ფეხბურთი

0:37 | 11.06.2026 | ნანახია [] - ჯერ

ფეხბურთელები, რომლებიც შეიძლება მუნდიალის აღმოჩენები გახდნენ

დღეს, მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატი ოფიციალურად დაიწყება და მომდევნო 5 კვირის განმავლობაშინ დიდი საფეხბურთო ციებ-ცხელება იქნება.

როგორც წესი, ყოველ მსოფლიოს ჩემპიონატს ჰყავს ფეხბურთელები, რომლებიც თავს განსაკუთრებით გამოიჩენენ ხოლმე. არ ვგულისხმობთ იმ ფეხბურთელებს, რომლებიც მუნდიალზე უკვე ვარსკვლავური სტატუსით თამაშობენ. დღეს, რამდენიმე ფეხბურთელს წარმოგიდგენთ, რომლებიც შეიძლება ამ მუნდიალის აღმოჩენა ფეხბურთელები გახდნენ.

იბრაჰიმ მაზა (ალჟირი)

ალჟირი მსოფლიოს ჩემპიონატზე 2014 წლის შემდეგ დაბრუნდა და შესანიშნავი შეტევის ხაზი ჰყავს: ვარსკვლავი რიად მაჰრეზია, იქვეა საკვალიფიკაციო ეტაპის ბომბარდირი მოჰამედ ამურა, აგრეთვე, ამინ გური და უსამ ოუარი. ამის ფონზე ახალგაზრდა შემტევისთვის ალჟირის ძირითად შემადგენლობაში მოხვედრა ადვილი არაა, მაგრამ იბრაჰიმ მაზას საამისოდ ყველაფერი აქვს.

20 წლის ფეხბურთელმა კარგი სეზონი ჩაატარა „ლევერკუზენში“, სადაც გასულ წელს ბერლინის „ჰერტადან“ გადავიდა. სეზონის განმავლობაში ძირითად შემადგენლობაშიც დამკვიდრდა, 5 გოლი გაიტანა და 6 საგოლე პასი გააკეთა. მეტსახელიც აქვს - მაზადონა. მას სათამაშო სტილით ფლორიან ვირტცს ადარებენ, „მანჩესტერ სიტი“, „არსენალი“ და „ატლეტიკო“ კი ყურადღებით აკვირდებიან. ახლა მაზა მხოლოდ მუნდიალზე ფიქრობს, ძალიან თავდაჯერებულიცაა, რადგან უკვე აღნიშნა, რომ პირველ ტურში ლიონელ მესის დაამარცხებენ.

ნესტორი ირანკუნდა (ავსტრალია)

2022 წლისგან განსხვავებით, როცა ავსტრალია მერვედფინალში გამოცდილი ფეხბურთელებით გავიდა, ახლა გუნდი ახალგაზრდა ტალანტებს დაეყრდნობა. თავდამსხმელმა მოჰამედ ტურემ სეზონის მეორე ნახევარში „ნორვიჩში“ ბევრი გოლი გაიტანა, „კოლორადო რაპიდსში“ კარგი სეზონი ჰქონდა ლუკას ჰერინგტონსაც და შეიძლება მალე ევროპაში გადავიდეს.

თუმცა, ყველაზე საინტერესო ნესტორი ირანკუნდაა. თავდამსხმელი, რომელიც 2024 წელს „ბაიერნმა“ შეიძინა, მაგრამ გერმანიაში მას დებიუტი არ ჰქონია. სამაგიეროდ, გასულ სეზონში „უოტფორდში“ გაიბრწყინა. ძლიერი ცაციით გამოირჩევა, სახიფათოა სტანდარტებზე და მუნდიალზე „სოკეროსის“ X-ფაქტორი შეიძლება გახდეს.

კერიმ ალაიბეგოვიჩი (ბოსნია)

ყველა ახალგაზრდა მსოფლიოს ჩემპიონატზე ძირითადი შემადგენლობის წევრი არ იქნება, მაგრამ კერიმ ალაიბეგოვიჩმა სამწვრთნელო შტაბის ნდობა მოიპოვა და ბოსნიაც მუნდიალზე 2014 წლის შემდეგ პირველადაა. მარტში უელსთან და იტალიასთან პლეი-ოფში მან შეცვლაზე ითამაშა, მაგრამ ახლა თითქოს, მზადაა ძირითად შემადგენლობაში ითამაშოს პირველ ტურში კანადასთან.

