საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ნოემბრის ტესტების სერია ბათუმში, აშშ-ს ნაკრებთან მატჩით დაიწყო, რომელშიც გაიმარჯვა.
რიჩარდ კოკერილის გუნდს საკმაოდ გაუჭირდა, მაგრამ მეორე ტაიმში მეტოქე მაინც გატეხა და საბოლოოდ, 43:30 გაიმარჯვა. ანგარიში მეორე წუთზე „ბორჯღალოსნებმა“ ირაკლი ქვათაძის ლელოთი გახსნეს, რომელიც თედო აბჟანდაძემ გარდასახა. შემდეგ სტუმრებმა მოიპოვეს უპირატესობა და ზედიზედ სამი გარდასახული ლელო მიითვალეს, რის შედეგადაც 21:7 დაწინაურნდნენ.
ქართველმა მორაგბეებმა ამას პასუხი შესვენებამდე გასცეს: გიორგი კვესელაძემ შესანიშნავი შეტევა ლელოთი დააგვირგვინა, მერე ბექა გორგაძემ დაამიწა ბურთი, ხოლო შემდეგ კვესელაძემ დუბლი შეასრულა. ამ სამიდან ორი ლელო აბჟანდაძემ გარდასახა. ტაიმის ბოლოს ამერიკელებმა ჯარიმა გაიტანეს და ჩამორჩენა შეამცირეს - 26:24.
მეორე ტაიმის სტუმართა ჯარიმით გაიხსნა და აშშ 27:26 დაწინაურდა, თუმცა ამის შემდეგ საქართველოს ნაკრებმა მეტოქეს აჯობა. 64-ე წუთზე ლუკა ჯაფარიძემ დაალელოვა მეტოქე, აბჟანდაძემ გარდასახა. თედომ მალევე ჯარიმით მიითვალა სამი ქულა, რასაც ამერიკამ ჯარიმით უპასუხა. ბოლო წუთამდე ანგარიში 36:30 იყო, ამერიკას შანსი რჩებოდა, მაგრამ გელა აფრასიძემ მიითვალა შეხვედრის ბოლო ლელო, ხოლო აბჟანდაძემ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 43:30.
საქართველოს ნაკრები მომდევნო ამხანაგურ მატჩის 15 ნოემბერს, ისევ ბათუმში ჩაატარებს, ამჯერად კანადის ნაკრებთან, ხოლო სერიებს 22 ნოემბერს, თბილისში, იაპონიასთან მატჩით დაასრულებს.
საქართველო - აშშ 43:30 (26:24)
ქულები: 5:0 ქვათაძე (2), 7:0 აბჟანდაძე (3), 7:5 ბესაგი (7), 7:7 კარტი (8), 7:12 ფიკერი (15), 7:14 კარტი (16), 7:19 ბესაგი (18), 7:21 კარტი (19), 12:21 კვესელაძე (21), 14:21 აბჟანდაძე (22), 19:21 გორგაძე (29), 24:21 კვესელაძე (33), 26:21 აბჟანდაძე (34), 26:24 კარტი (40), 26:27 კარტი (50), 31:27 ჯაფარიძე (64), 33:27 აბჟანდაძე (65), 36:27 აბჟანდაძე (72), 36:30 კარტი (78), 41:30 აფრასიძე (80), 43:30 აბჟანდაძე (80)









