UFC-ის სუპერმსუბუქი დივიზიონის ქართველი მებრძოლი მერაბ დვალიშვილი MMA Junkie Radio-ს სტუმარი იყო, სადაც ქართველმა "მანქანამ" ილია თოფურიას ჯასტინ გეიჯისთან მარცხზე ისაუბრა. მერაბის თქმით, ეს მისთვის იმდენად მტკივნეული და ემოციური იყო, რომ დაძინებაც კი უჭირდა.
„ჩემთვის ილია მაინც გამარჯვებულია, რადგან ამ ბრძოლას იგებდა და ჯასტინ გეიჯის გათიშვასთანაც ძალიან ახლოს იყო, მეორე რაუნდის ბოლოს მას მხოლოდ დარტყმების გაგრძელება სჭირდებოდა და ყველაფერი დასრულდებოდა, მაგრამ ილიას გამარჯვება უფრო სანახაობრივად სურდა, ამიტომაც წავიდა მის დასაბმითებაზე, თუმცა სამწუხაროდ არ გამოვიდა და მივიღეთ ის, რაც მივიღეთ.
აუცილებლად უნდა აღვნიშნო რამდენიმე რამ, ილია პირველივე რაუნდიდან ფაქტობრივად ვერ ხედავდა და შემდეგ ბრძოლას ერთი თვალით აგრძელებდა. ჯასტინ გეიჯიმ შესანიშნავად იჩხუბა, მის მიმართ დიდი პატივისცემა მაქვს, მაგრამ ერთ ეპიზოდში ილიას თითი თვალში მოხვდა. სწორედ ამის შემდეგ, ვფიქრობ, მდგომარეობა კიდევ უფრო გაურთულდა. იმედი მაქვს, რომ ჯასტინი კარიერას არ დაასრულებს და ილიას რევანშის საშუალება ექნება. დარწმუნებული ვარ, რემატჩს ილია მოიგებს.
ილია ძალიან მიყვარს და შესაბამისად ჩემთვის ძალიან მძიმე კვირა იყო. ვიცი ამ ბრძოლისთვის რამდენს შრომობდა, ვიცი რა დონის მებრძოლია ილია და ამიტომ გული მეტკინა. მისი წაგების ნახვა ძალიან მძიმე იყო და ვერც კი ვიძინებდი. მიუხედავად ყველაფრისა მჯერა, ილია დაბრუნდება და გააგრძელებს მოგებების სერიას", - განაცხადა მერაბმა.
ილია თოფურია თეთრი სახლის ღონისძიებაზე ჯასტინ გეიჯის დაუპირისპირდა და ტექნიკური ნოკაუტით დამარცხდა. დიდი ზიანის გამო მისმა კუთხემ მეოთხე რაუნდის ბოლოს ბრძოლის შეჩერება მოითხოვა.







