„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ლიგა 1-ის მეცხრე ტურში „ბრესტთან“ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა.
ესპანელმა სპეციალისტმა განაცხადა, რომ მისი გუნდი ყოველთვის ერთნაირი მენტალობით თამაშობს, მიუხედავად შემადგენლობისა და განურჩევლად იმისა, ლიგა 1-ის მატჩია თუ ჩემპიონთა ლიგის:
„ლევერკუზენთან“ მატჩი? მატჩში ყოველთვის არის პატარა დეტალები, რომლებიც მნიშვნელოვანია. მოვახერხეთ ტაიმის ბოლოს სამი გოლის გატანა, რამაც გადამწყვეტი როლი ითამაშა.
ყველას ჰგონია, რომ ლიგა 1 ადვილია, მაგრამ ასე არ არის. დღეს მე ძირითადად ჩემი მოთამაშეების ფიზიკურ ფორმაზე ვზრუნავ, იმაზე, თუ ვის შეუძლია თამაში და არა მოწინააღმდეგეზე. თითოეული მოწინააღმდეგის მიხედვით ვემზადებით, მაგრამ უპირველეს ყოვლისა, ჩემი მოთამაშეების ჯანმრთელობას უნდა მივაქციო ყურადღება.
მოგეხსენებათ, მომწონს ისეთი მოთამაშეები, რომლებსაც შეუძლიათ სხვადასხვა პოზიციაზე თამაში. ჩვენს გუნდში ბევრი მსგავსი მაგალითია. მოთამაშეები, რომლებსაც ძალიან სპეციფიკური მახასიათებლები აქვთ, მაგალითად, ცხრა ნომრის პოზიციაზე თამაში შეუძლიათ. ჩვენ ბევრი მოთამაშე გვყავს, რომლებსაც აქვთ ეს თვისება სხვადასხვა პოზიციეზე თამაში შეუძლიათ.
„ბრესტი“? კარგად ვიცნობთ ამ გუნდს და მწვრთნელ ერიკ როის. ბრესტში არც ერთი მატჩი არ არის ადვილი, ეს ხარისხიანი გუნდია. კარგი შედეგის მისაღწევად ყურადღებით უნდა იყო და ძალიან მაღალ დონეზე ითამაშო. ჩვენი მიზანი პირველი ადგილის დაბრუნებაა, მაგრამ ამისათვის მატჩები უნდა მოვიგოთ. თუმცა, ვიცით, რომ ეს რთულია.
დღევანდელ ვარჯიშს უნდა დაველოდოთ, რათა გავიგოთ, რომელი მოთამაშეები იქნებიან მზად ბრესტში გასამართი მატჩისთვის. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში რამდენიმე მოთამაშე დაგვიბრუნდა, რაც ძალიან კარგი ამბავია და კმაყოფილები ვართ. კონკურენცია ჩემი აზრით, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ არის, რადგან სწორედ ეს დაგვეხმარება გაუმჯობესებაში, როგორც კოლექტიურად, ასევე ინდივიდუალურად.
მოედანზე ყოველთვის ერთი და იგივე იდენტობა გვაქვს, ლიგა 1-ში და ჩემპიონთა ლიგაზეც. ხანდახან მოთამაშეების შეცვლა გვიწევს, განსაკუთრებით ტრავმების გამო. თუმცა, ერთნაირად ვთამაშობთ, ლიგა 1-ში იქნება ეს თუ ჩემპიონთა ლიგაზე. ძალიან მშვიდად ვარ, რადგან კმაყოფილი ვარ იმით, რასაც ვხედავ, რა შემადგენლობითაც არ უნდა ვთამაშობდეთ.
ჰაკიმი გასახდელში ერთ-ერთი ლიდერია, მისმა თანაგუნდელებმა ის ვიცე-კაპიტნად აირჩიეს და ეს ასევე ნათლად მიუთითებს მის დონეზე. ის არის მოთამაშე, რომელმაც იცის, როგორ შეცვალოს სიტუაცია, მას ბევრი შეტევითი და დაცვითი თვისება აქვს, ბევრს თამაშობს და ყოველ ჯერზე 100%-ით იხარჯება. გვიხარია, რომ ის ჩვენთან ერთადაა. ეჭვგარეშეა, ის მსოფლიოში საუკეთესო მარჯვენა მცველია.
ზაირ-ემერი სეზონის დასაწყისიდან ძალიან მაღალ დონეზე თამაშობს. კარიერაში ნორმალურია აღმავლობა და დაღმასვლა. კარგია, რომ ის ასეთი თავდაჯერებულობით თამაშობს, რადგან ეს მოედანზეც ჩანს და ბოლო ორ თამაშში ძალიან მაგრად ითამაშა“, - თქვა ლუის ენრიკემ.
შეგახსენებთ, რომ „ბრესტისა“ და „პარი სენ-ჟერმენის“ მატჩი 25 ოქტომბერს, თბილისის დროით 19:00 საათზე გაიმართება.






