტრიანების დარტყმა ვერაფრით ისწავლა. „ტორინოს“ ფეხბურთელებმა სერია A-ში შესრულებული ბოლო 5 პენალტი გააფუჭეს. მიმდინარე გათამაშებაში, 3 თერთმეტმეტრიანი სამმა სხვადასხვა ფეხბურთელმა გააცუდა.

სერია A-ს გასულ ტურში საკუთარ კედლებში მოთამაშე არცერთ გუნდს არ მოუგია. ასეთი რამ 2012/13 წლების სეზონის 36-ე ტურის შემდეგ პირველად მოხდა.

ინგლისი

პრემიერლიგის ცენტრალური დაპირისპირება ლონდონში გაიმართა, სადაც „არსენალმა“ „მანჩესტერ იუნაიტედს“ უმასპინძლა. „წითელ ეშმაკებს“, „მეთოფეებთან“ გამართული ბოლო 14 თამაშიდან მხოლოდ ერთი ჰქონდათ წაგებული. მართალია, მიმდინარე სეზონში, „მანჩესტერი“ ძალიან ცუდ ფორმაშია, მაგრამ იგივე ეთქმის „არსენალსაც“ და აქედან გამომდინარე, ლონდონში სტუმართა გამარჯვება სენსაცია არ ყოფილა.

„მანჩესტერმა“, პირველ ტაიმში, რა თქმა უნდა, გოლი ვერ გაიტანა. პრემიერლიგაში ზედიზედ მეხუთედ მოხდა, რომ „წითელმა ეშმაკებმა“ პირველ ნახევარში მეტოქის კარის აღება ვერ მოახერხეს. ამ გუნდს ასეთი ცუდი სერია 2004 წლის ოქტომბრის შემდეგ პირველად აქვს.

„არსენალის“ კარში ერთი გოლი უეინ რუნიმ გაიტანა, რომელსაც ლონდონელთათვის, პრემიერლიგაში, უკვე 11 ბურთი აქვს გატანილი. არცერთ სხვა ფეხბურთელს „არსენალის“ კარში ამდენი არ გაუტანია. „მეთოფეები“, რუნისთვის, განსაკუთრებული მეტოქეა. მან პრემიერლიგაში თავისი პირველი და მე-100 გოლები სწორედ „არსენალს“ გაუტანა.

რუნიმ გოლი ანხელ დი მარიას გადაცემის შემდეგ გაიტანა. არგენტინელ შემტევს, 2014 წლის განმავლობაში, ქვეყნის ჩემპიონატში უკვე 20 შედეგიანი პასი აქვს გაკეთებული. ევროპაში მოთამაშე ვერცერთი სხვა ფეხბურთელი მსგავსი შედეგით ვერ დაიკვეხნის.

ამ წაგების შემდეგ, „არსენალს“, 12 თამაშში, 17 ქულა აქვს, რაც კლუბის ისტორიაში ყველაზე ცუდი სტარტია.

„მანჩესტერმა“ ზედიზედ მე-2 თამაში კი მოიგო, მაგრამ ვან გაალის გუნდმა ლიდერთან მიახლოება მაინც ვერ მოახერხა. ამის მიზეზი ისაა, რომ კვლავ 3 ქულა აიღო „ჩელსიმ“. ლონდონელთა რიგებში, როგორც უმეტეს შემთხვევაში ხდება ხოლმე, დიეგო კოსტამ გოლი გაიტანა, ხოლო სესკ ფაბრეგასმა შედეგიანი გადაცემა გააკეთა. კოსტა პრემიერლიგის ისტორიაში მე-3 ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ამ ტურნირზე თავის პირველ 10 მატჩში ათზე მეტი გოლი გაიტანა. გაესპანელებული ბრაზილიელის აქტივში 10 თამაშში 11 ბურთია. რაც შეეხება სესკ ფაბრეგასს, მან სეზონის სტარტზე 12 თამაშში 10 საგოლე გადაცემა გააკეთა, რაც პრემიერლიგაში აქამდე არასდროს მომხდარა. „ვესტ ბრომვიჩთან“ 2:0 მოგებულ შეხვედრაში ფაბრეგასმა სულ 153 გადაცემა გააკეთა, რაც პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშების რეკორდია.

„ჩელსის“, 12 ტურის შემდეგ, 32 ქულა აქვს. „არისტოკრატებს“, ამ ეტაპზე, ასეთი შედეგი აქამდე არასდროს ჰქონიათ.

