რაგბი

20:48 | 7.07.2026 | ნანახია [] - ჯერ

20 წ. | გ ჯგუფი - ინგლისი ნახევარფინალში მე-13-ედ ითამაშებს

საქართველოში მიმდინარე მსოფლიო რაგბის ახალგაზრდული ჩემპიონატის გ ჯგუფი, ინგლისმა ქულათა მაქსიმუმით (15) მოიგო და თასის ნახევარფინალში მე-13-ედ ითამაშებს.

ინგლისს ჯგუფურ ეტაპზე ორი მძიმე თამაში ჰქონდა. პირველ ტურში ის ექვსი ერიდან ტრადიციულ მეტოქეს, ირლანდიას შეხვდა და ორი ლელოთი ჩამორჩა, თუმცა 10-12 წუთის შემდეგ ინიციატივას დაეუფლა და ტაიმი 24:12 მოიგო. მეორე ტაიმის მეორე ნახევარში, ორი წუთის ინტერვალით (67 და 69) გატანილი ლელოების შემდეგ, ირლანდიამ მეტოქესთან ჩამორჩენა 4 ქულამდე დაიყვანა, თუმცა იქვე ინგლისმა ჯარიმით უპასუხა და 34:27 გაიმარჯვა.

ამ თამაშში ირლანდიამ მეტოქეზე ერთით მეტი, 5 ლელო გაიტანა, მაგრამ მხოლოდ ერთი გარდასახვა გამოიყენა, ინგლისელებმა კი გარდასახვებთან ერთად ორი ჯარიმაც მიითვალეს. შედეგად, ინგლისს 5 საცხრილო, ხოლო ირლანდიას 2 ქულა ერგო.

პირველ ტურში 12 ლელო გაიტანა და დიდი უპირატესობით, 78:14 გაიმარჯვა აშშ-სთან არგენტინამ.

არგენტინელები მეორე ტურშიც დომინირებდნენ. ძლიერ ირლანდიასთან მათ თავიდანვე მოიპოვეს უპირატესობა და მეტოქის არაერთი მცდელობის მიუხედავად, სოლიდური სხვაობით - 62:40 იმარჯვეს, რითაც ჯგუფური ეტაპის) დასკვნით მატჩს ქულათა მაქსიმუმით (10) შეხვდნენ.

მეორე ტურში შედეგიანი თამაში აჩვენა აშშ-მაც, რომელმაც ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ერთ მატჩში ყველაზე მეტი - 40 ქულა მოიხვეჭა, თუმცა საბოლოოდ ინგლისმა მაინც დამაჯერებლად მოიგო და მანაც 10 ქულა მოაგროვა.

შედეგად, ინგლისსა და არგენტინას შორის, დასკვნით ტურში პირველობისთვის გადამწყვეტი მატჩი გაიმართა. ადრეული ლელოს მიღების მიუხედავად, ინგლისმა ტაიმის ბოლოს შეძლო უპირატესობის მოპოვება და 28:12 დაწინაურდა. ის ამ უპირატესობას დიდი ხნის განმავლობაში ინარჩუნებდა, მაგრამ დასკვნით წუთებში სინბინით ორი მოთამაშე დაკარგა. არგენტინამ შეძლო ორი გარდასახული ლელოს გატანა და სხვაობის 2 ქულამდე შემცირება, მაგრამ ბოლო შეტევისას ჯარიმა ვეღარ გამოიმუშავა და ინგლისმა 40:38 გაიმარჯვა.

შედეგად, ინგლისი 15 ქულით ჯგუფში პირველ ადგილზე გავიდა და 13 ივლისს „ავჭალაზე“ თასის ნახევარფინალს ითამაშებს. თბილისში რჩება და მე-5 ადგილის ნახევარფინალს „ავჭალაზე“ გამართავს არგენტინა, რომელიც 12 ქულით მეორე ადგილს დასჯერდა.

ირლანდია და აშშ კი ქუთაისში მიდიან. ირლანდიელებმა დასკვნით ტურში აშშ დიდი ანგარიშით, 73:22 დაამარცხეს და 8 ქულით მესამე ადგილი დაიკავეს. მე-9 ადგილის ნახევარფინალს ისინი ქუთაისში, „აია არენაზე“ 13 ივლისს გამართავენ. 1 ქულით ბოლო ადგილზე დარჩა აშშ და ასევე „აია არენაზე“, 12 ივლისს, მე-13 ადგილის ნახევარფინალი მოუწევს.

ნახევარფინალური წყვილები და გუნდების მეტოქეები დღის ბოლოს, ჯგუფური ეტაპების დასრულების შემდეგ გაირკვევა.

RUGBY.GE

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.178062