საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეხუთე ტურში ესპანეთის ნაკრებთან მატჩის (0:4) შემდეგ პრესკონფერენცია გამართა.
„თამაშის შედეგი ბევრ რამეზე მეტყველებს, განსაკუთრებით იმაზე, რომ დაცვაში საკმაო მუშაობა მოგვიწევს. რიგ მომენტებში სუსტად გამოვუყურებოდით, თუმცა, გვქონდა შედარებით გაუმჯობესება წინა მატჩებთან შედარებით, უფრო შეტევში, რამდენიმე მომენტი გვქონდა, ბურთის ფლობაც უკეთესი იყო. მთავარი ის არის, რომ ამჯერად ბიჭები ბოლომდე იხარჯებოდნენ და იყო რამდენიმე დადებითი ფაქტორი. თუმცა, როცა ასეთი კლასის გუნდს ეთამაშები, დაცვაში ბევრად უფრო თავდაჯერებულად უნდა ითამაშო.
მოგეხსენებათ, მარტიდან მოყოლებული არის თაობათა ცვლის პროცესი, ეს საჭიროა და პირველ რიგში, დაცვის ხაზში. არ მგონია, რომ ვინმე რომ მოვიდეს ჩემს ნაცვლად, მოახერხოს სწრაფად ამ ცვლლებების გაკეთება. 5 წლის მერე ალბათ, კარგად მიცნობთ და გულწრფელად ვლაპარაკობ ყველა პრობლემაზე, გამოწვევაზე და ამჟამად რთულ პერიოდს გავდივართ. შემიძლია გითხრათ, რომ დაცვითი ხაზის გადახალისებას საკმაო დრო დასჭირდება, მომენტალურად არ მოხდება, მაგრამ მჯერა, რომ ამას შევძლებთ და მომდევნო მატჩებისთვის მარტსა და სექტემბერში, უფრო ვიქნებით მზად. მჯერა, რომ ბევრად უკეთეს გუნდს იხილავთ.
პირველ რიგში, შევხედავთ ფეხბურთელების ფიზიკურ მდგომარეობას, თუმცა, ბულგარეთთან შემადგენლობაში გარკვეული ცვლილებები იქნება. რაც შეეხება ბერიაშვილს, ის უკვე გამოვიძახეთ ნაკრებში და ბულგარეთთან მატჩისთვის შემოგვიერთდება.
ესპანეთი მსოფლიოს საუკეთესო გუნდია. მათი სათამაშო სტილი, ბურთის ფლობა, ვნება, ტემპი განსხვავებულია და რამაც ჩვენს ბევრ მოთამაშეს პრობლემები შეუქმნას. იმიტომ რომ ასეთ თამაშში დარჩენა ადვილი არ არის. თამაშში დარჩენას ძალიან მომწიფებული გუნდი სჭირდება, ყველა ეპიზოდში, ყოველ წუთში სრული კონცენტრაცია უნდა შეინარჩუნო. ჩვენთვის კი, განსაკუთრებით ჩვენი ბევრი ფეხბურთელისთვის, რომლებიც ძალიან ახალგაზრდები არიან, ეს რთულია. ისინი ვერ ახერხებენ ყოველთვის იმას, რაც მათ მოეთხოვებათ. მათ ასევე აკლიათ გამოცდილება ასეთ ურთულეს შეხვედრებში. ვიცი, ასეთ თამაშის შემდეგ მუდამ ცოტა სევდა რჩება, რადგან ზეწოლა დიდია. ესპანეთსა და საქართველოს შორის განსხვავება ძალიან დიდია. ძალიან დიდი. შეიძლება პრობლემას ათი სხვადასხვა კუთხით შეხედო, მაგრამ ეს განსხვავება მაინც იქნება, ეს ქვეყანა ფეხბურთში ყოველთვის ჩვენზე სამი–ოთხი ნაბიჯით წინ იქნება. მაგრამ, როგორც ვთქვი, დღევანდელი თამაში ბევრად უკეთესი იყო, ვიდრე წინა და ეს მაფიქრებინებს, რომ რაღაცები ნამდვილად შეიცვალა. ამ გზით უნდა გავაგრძელოთ. რადგან ამ ეტაპზე ვიცით, რომ ჩვენი დაცვა, დაცვითი ორგანიზაცია ცოტა მოიკოჭლებს. თუმცა მე დარწმუნებული ვარ, რომ სწორედ ამ გზით დავუბრუნდებით პოზიტიურ დინამიკას და შევძლებთ ისეთივე მომავლის აშენებას, როგორიც შარშან გვქონდა.
დე ლა ფუენტესთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს, თითქოს, ბავშვობიდან ვიცნობ. ვუთხარი, რომ ეს არის ბოლო თამაში, როცა მის წინააღმდეგ ვთამაშობ. ეს ბოლოა. აღარ მინდა მის წინააღმდეგ თამაში და თუ მომიწევს, სამსახურიდან წავალ (იღიმის - რედ). ესპანეთი ის გუნდია, რომელმაც ბოლო წლებში ჩვენთვის ყველაზე მეტი პრობლემა შექმნა. თუმცა უბრალოდ შეყვარებული ვარ ამ გუნდზე. შეყვარებული ვარ ყველაფერზე, რაც მათშია. იმიტომ რომ ეს არის ყველაფერი, რაც ფეხბურთში მიყვარს. ყველაფერი, რასაც ისინი აკეთებენ, იდეალურად არის შესრულებული. ტექნიკა იდეალურია. მათთვის ყოველთვის გუნდია მთავარი, არა ინდივიდუალური ფეხბურთელები. ეს არის უბრალოდ ის ფეხბურთი, რომელიც მიყვარს. ვეცდებით, რომ ჩვენც ამ გზით წავიდეთ, ვისურვებდი, რომ ერთხელაც, ასე ჩვენც ვითამაშოთ“, - თქვა სანიოლმა.
საქართველოს ნაკრები მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპს და ზოგადად, 2025 წელს, 18 ნოემბერს, სოფიაში, ბულგარეთის ნაკრებთან მატჩით დაასრულებს.