მორიგი წარუმატებელი თამაში ჩაატარა „ლივერპულმა“, რომელმაც „კრისტალ პალასთან“ წააგო. მერსისაიდელებს, 12 ტურის შემდეგ, 14 ქულა აქვთ. ამაზე ცუდი შედეგი მათ მხოლოდ 1992 წელს ჰქონდათ, როდესაც 12 ტურში თავი მხოლოდ 13 ქულას მოუყარეს.

„ლივერპულმა“, ლონდონში გამართულ შეხვედრაში ანგარიშის გახსნა კი მოახერხა, მაგრამ „კრისტალ პალასთან“ თამაშის დროს ეს ბევრს არაფერს ნიშნავს. ნილ უორნოკის შეგირდებმა, იმ თამაშებში, რომლებშიც აგებდნენ, 7 ქულა მოაგროვეს. ამაზე უკეთესი შედეგი (9 ქულა) მხოლოდ „ჩელსის“ აქვს.

მეტოქის მოედანზე კვლავ ცუდად თამაშობს „ქუინს პარკ რეინჯერსი“. ამ გუნდმა, მიმდინარე გათამაშებაში, სტუმრად ჩატარებული ექვსივე თამაში წააგო, წინა სეზონის ბოლო 5 გასვლით შეხვედრაში კი მხოლოდ 1 ქულა აიღო

2014 წელს, პრემიერლიგაში ყველაზე მეტი გოლი „სუონსის“ თავდამსხმელს, ვილფრიდ ბონის დაუგროვდა. კოტ დ’ივუარელმა შემტევმა, „მანჩესტერ სიტისთან“ გამართულ შეხვედრაში, კალენდარული წლის განმავლობაში თავისი მე-17 ბურთი გაიტანა, მაგრამ მისი გუნდი მაინც უქულოდ დარჩა.

ინგლისის ჩემპიონშიფში, 18 თამაშიდან მე-6 უგოლო ფრე ითამაშა „შეფილდ უენსდეიმ“. ამ გუნდის თამაშებში მხოლოდ 26 გოლია გატანილი, რაც, ბუნებრივია, ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

გერმანია

ბუნდსელიგაში ლიდერობა კიდევ უფრო გაიმყარა „ბაიერნმა“, რომელიც 12 ტურის შემდეგ კვლავ წაუგებელია. მიუნხენური გუნდი ამ ეტაპზე წაუგებელი ისტორიაში სულ 5-ჯერ ყოფილა და პირველად მოხდა, რომ „რეკორდმაისტერმა“ ეს ზედიზედ ორ სეზონში მოახერხა.

პეპ გვარდიოლას შეგირდებმა „ჰოფენჰაიმი“ მშრალად დაამარცხეს, რაც იმას ნიშნავს, რომ „ბაიერნს“, 12 ტურში, მხოლოდ 3 ბურთი აქვს გაშვებული, ეს კი კლუბის ისტორიაში საუკეთესო შედეგია.

რობერტო დი მატეოს გუნდში მისვლის შემდეგ, „შალკე“ სტუმრად ყველა თამაშს კი აგებს, მაგრამ საკუთარ კედლებში ყოველთვის იგებს. გელზენკირხენელებმა მე-2 ადგილზე მყოფი „ვოლფსბურგი“ 3:2 დაამარცხეს. „მგლების“ მხრიდან თავი გამოიჩინა ნიკლას ბენდტნერმა, რომელმაც ბუნდესლიგაში „ვოლფსბურგის“ მე-900 გოლი გაიტანა.

წააგო მე-3 ადგილზე მყოფმა გუნდმაც. „გლადბახის“ უქულოდ დარჩენაში „დამნაშავე“ ჰავარდ ნორდტვეიტია. ბოლო ოთხ შემთხვევაში, როდესაც ნორვეგიელმა ნახევარმცველმა ბუნდესლიგაში გაიტანა, მისმა გუნდმა წააგო. ასე მოხდა ამჯერადაც. ნორდტვეიტმა, „აინტრახტთან“ გამართულ შეხვედრაში, ანგარიში გახსნა, მაგრამ მოგვიანებით სტუმრებმა 3 ბურთი გაიტანეს და ბოლო 5 თამაშში პირველი ქულები აიღეს.

მიმდინარე სეზონში პირველად, ერთ თამაშში 2 გოლი გაიტანა „ჰამბურგმა“, რომელმაც ზედიზედ მე-2 საშინაო თამაში შრალად მოიგო.

„ჰამბურგის“ მოგების შემდეგ, „შტუტგარტი“ ბოლო ადგილზე ერთპიროვნულად იმყოფება. „შვაბებს“, 12 ტურში, მხოლოდ 9 ქულა აქვთ. გუნდს ამაზე უარესი შედეგი მხოლოდ 1974 წელს ჰქონია.

