თავისუფალ ჭიდაობაში მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა მედალი ვერ მოიპოვა. ბოლო დღეს შანსი ოთხ მოჭიდავეს ჰქონდა, მაგრამ ყველა მათგანი უმედლოდ დარჩა.
92 კგ წონით კატეგორიაში მირიან მაისურაძე მეოთხედფინალში დამარცხდა, მაგრამ რეპეშაჟში გადავიდა, სადაც შვეიცარიელ სამუელ შერერს 4:1 სძლია და მედლისთვის აზერბაიჯანელ ოსმან ნურმაგომედოვს შეხვდა, მაგრამ 1:5 წააგო და მედალი ვერ მოიპოვა.
74 კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს შანსი ჰქონდა გიორგი ელბაქიძეს, რომელმაც რეპეშაჟის პირველი შეხვედრა ჩრდილოკორეელ ოკ ჩოლ ანთან 6:1 მოიგო, მაგრამ შემდეგ ირანელ იონეს ალიაკბარ ემამიჩოღაეისთან 1:12 დამარცხდა და მედლისთვის ვერ იბრძოლა.
65 კგ წონით კატეგორიაში გოდერძი ძებისაშვილმა პირველ წრეში აბდულა ასაფი 9:1 დაამარცხა, მაგრამ მეორე წრეში პუერტორიკოელ სებასტიან რივერასთან 0:10 დამარცხდა, რომელიც ფინალში ვერ გავიდა და ქართველი უმედლოდ დარჩა.
97 კგ წონით კატეგორიაში გივი მაჭარაშვილმა პირველი შეხვედრა შატლიკ ჰემელაიევთან 4:0 მოიგო, თუმცა იაპონელ არაშ იოშიდასთან 2:6 წააგო, რომელიც ფინალამდე ვერ მივიდა და გივიც ასპარეზობას გამოეთიშა.
შედეგად, საქართველოს ნაკრებმა თავისუფალ ჭიდაობაში, რომელშიც 10 სპორტსმენით გამოდიოდა, მსოფლიოს ჩემპიონატი უმედლოდ დაასრულა.









