ფეხბურთი

3:30 | 7.07.2026 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუ: "მაქსიმუმი გავაკეთე, ჩემამდე პორტუგალიას ტიტული არ ჰქონდა, ახლა კი სამი აქვს"
"გულწრფელად, ევროპის ჩემპიონობა ჩემთვის ისეთივე მასშტაბურია, როგორც მსოფლიოს ჩემპიონობა"

პორტუგალიის ნაკრების ფეხბურთელმა კრიშტიანუ რონალდუმ მსოფლიოს ჩემპიონატის მერვედფინალში ესპანეთის ნაკრებთან მარცხის (0:1) შემდეგ ისაუბრა.

მან არ გააკეთა განცხადება სანაკრებო კარიერის დასრულების შესახებ, მაგრამ დაადასტურა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატი მისთვის ბოლო იყო. რონალდომ თქვა, რომ მისთვის ევროპის ჩემპიონატის ტიტული მსოფლიოს ჩემპიონატის მოგებას უდრის:

„ძალიან თანაბარი თამაში იყო, ესპანეთს ბოლოს გაუმართლა, მაგრამ ეს ფეხბურთია. კარგად ვითამაშეთ. ვწუხვარ, რომ ასე ვტოვებ მუნდიალს, მაგრამ ყველაფერი გავაკეთე, ჩემი მაქსიმუმი, თუმცა ეს ფეხბურთელის ცხოვრებაა: ზოგჯერ იმარჯვებ, ზოგჯერ მარცხდები. ეს ჩემი ბოლო მსოფლიოს ჩემპიონატი იყო, მაგრამ დანარჩენზე ფიქრისთვის დრო მექნება, ჩემს ოჯახთან ერთად. ცხელ გულზე გადაწყვეტილებებს არ ვიღებ.

ხვალ იგივენაირად გავიღვიძებ, როგორც დღეს გავიღვიძე: სუფთა სინდისით. ეროვნულ ნაკრებში 23 წელი ვითამაშე და სამი ტიტული მოვიგე. კრიშტიანუმდე პორტუგალიას არაფერი ჰქონდა მოგებული. ამ ტიტულებიდან ევროპის ჩემპიონატი ყველაზე მნიშვნელოვანი იყო. ჩემთვის, გულწრფელად რომ ვთქვა, ევრო 2016-ზე გამარჯვება ისეთივე მასშტაბურია, როგორც მსოფლიოს ჩემპიონატის მოგება. ნაკრებიდან წასვლა? გადაწყვეტილებებს ემოციურ ფონზე არ ვიღებ. ახლა, მე რას ვიზამ, მნიშვნელობა არ აქვს.

ძალიან მომეწონა მარტინესთან მუშაობა. ის შესანიშნავი ადამიანი და შესანიშნავი მწვრთნელია. მან პორტუგალიის ნაკრებთან ერთად ტიტული მოიგო და ამას არასდროს დავივიწყებ. ძალიან მადლიერი ვარ იმისთვის, რაც მან პორტუგალიისთვის გააკეთა. ახალ მწვრთნელზე საუბრისთვის შესაფერისი დრო არაა, ეს ჩემი გადასაწყვეტი არც არის“, - თქვა რონალდუმ.

შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუ რონალდუმ ექვს მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშა, 27 მატჩში 11 გოლი გაიტანა, მაგრამ ტურნირზე მედალი ვერ მოიპოვა და ეს ერთადერთი ტიტულია, რომელიც მის კარიერას დააკლდა. პორტუგალიის ნაკრებში რონალდუს ჯამში 233 შეხვედრაში 146 გოლი აქვს გატანილი.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.209448