ბელგიური საფეხბურთო კლუბის “გენკის” გენერალური მენეჯერის პატრიკ იანსენსის თქმით, მათ ოქრიაშვილის შესახებ არავითარი ინფორმაცია არ მიუღიათ და უცნობია თუ რატომ არ გამოცხადდა “ვესტერლოსთან” მატჩისთვის ქართველი კლუბში.
“ჩვენ არავითარი ინფორმაცია არ მიგვიღია. ვიდრე არ ვიცით რა ხდება, ახალ პოზიციას ვერ დავაფიქსირებთ” – იუწყება იანსენსის სიტყვებს ბელგიური ინტერნეტპორტალი voetbalnieuws.be.
ოქრიაშვილის მენეჯერის მამე ამიროვის განცხადებით, ფეხბურთელს ბელგიაში რამდენიმე დღეში ელის. მან ასევე დასძინა, რომ ზუსტად არ იცის ფეხბურთელის თავს რა ხდება.
საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ევრო-2016-ის შესარჩევ ციკლში გიბრალტართან მატჩის მერე ბელგიაში არ ჩასულა, რის გამოც, “გენკის” ხელმძღვანელობამ დუბლშემადგენლობაში გადაიყვანა.
გავრცელებული ინფორმაციით, ოქრიაშვილი ბელგიაში ოჯახური პრობლემების გამო არ ჩავიდა და ამჟამად თბილისშია.