ფეხბურთი

19:24 | 16.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

ბუდუ ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმი" ბუნდესლიგიდან გავარდა

„ჰაიდენჰაიმი“ ბუნდესლიგიდან გავარდა. ბუდუ ზივზივაძის გუნდს ბოლო ტურში უმოტივაციო „მაინცთან“ აუცილებლად უნდა მოეგო, მაგრამ დამარცხდა.

მატჩის ბედი პრაქტიკულად პირველ ტაიმში გადაწყდა, როცა „მაინცი“ ორბურთიანი უპირატესობით დაწინაურდა და ფრანკ შმიდტის გუნდმა მერე ვერაფერი შეცვალა. „მაინცის“ მხრიდან გოლები ფილიპ ტიეტცმა და ნადიმ ამირიმ გაიტანეს და 0:2. ბუდუ ზივზივაძემ შეუცვლელად ითამაშა, ორჯერ გოლის გატანაც შეეძლო, მაგრამ მეკარემ აჯობა.

„ჰაიდენჰაიმმა“ სეზონი 26 ქულით მე-17 ადგილზე დაასრულა და 3 სეზონის შემდეგ ისევ II ბუნდესლიგას დაუბრუნდა. ქვედა ლიგაში გავარდა „ზანკტ პაულიც“, რომელმაც 26 ქულით მე-18 ადგილი დაიკავა. „ვოლფსბურგი“, რომელმაც სტუმრად „ზანკტ პაული“ 3:1 დაამარცხა, პლეი-აუტში ითამაშებს გადარჩენისთვის II ბუნდესლიგის მესამეადგილოსანთან.

ბუნდესლიგის ბოლო ტურში ირკვეოდა მეოთხე ადგილის ბედიც, რომელიც „შტუტგარტს“ ერგო. "ბაიერნმა" 5:1 გაანადგურა "კიოლნი", ჰარი კეინმა ჰეთ-თრიქი შეასრულა. ვენსან კომპანის გუნდმა სეზონი 122 გოლით დაასრულა და მადრიდის "რეალის" შედეგი გააუმჯობესა, რომელსაც ერთ სეზონში 121 გოლი ჰქონდა გატანილი, მაგრამ ხელუხლებელია "ტორინოს" რეკორდი, რომელმაც 1947-1948 წლების სეზონში 125 გოლი გაიტანა.

შესაბამისად, ჩემპიონთა ლიგაზე „ბაიერნი“, „დორტმუნდი“, „ლაიფციგი“ და „შტუტგარტი“ გავიდნენ, ევროპა ლიგაზე „ჰოფენჰაიმი“ და „ლევერკუზენი“, ხოლო „ფრაიბურგი“ კონფერენს ლიგაზე, მაგრამ „ფრაის“ შანსი აქვს ჩემპიონთა ლიგაზე გავიდეს, თუ ევროპა ლიგას მოიგებს, სადაც ფინალში „ასტონ ვილას“ უნდა შეხვდეს.

ბუდუ ზივზივაძემ 2025-2026 წლების სეზონში 20 მატჩში 6 გოლი გაიტანა. შედარებისთვის, გასულ სეზონში "ჰაიდენჰაიმის" მაისურით ნახევარ სეზონში 17 თამაშში 2 გოლით და 3 საგოლე პასით გამოირჩა, ხოლო მანამდე, სეზონის პირველ ნახევარში "კარლსრუეს" მაისურით II ბუნდესლიგაში 12 გოლი მიითვალა. ის პირველი ფეხბურთელია "ჰაიდენჰაიმის" ისტორიაში, რომელმაც ბუნდესლიგაში ზედიზედ ოთხ მატჩში გოლი გაიტანა (5 გოლი - „უნიონის“, „ფრაიბურგის“, „ზანკტ პაულისა“ და „ბაიერნის“ წინააღმდეგ).

ზივზივაძეს "ჰაიდენჰაიმთან" კონტრაქტი 2029 წლის ზაფხულამდე აკავშირებს და ჯერჯერობით უცნობია, დარჩება თუ არა, გუნდში მომდევნო სეზონშიც.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.160809