ფეხბურთი

0:59 | 8.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

ამხანაგური მატჩი „როსტოვის“ აკადემიასთან

7 ნოემბერს “ტორპედოს” საწვრთნელ ბაზაზე საერთაშორისო ამხანაგური მატჩი გაიმართა. ქუთაისელთა 18-წლამდე გუნდმა (მწვრთნელი - აკაკი კვერნაძე) რუსეთის პრემიერლიგის წარმომადგენლის, საფეხბურთო კლუბ „როსტოვის“ ვიქტორ პანედელნიკის სახელობის აკადემიის 1997 წელს დაბადებული ფეხბურთელებით დაკოპლექტებულ გუნდს (მწვრთნელი – სერგეი ზელიკოვი) უმასპინძლა.

როგორც „როსტოვის“ აკადემიის კოორდინატორმა, ვეტერანმა ფეხბურთელმა გოჩა მიქაძემ გვითხრა, სტუმრები საქართველოში იმერეთის ფეხბურთის ფედერაციის მოწვევით ერთი კვირის წინ ჩამოვიდნენ. რუსებმა აქამდე „ზესტაფონისა“ და „სამტრედიის“ ასაკობრივი გუნდები დაამარცხეს, შესაბამისად, 3:0 და 1:0.

მატჩს ქუთაისის „ტორპედოსა“ და რუსული „როსტოვის“ ყოფილი თავდამსხმელი მიხეილ აშვეთიაც ესწრებოდა. პირველი ტაიმი ტანმაღალმა როსტოველებმა, რომელთა შორის ერთი ქართველი ფეხბურთელი კირილე მჭედლიშვილიც გახლდათ, მაღალ დონეზე ჩაატარეს და ტორპედოელებს ყველა სათამაშო კომპონენტში აჯობეს.

ანგარიშით მათ სასარგებლოდ იყო 2:0. მეორე ტაიმში კი ქუთაისელებმა ხარისხობრივი თვალსაზრისით თამაში გაცილებით გამოასწორეს და მეტოქეს ბევრი პრობლემაც შეუქმნეს, მაგრამ საბოლოო ანგარიშიც პირველი ტაიმის დარჩა.

მიუხედავად მარცხისა, ახალგაზრდა ტორპედოელებისთვის ეს სპარინგი უდავოდ ნაყოფიერად უნდა ჩაითვალოს. გასულ შეხვედრაში გამარჯვებულს იმერეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვალერი მანაგაძემ სპეციალური თასი გადასცა. მეგობრულ ატმოსფეროში ორივე გუნდმა საერთო ფოტოც გადაიღო. "როსტოვის" ქართული ვოიაჟი უკვე დასრულდა.

„ტორპედო U-18“-მა შემდეგი შემადგენლობით იასპარეზა: კვერნაძე, ვარდოსანიძე (ზაქარიაძე 46), ნიშნიანიძე (მ. ქუთათელაძე 55), ჯოხაძე (ჭოხონელიძე 70), მარდალეიშვილი (გორდაძე 80), ა. ჭიჭინაძე (ღარწკია 75), გოგუაძე (ო. ქუთათელაძე 82), ო. ჭიჭინაძე (სილაგაძე 80), გოგლიჩიძე (ლომიძე 65), თავაძე, ჯავახაძე.

www.fctorpedo.ge

0.11426