ფამაგუსტას „ანორთოსისში“ თემურ ქეცბაია დაბრუნდა, რომელიც მედიის წინაშე წარადგინეს.
ქართველმა სპეციალისტმა თქვა, რომ ყველაფერს გააკეთებს გუნდის კრიზისიდან გამოსაყვანად, მაგრამ ამ ეტაპზე ფანებს ტიტულების მოგების პირობას ვერ აძლევს.
„მესამედ ვბრუნდები „ანორთოსისში“, გუნდში, რომელიც დამეხმარა ფეხბურთელის ოცნებების ასრულებაში, პრემიერლიგის მოთამაშე გავმხდარიყავი, მაგრამ მნიშვნელოვანი ის არის, რომ მომცა შესაძლებლობა, დამეწყო მწვრთნელის კარიერა. ჩვენ ბევრი რამეს მივაღწიეთ, ისეთს, რაზეც ბევრს არც კი უოცნებია. ამ ეტაპზე ჩვენ არ ვართ იმ მდგომარეობაში, რომ დაგპირდეთ ტიტულების მოგებას - ჯერჯერობით ასეა. გვინდა, რომ გუნდის გვერდით ხალხი იყოს, რადგან ეს არ არის მხოლოდ საფეხბურთო გუნდი, ეს ერთადერთია, რაც ხალხს ფამაგუსტადან დარჩა და ყველას გვაქვს დახმარების პასუხისმგებლობა.
როგორც პრეზიდენტმა თქვა, ამ ეტაპზე გუნდში ბევრი პრობლემაა გადასაჭრელი. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ამ გუნდმა ამ მდგომარეობიდან გამოსვლა მოახერხოს. საფეხბურთო რუკა შეიცვალა. დიდი გუნდები ვერ უწევენ კონკურენციას „პაფოსს“ და „არისს“, არა იმიტომ, რომ მათ საქმე ჩვენზე უკეთ იციან, უბრალოდ აქვთ ფინანსური საშუალებები, რაც ფეხბურთში მნიშვნელოვანია“, - თქვა ქეცბაიამ.
შეგახსენებთ, რომ თემურ ქეცბაია „ანორთოსისს“ 2005-2009 და 2019-2022 წლებში წვრთნიდა და 2008-2009 წლების სეზონში ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზეც გაიყვანა.









