„კრემონეზეს“ მთავარმა მწვრთნელმა დავიდე ნიკოლამ „უდინეზესთან“ მატჩის (1:1) შემდეგ პრესკონფერენცია გამართა, სადაც დაჩი ლორთქიფანიძეზეც გააკეთა კომენტარი.
20 წლის ქართველმა ნახევარმცველმა 62-ე წუთიდან ითამაშა და სერია A-ში დებიუტი ჰქონდა. ნიკოლას სწორედ ამის შესახებ ჰკითხეს, თუ რატომ გადაწყვიტა, რომ დაძაბულ მატჩში ლორთქიფანიძისთვის შანსი მიეცა:
„მიხარია, რომ მაქვს შესაძლებლობა ახალგაზრდა ფეხბურთელები ვათამაშო. როდესაც თამაშში ასეთ დროს ერთვები, შეიძლება შეცდომები დაუშვა, მაგრამ დაჩი საკმაო სიმშვიდით და ცივი გონებით შევიდა. მან კარგად ითამაშა. ცხადია, ჯერ კიდევ ბევრი აქვს სასწავლი, მაგრამ ეს ბუნებრივი პროცესია“, - აღნიშნა ნიკოლამ.
შეგახსენებთ, რომ დაჩი ლორთქიფანიძე „კრემონეზეს“ აღზრდილია და მთავარ გუნდში მიმდინარე სეზონში დააწინაურეს. ის აქამდე განაცხადში მუდმივად ხვდებოდა, მაგრამ თამაშის შესაძლებლობა პირველად მიეცა.
„კრემონეზეს“ შვიდ ტურში 10 ქულა აქვს და მომდევნო მატჩს 25 ოქტომბერს, „ატალანტასთან“ გამართავს.