„მაინცისა“ და „ფრაიბურგის“ შეხვედრა 2:2 დასრულდა. სტუმრებმა ორივე გოლი თავით გაიტანეს. ამდენივე თავური გოლი ჰქონდათ მათ გატანილი მთელი გასული სეზონის განმავლობაში. „ფრაიბურგმა“ რომ „მაინცთან“ მე-2 სართულზე იყოჩაღა, ეს გასაკვირი არაა იმის გათვალისწინებთ, რომ კასპერ ჰიულმანდის გუნდის მიერ გაშვებული ბოლო 7 გოლიდან 5 სწორედ თავურ დარტყმას მოჰყვა.

კვლავ თითქმის შეუძლებელია გამოიცნო, რომელი ფეხბურთელი გაიტანს გოლს „პადერბორნის“ მხრიდან. ამ გუნდის უკანასნკელი 11 ბურთი 11 სხვადასხვა ფეხბურთელის ანგარიშზეა.

საფრანგეთი

„საფრანგეთის“ ჩემპიონატში ზედიზედ მე-5 თამაში მოიგო „პარი სენ ჟერმენმა“, რომელიც თავისთვის რთულ სტადიონს სტუმრობდა. პსჟ-ს, „მეცთან“ გასვლაზე ჩატარებულ ბოლო 3 მატჩში 1 ფრე და 2 წაგება ჰქონდა. ამჯერად, დედაქალაქელებმა 3 ქულა აიღეს.

„მეცი“ რომ ქვეყნის ჩემპიონთან დამარცხდა, ამაში სიახლე არაფერია. ამ გუნდმა, ჩემპიონის სტატუსით მოთამაშე გუნდთან გამართულ ბოლო 9 თამაშიდან მე-8 წააგო, რის შემდეგაც საკუთარ კედლებში არსებული 7-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტა.

„მეცმა“ პირველ ტაიმში 2 გოლი გაუშვა, რაც ლიგა ერთში ამ გუნდის თამაშში 2008 წლის შემდეგ პირველად მოხდა. 6 წლის წინათ, „მეცის“ მეტოქე ასევე პსჟ იყო.

პირველ ტაიმში გატანილი 2 გოლიდან ერთი „მეცის“ ფეხბურთელმა საკუთარ კარში ჩაჭრა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ბოლო 2 სეზონის განმავლობაში, პსჟ-მ ავტოგოლებით 7-ჯერ იხეირა, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

„მეცმა“ ორივე გოლი თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან გაიტანა. ამ გუნდმა, მიმდინარე სეზონში, ყველაზე მეტი, 6 პენალტი დაარტყა.

ანგარიშის გახსნის მიუხედავად ქულების დაკარგვა ტრადიციად ექცა „მონაკოს“. ლეონარდუ ჟარდიმის შეგირდებმა, პირველი გოლის გატანის შემდეგ, უკვე 9 ქულა დაკარგეს.

ჰოლანდია

ჰოლანდიის ჩემპიონატში ზედიზედ მე-4 თამაში მოიგო „აიაქსმა“, მაგრამ ამსტერდამელებს კარის მშრალად შენახვა კვლავ უჭირთ. მათმა მეკარემ, იასპერ სილესენმა, მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 12 თამაშში უკვე მე-14 გოლი გაუშვა. გასულ გათამაშებაში, 25 მატჩში, მას მხოლოდ 13 ბურთი ჰქონდა მიღებული.

„აიაქსისგან“ განსხვავებით, გასული სეზონის შემდეგ შედეგები ბევრად გაუმჯობესებული აქვს პსვ-ს, რომელმაც 13 თამაშში თავი 31 ქულას მოუყარა. წინა სეზონში, ეინდჰოველებს 22 ტურის შემდეგ 30 ქულა ჰქონდათ.

პსვ-მ, მე-13 ტურში, „გრონინგენთან“ ქულები გაიყო. ეს ნიშნავს, რომ ფილიპ კოკუს გუნდმა, ბოლო 365 დღის განმავლობაში, პირველი ფრე ითამაშა. ბოლო შემთხვევა, როდესაც პსვ-მ ფრედ ითამაშა, ზუსტად ერთი წლით ადრე, 2013 წლის 23 ნოემბერს დაფიქსირდა.

უკვე 2 თვეა, „ფეიენორდმა“ მდევრის როლში ყოფნა რა არის არ იცის. ფრედ რუტენის შეგირდები უკანასკნელად 21 სექტემბერს, „აიაქსთან“ აგებდნენ. ამჯერად, მათ „დორდრეხტი“ დაამარცხეს, რომელსაც ფეხბურთელი ერედივიზიონის ზედიზედ მე-3 თამაშში გაუძევეს.

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
0.136267
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X