ინგლისის პრემიერლიგის მეორე ტური საოცარი მატჩით დასრულდა, რომელშიც „ლივერპულმა“ მე-100 წუთზე გატანილი გოლით „ნიუკასლი“ დაამარცხა.
არნე სლოტის გუნდს თითქოს დრამის გარეშე უნდა მოეგო და აი, რატომ: „წითლები“ 35-ე წუთზე რაიან გრავნებერხის გოლით დაწინაურდნენ, რასაც ტაიმის ბოლოს ენტონი გორდონის წითელი ბარათი მოჰყვა და „ნიუკასლი“ მოედანზე 10 კაცით დარჩა.
მეორე ტაიმი დაიწყო თუ არა, „ლივერპულმა“ კიდევ გაიტანა: თავი უგო ეკიტიკემ გამოიჩინა. 2:0 და მოედანზე რიცხობრივი უპირატესობაც - მეტი რა უნდა ყოფილიყო, თამაშის ინტრიგა რომ მომკვდარიყო?
ამას დაემატა „ნიუკასლის“ რამდენიმე საკვანძო ფეხბურთელის ტრავმა და მოედნიდან გასვლა, მაგრამ „ჯორდები“ არ დანებდნენ: 57-ე წუთზე ბრუნო გიმარაეშმა შეამცირა სხვაობა, ხოლო 88-ე წუთზე ვილიამ ოსულამ სულაც გაათანაბრა - 2:2!
მსაჯმა მატჩს 11 წუთი დაამატა, 10-კაციანი „ნიუკასლი“ უტევდა და მესამე გოლის გატანაც ცდილობდა, მაგრამ მე-100 წუთზე „ლივერპულმა“ თამაში მაინც მოიგო. მოიგო ისევ მოულოდნელი გმირით. თუ წინა ტურში ფედერიკო კიეზა იყო ასეთი, ახლა 16 წლის რიო ნგუმოა!
ინგლისელმა ვუნდერკინდმა ჯერ კიდევ პრესეზონზე გამოიჩინა თავი, როცა ორჯერ გაიტანა, მაგრამ ახლა პრემიერლიგაშიც შეაგდო სადებიიუტო გოლი, თანაც, მოხდენილი დარტყმით!
„ლივერპულმა: კვლად დრამაში მოიგო. გიორგი მამარდაშვილს არ უთამაშია, ისევ სათადარიგო მეკარის როლში იყო და კარს ალისონი იცავდა.
„ლივერპულს“ ორი ტურის შემდეგ 6 ქულა აქვს, მომდევნო ტურში კი, 31 აგვისტოს, „არსენალს“ უმასპინძლებს, „ნიუკასლის“ აქტივში ერთი ქულაა და „ლიდსს“ ესტუმრება.
„ნიუკასლი“ – „ლივერპული“ 2:3 (0:1)
გოლები: 0:1 გრავენბერხი (35), 0:2 ეკიტიკე (46), 1:2 გიმარაეში (57), 2:2 ოსულა (88), 2:3 ნგუმოა (90)









