ფეხბურთი

1:55 | 28.08.2025 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონთა ლიგა წილისყრის მოლოდინში: ოთხივე კალათა დაკომპლექტდა

ჩემპიონთა ლიგის 2025-2026 წლების სეზონის ყველა, 36 მონაწილე ცნობილია. გაირკვა ოთხი კალათაც, თითოეულში 9 გუნდია და ახლა ყველა წილისყრის მოლოდინშია, რომელიც დღეს გაიმართება.

ჩემპიონთა ლიგაზე ძალიან ძლიერმა გუნდებმა მოიყარეს თავი: ყველაზე მეტი, 6 წარმომადგენელი ინგლისს ჰყავს, შემდეგ ესპანეთს - 5, ხოლო იტალია და გერმანია ოთხ-ოთხი გუნდით ითამაშებენ. ჩემპიონთა ლიგაზე ქართველ ფეხბურთელებსაც ვიხილავთ: ხვიჩა კვარაცხელია (პსჟ), გიორგი მამარდაშვილი (ლივერპული), გიორგი ქოჩორაშვილი (სპორტინგი), გიორგი ზარია და ლუკა გადრანი (კაირატი). თეორიულად თამაშის შანსი ექნებათ მათე ყავლაშვილს (უნიონი) და ვახტანგ სალიას (ნიუკასლი).

ტურნირს დებიუტანტები ჰყავს - ყაზახეთის ჩემპიონი "კაირატი", კვიპროსული "პაფოსი", ბელგიური "უნიონი" და ნორვეგიული "ბოდო გლიმტი".

ფორმატი: ჯგუფური ეტაპი მოგეხსენებათ აღარ არსებობს, 36 გუნდს ერთიანი საერთო ცხრილი ექნება, საიდანაც 8 საუკეთესო პირდაპირ მერვედფინალში გავა, მე-9 ადგილიდან 24-ე ადგილის ჩათვლით გუნდები 1/16-ფინალში იბრძოლებენ მერვედფინალის საგზურისთვის, ხოლო 25-დან 36-ე ადგილზე გასული გუნდები ტურნირს იანვარში გამოეთიშებიან.

თითოეული გუნდი 8 თამაშს ჩაატარებს (4 შინ, 4 - სტუმრად) 8 სხვადასხვა მეტოქესთან. წილისყრის მთავარი შეზღუდვა: ერთი ქვეყნის გუნდები ფაზის ეტაპზე ვერ შეხვდებიან. თითოეული კალათიდან თითო გუნდს 2 გუნდი ერგება მეტოქედ (მათ შორის, თავისი კალათიდან, მაგალითად: პირველი კალათის გუნდს ამავე კალათაში მყოფ ორ გუნდთან თამაში მოუწევს). კიდევ ერთი შეზღუდვა ისაა, რომ ერთ გუნდს ერთი ქვეყნის მაქსიმუმ ორ გუნდთან თამაში შეუძლია. მაგალითად, "მანჩესტერ სიტი" შეიძლება შეხვდეს "რეალს" და "ვილიარეალს", მეტი ესპანური გუნდი მეტოქედ ვერ ერგება.

I კალათა

პარი სენ-ჟერმენი (საფრანგეთი), რეალი (ესპანეთი), მანჩესტერ სიტი (ინგლისი), ბაიერნი (გერმანია), ლივერპული (ინგლისი), ინტერი (იტალია), ჩელსი (ინგლისი), დორტმუნდი (გერმანია), ბარსელონა (ესპანეთი)

II კალათა

არსენალი (ინგლისი), ლევერკუზენი (გერმანია), ატლეტიკო (ესპანეთი), ბენფიკა (პორტუგალია), ატალანტა (იტალია), ვილიარეალი (ესპანეთი), იუვენტუსი (იტალია), აინტრახტი (გერმანია), ბრიუგე (ბელგია)

III კალათა

ტოტენჰემი (ინგლისი), პსვ ეინდჰოვენი (ნიდერლანდები), აიაქსი (ნიდერლანდები), ნაპოლი (იტალია), სპორტინგი (პორტუგალია), ოლიმპიაკოსი (საბერძნეთი), სლავია (ჩეხეთი), ბოდო გლიმტი (ნორვეგია), მარსელი (საფრანგეთი)

IV კალათა

კოპენჰაგენი (დანია), მონაკო (საფრანგეთი), გალათასარაი (თურქეთი), უნიონ სენ-ჟილი (ბელგია), ყარაბაღი (აზერბაიჯანი), ბილბაო (ესპანეთი), ნიუკასლი (ინგლისი), პაფოსი (კვიპროსი), კაირატი (ყაზახეთი)

ჩემპიონთა ლიგის ფაზის ეტაპის წილისყრა 28 აგვისტოს, თბილისის დროით 20:00 საათზე გაიმართება, ხოლო სეზონი სტარტს 16 სექტემბერს აიღებს და ფაზის ეტაპის ბოლო, მერვე ტური 28 იანვარს ჩატარდება. პლეი-ოფის მატჩები ტრადიციულად თებერვალშია დაგეგმილი.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.095969