იტალიის სერია A-ს 27-ე ტურში „რომამ“ „იუვენტუსს“ უმასპინძლა და საინტერესო შეხვედრა ფრედ დასრულდა.
ისინი მეოთხე ადგილისთვის ბრძოლაში პირდაპირი კონკურენტები არიან, ამიტომაც, ქულების მოპოვება ორივესთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო.
„რომამ“ პირველი ტაიმი მოიგო, ვესლი ფრანკას დიდებული გოლით, მაგრამ მეორე ტაიმი გაცილებით დრამატული გამოდგა. 47-ე წუთზე ფრანსისკო კონსეისაომ ბრწყინვალე დარტყმით გაიტანა და წონასწორობა აღადგინა.
შემდეგ უპირატესობას „რომა“ დაეუფლა, რომელმაც 10-წუთიან ინტერვალში ორჯერ გაიტანა. ჯერ ევან ნდიკამ დალაშქრა ტურინელთა კარი, ხოლო შემდეგ დონიელ მალენმა სხვაობა ორამდე გაზარდა.
ლუჩანო სპალეტის გუნდი განწირული ჩანდა, მაგრამ მებრძოლი ხასიათი გამოავლინა: 78-ე წუთზე ჟერემი ბოგამ შეამცირა ჩამორჩენა, ხოლო მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში სტუმრებმა წონასწორობა აღადგინეს. თავი ფედერიკო გატიმ გამოიჩინა და „იუვეს“ უმნიშვნელოვანესი ქულა გადაურჩინა, იმიტომ, რომ წაგების შემთხვევაში ტურინული გრანდი „რომას“ 7 ქულით ჩამორჩებოდა, ახლა სხვაობა 4 ქულაა. ეს შეიძლება სეზონის ბოლოს გადამწყვეტი გამოდგეს.
აღსანიშნავია, რომ „იუვეს“ სერია A-ში ერთი თვეა არ მოუგია - 2 ფრე, 2 წაგება და 47 ქულით მხოლოდ მეექვსე ადგილზეა, ხოლო „რომა“ 51 ქულით მეოთხე საფეხურს იკავებს.
„რომა“ – „იუვენტუსი“ 3:3 (1:0)
გოლები: 1:0 ვესლი (39), 1:1 კონსეისაო (47), 2:1 ნდიკა (54), 3:1 მალენი (65), 3:2 ბოგა (78), 3:3 გატი (90)