გასულ სეზონში „ზალცბურგში“ 13 გოლი გაიტანა, რითაც „ლევერკუზენი“ დაარწმუნა, რომ მისი სატრანსფერო უფლებები დაებრუნებინა. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ალაიბეგოვიჩი მომდევნო სეზონში „ბაი არენაზე“ ითამაშებს: სხვა გუნდები მისით დაინტერესებული არიან.

პაველ სულჩი (ჩეხეთი)

ფრანგული ფეხბურთის მოყვარულებისთის პაველ სულჩი ნაცნობი სახეა. აი, ვინც ლიგა 1-ს არ უყურებს, მუნდიალი შანსი იქნება, რომ ჩეხური ფეხბურთის ახალი ვარსკვლავი აღმოაჩინოს.

აგვისტოში ის „პლზენიდან“ „ლიონში“ გადავიდა, სადაც გასულ სეზონში ყველა ტურნრიზე 14 გოლი გაიტანა და 7 საგოლე პასი გააკეთა. ის უფრო გამტამაშებელია, მაგრამ ფლანგზე და ფორვარდის პოზიციაზე თამაშიც შეუძლია. ჩეხეთი ფავორიტებს შორის არ არის, მაგრამ მისი წყალობით ბოლო 30 მეტრში მაინც სახიფათო გუნდია.

ნოა სადიკი (დრ კონგო)

პრემიერლიგაში ახალაღზევებული „სანდერლენდისთვის“ მეშვიდე ადგილი და ევროპა ლიგაზე გასვლა შესანიშნავი შედეგია, რაც დიდწილად ახალწვეული ფეხბურთელების დამსახურებით მოახერხა.

გრანიდ ჯაკა, ნორდი მუკიელე, რობინ რუფსი და ბრაიან ბრობი, მაგრამ „სანდერლენდის“ ფანებისთვის ნოა სადიკი საკვანძო შენაძენი იყო. ის ინგლისში ბელგიის ჩემპიონ „უნიონიდან“ გადავიდა და მაშინვე შეადარეს ნგოლო კანტეს, თავისი ფიზიკური მონაცემებისა და მოედანზე ჭკვიანური მოქმედებების გამო. კონგოსთვის ეს იქნება პირველი მუნდიალინ 1974 წლის შემდეგ, როცა ჯერ კიდევ ზაირის სახელით გამოდიოდა და ეცდება, ჩრდილოეთ ამერიკაში სიურპრიზი მოაწყოს. 21 წლის ტალანტს კი შეუძლია თამაშებზე გავლენის მოხდენა.

იან დიომანდე (კოტ დივუარი)

თუ ფეხბურთელი 100 მილიონი ღირს და თითქმის გადაწყვეტილია, რომ მომდევნო კვირებში მინიმუმ ამ ფასად მისი ტრანსფერი შედგება, ეს ნიშნავს, რომ ძალიან ნიჭიერა.

დიომანდე ბუნდესლიგის სეზონის საუკეთესო დებიუტანტად აღიარეს, მან „ლაიფციგში“ 12 გოლი გაიტანა და 8 საგოლე პასი გააკეთა. გაიზარდა აშშ-სა და ლეგანესში, გერმანიაში კი გაიბრწყინა, ახლა მისი დამატება პსჟ-ს და „ლივერპულს“ სურთ. ორივე ფლანგზე თაამში შეუძლია, მაგრამ კოტ დივუარის ნაკრებში ალბათ, მარცხენა გარემარბი იქნება.

გილბერტო მორა (მექსიკა)

გილბერტო მორა მსოფლიოს ჩემპიონატზე ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია. მიუხედავად ასაკისა, ის მექსიკის ნაკრების მომავლად მიიჩნევა. მხოლოდ 17 წლისაა, მაგრამ „ტიხუანას“ ნახევარმცველი თითქმის ერთი წელია ხავიერ გიერს გუნდის შეუცვლელი წევრია. 2026 წელს ოთხი თვე გაუცდა ტრავმის გამო, მაგრამ უკვე ფორმაშია და მზადაა რაულ ხიმენესის ზურგსუკან ითამაშოს. ევროპის ძლიერი კლუბები მას აკვირდებიან.

