კალათბურთი

23:12 | 5.07.2026 | ნანახია [] - ჯერ

ჯიკიჩი: "სანამ ერთად ვართ და ერთი მიმართულებით მივდივართ, ყველაფერი კარგად იქნება"
"ეს არის უნიკალური გუნდი, რომელმაც ისტორიული გამარჯვება მოიპოვა"

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ალეკსანდარ ჯიკიჩმა ესპანეთთან გამარჯვების (91:89) შემდეგ პრესკონფერენცია გამართა.

როგორც მან თქვა, ეს არის უნიკალური გუნდი, რომელმაც ისტორიული გამარჯვება მოიპოვა.

„მართლაც ისტორიული გამარჯვებაა. ეს უნიკალური გუნდია. უკვე ორნახევარი წელია აქ ვარ და ყოველ ჯერზე, როცა საქართველოში ჩამოვდივარ და ამ ადამიანებთან, ამ გუნდის წევრებთან ერთად დროს ვატარებ, რაღაც ახალს ვსწავლობ. ნელ-ნელა სულ უფრო კარგად ვხვდები, რამდენად ღრმაა ზოგიერთი ღირებულება ამ ქვეყანაში. საბოლოოდ, თქვენ გაქვთ თქვენი ქვეყანა, თქვენი რწმენა და ეს ყველაფერი დღეს ამ ბიჭების კალათბურთში გამოჩნდა. ისინი არასოდეს ნებდებიან და ბოლოს სწორედ ამიტომ გაიმარჯვეს. ეს ძალიან დიდი გამარჯვებაა. ვფიქრობ, ჩემმა გუნდმა დღეს უდიდესი ხასიათი და სიმტკიცე გამოავლინა. სწორედ ასეთი გამბედაობა გვჭირდებოდა. ბოლომდე მტკიცედ იდგნენ. ესპანეთი შესანიშნავი გუნდია. მათ ჰყავთ შესანიშნავი მწვრთნელები და ძალიან ძლიერი მეტოქეა. იმის შემდეგ, რაც უკრაინასთან შეხვედრის გარკვეულ მონაკვეთებში დაგვემართა, დღეს იმ სახით დაბრუნება, როგორც ეს შევძელით, თითოეულ ჩვენგანს კიდევ უფრო საამაყოს გვხდის. ძალიან ბედნიერი ვარ ჩემი ბიჭების გამო. ისინი ამ გამარჯვებას ნამდვილად იმსახურებდნენ.

ყველამ თავისი წვლილი შეიტანა, მათაც კი, ვინც დღეს ჩვენი მთავარი სათამაშო გეგმის ნაწილი არ იყო. ამიტომ, გულწრფელად ვფიქრობ, რომ ეს მთელი გუნდის გამარჯვებაა. შევძელით ისეთი რამის გაკეთება, რასაც თითქმის არავინ ელოდა. სწორედ ამიტომ არის ეს გამარჯვება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი, უფრო ისტორიული და მართლაც გამორჩეული.

ძალიან ველოდები მომდევნო საშინაო მატჩებს. მართლა მინდა, ეს დარბაზი მთლიანად სავსე ვიხილო - ბოლომდე გადაჭედილი, რადგან ჩვენ ერთი საერთო მიზანი გვაქვს. დიახ, შეცდომებს ვუშვებთ. მეც ვუშვებ შეცდომებს, მაგრამ სანამ ერთად ვართ და ერთი მიმართულებით მივდივართ, ყველაფერი კარგად იქნება. დღევანდელი გამარჯვება ამის კიდევ ერთი ნათელი დასტურია.

ჩემი საქმის ერთ-ერთი მთავარი ნაწილი ის არის, რომ ბიჭებს სწორი მიმართულება ვაჩვენო და დავეხმარო, ყველაფერი სწორად გააკეთონ. ზოგჯერ ჩემი საქმეა, მათი მიმართულება შევცვალო, თუ ვხედავ, რომ არასწორი გზით მიდიან. ზოგჯერ ჩემი საქმეა, განწყობა გამოვასწორო, ცოტათი გავამხნევო, გავაცინო. ზოგჯერ კი, პირიქით, ჩემი საქმეა, ზედმეტად არ ჩავერიო და არ გადავტვირთო ისინი მითითებებით. რაც დღეს მოხდა, ასე ვიტყოდი, ეს არ ყოფილა იმიტომ, რომ რაღაც განსაკუთრებული დავხაზე ტაქტიკურ დაფაზე ან რაიმე განსაკუთრებული ვუთხარი. თამაშის მიმდინარეობისას ბევრი რამ თავად აღმოვაჩინეთ. სიმართლე რომ ვთქვა, რამდენიმე ისეთი გადაწყვეტილებაც მივიღე, რომლებიც ჩემთვისაც უჩვეულო იყო. მაგალითად, ცვლილებები ან ის, რომ ერთ-ერთ მოთამაშეს თითქმის მთელი მატჩი ვათამაშე. არ ვიცი, თითქოს 100 წუთზე მეტი ითამაშა. (იცინის.) მსგავსი რამ ჩემს კარიერაში არასოდეს გამიკეთებია. მაგრამ საბოლოოდ ყველაზე მთავარი ის არის, რომ მოვიგეთ. ხალხი ბედნიერია, მოთამაშეები ბედნიერები არიან. ვფიქრობ, ეს ყველაფერზე მეტყველებს", - აღნიშნა ჯიკიჩმა.

საქართველოს ნაკრებმა პირველი ჯგუფური ეტაპი 3 გამარჯვებით და 3 მარცხით მესამე ადგილზე დაასრულა. მეორე ჯგუფურ ეტაპზე ეს შედეგები გუნდს გადაჰყვება, ისევე, როგროც ესპანეთს (5-1) და უკრაინას (4-2). ისინი მეორე ეტაპზე ერთმანეთს არ შეხვდებიან, სამაგიეროდ, სამი ახალი მეტოქე ეყოლებათ.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.161541