მადრიდის „ატლეტიკოს“ მცველი რობინ ლე ნორმანი ტრავმირებულია და შესაბამისად, უახლოეს მატჩებში ვერც ესპანეთის ნაკრებს დაეხმარება.
ლე ნორმანმა დაზიანება „უნიონ სენ-ჟილთან“ შეხვედრაში მიიღო და 26-ე წუთზე შეცვალეს. სამედიცინო შემოწმებამ ტრავმა დაადასტურა, მაგრამ მყესები გაწყვეტილი არ აქვს, რაც დადებითი ამბავია. თუმცა, მცველს რამდენიმე კვირით უქმობა მაინც მოუწევს.
ეს ნიშნავს, რომ ლე ნორმანი 15 ნოემბერს, თბილისში, საქართველოს ნაკრების წინააღმდეგაც ვერ ითამაშებს.
შეგახსენებთ, მანამდე ესპანეთის ნაკრებს „ბარსელონას“ ნახევარმცველი პედრიც გამოაკლდა.