ანტონიო ნუსა (ნორვეგია)

ნორვეგია მუნდიალზე 28-წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა და ყველას ყურადღება ერლინგ ჰოლანდზეა, რომელიც პირველ დიდ სანაკრებო ტურნირს ითამაშებს. გარკვეული ყურადღება „არსენალის“ კაპიტან მარტინ ოდეგორზეც იქნება, აგრეთვე ალექსანდერ სორლოთზეც.

თუმცა, ანტონიო ნუსა ნორვეგიის ნაკრებში ძალიან სახიფათო ფეხბურთელია. მეტსახელად - ნორვეგიელი ნეიმარი, რომელსაც „სტაბეკში“ დებიუტი 16 წლისას ჰქონდა, შემდეგ მან კარიერა „ბრიუგესა“ და „ლაიფციგში“ გააგრძელა. ბოლო ორ სეოზნში დაამტკიცა, რომ ნამდვილი ტალანტია. ის ნებისმიერი დაცვისთვის საფრთხეს წარმოადგენს. მუნდიალზე ის ჰოლანდს პასებით მოამარაგებს, მაგრამ არც ის გაგიკვირდეთ, თუ რამდენიმე შორეულ დარტყმას განახორციელებს. ნაკრებში შესანიშნავი სტატისტიკა აქვს - 24 მატჩი, 8 გოლი და 9 საგოლე პასი.

ბენ განონ-დოაკი (შოტლანდია)

პარალელურ სამყაროში ბენ განონ-დაკი უკვე პოპულარული იქნებოდა პრემიერლიგაში და მზად იქნებოდა „ენფილდზე“ მოჰამედ სალაჰის შესაცვლელად. თუმცა, რეალობაში მისი ახალგაზრდული კარიერა ისე არ განვითარდა, როგორც ელოდნენ.

„სელტიკის“ აკადემიაში გაიზარდა, „ლივერპულში“ გადასვლისთანავე მიიპყრო ყურადღება და ადარებდნენ უეინ რუნისაც თავისი ფიზიკური უნარების გამო. 2023 წის დეკემბერში კლოპმა ის შეცვლაზე ათამაშა, მაგრამ ბოლო ორი სეზონის განმავლობაში მენისკის ტრავმები აწუხებდა.

მიუხედავად ამისა, შარშან „ბორნმუთმა“ მასში 33 მილიონი ევროს ინვესტიცია განახორციელა. 20 წლის ასაკში შოტლანდიის ნაკრებში 14 მატჩის ჩატარება მოასწრო. მას შეუძლია სტივ კლარკის შოტლანდია ისტორიაში პირველად მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფიდან გაიყვანოს.

იოჰან მანზამბი (შვეიცარია)

ვინც უყურა ევროპა ლიგაზე „ფრაიბურგის“ ფინალისკენ სვლას, იცის იოჰან მანზამბის წვლილი როგორი იყო, რომელიც გახლდათ სრული პროტაგონისტი „ფრაის“ ისტორიაში პირველად ევროპულ ფინალში გასვლაში. მისნაირი უნარების მქონე ფეხბურთელი იშვიათია - ევროპის ტოპკლუბებმაც ეს იციან.

მსოფლიოს ჩემპიონატზეც თუ წარმოაჩენს თავის ნიჭს, სატრანსფერო ბაზარზე მოთხოვნადი გახდება. ნახევარდაცვაში გრანიტ ჯაკასთვის იდეალური პარტნიორია: ფარავს სივრცეებს, იბრუნებს ბურთს და ჯაკას საშუალებას აძლევს, თამაში აკონტროლოს. მას გოლების გატანაც შეუძლია: გასულ სეზონში „ფრაიბურგში“ 7 გოლი გაიტანა, შვეიცარიის ნაკრებში კი 12 მატჩში 3 გოლი აქვს გატანილი. სრულყოფილი ფეხბურთელია.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.170787