ფეხბურთი

19:00 | 10.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

მამარდაშვილი: "ესპანეთთან კარგი შედეგისთვის ბევრი უნდა ვირბინოთ და ვიშრომოთ"

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა გიორგი მამარდაშვილმა მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მესამე ტურში ესპანეთის ნაკრებთან მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.

„ესპანეთთან ბოლო დროს ბევრჯერ ვითამაშეთ და საკმაო გამოცდილება შევიძინეთ. ხვალ რთული თამაში იქნება, მითუმეტეს, ესპანეთთან, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა. ასე რომ, რთული თამაში იქნება. წინა თვესთან შედარებით, ახლა განსხვავებული სიტუაციაა, რადგან რამდენიმე თამაში ვითამაშე. ვიცოდი, რომ მზად უნდა ვყოფილიყავი და შანსი გამომეყენებინა, როცა მომეცემოდა. საბედნიეროდ, ეს შანსი მალე მოვიდა, ახლა უფრო კარგად ვგრძნობ თავს, ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად, შესაბამისად, მზად ვარ იმ მატჩებისთვის, რომელიც წინ მელოდება.

არ აქვს მნიშვნელობა რამდენი ფეხბურთელი აკლია ესპანეთს, ვინც მათ ნაცვლად ითამაშებს, მათაც იგივე ხარისხი ექნებათ. ჩემი აზრით, საკუთარ თავზე უნდა გავაკეთოთ კონცენტრაცია. თუ გვინდა, რომ რაიმე კარგ შედეგს მივაღწიოთ, ასე რომ ვთქვათ, თითოეულ ფეხბურთელს საუკეთესო დღე უნდა გვქონდეს. ამის შემდეგ მინდორზე უნდა ვიშრომოთ, ბევრი ვირბინოთ, თავი კარგად დავიცვათ და ალბათ ეს არის ერთადერთი მარტივი გზა ესპანეთთან შედეგის მისაღწევად", - თქვა მამარდაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს მუნდიალის შესარჩევ ეტაპზე ორ ტურში სამი ქულა აქვს: სექტემბერში შინ თურქეთთან დამარცხდა (2:3), ხოლო ბულგარეთთან გაიმარჯვა (3:0). ჯგუფს 6 ქულით ესპანეთი ლიდერობს, თურქეთის აქტივში 3 ქულაა, ხოლო ბულგარეთს ქულა არ აქვს.

ესპანეთი - საქართველოს მატჩი 11 ოქტომბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე გაიმართება. ურთიერთშეხვედრების ბალანსი მეტოქის სასარგებლოდაა, რადგან 8-დან 7 მატჩი ესპანელებმა მოიგეს, ხოლო ერთი საქართველომ.

სოფო ერქვანია ესპანეთიდან

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.090798