სად ითამაშებს საბა გოგლიჩიძე მომდევნო სეზონში, ჯერ კიდევ უცნობია. „ემპოლი“ სერია B-ში დაქვეითდა და ქართველ ფეხბურთელს სურს კლუბის შეცვლა.
მთელი ზაფხულის განმავლობაში 21 წლის მცველი არაერთ გუნდს დაუკავშირეს, მაგრამ ჯერჯერობით, ტრანსფერი არ განხორციელებულა. ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ალფრედო პედულა იტყობინება, რომ „პარმას“ მხრიდან ინტერესი სერიოზულია.
თუმცა, სანამ პარმეზანელები გოგლიჩიძის ტრანსფერზე მუშაობას დაიწყებენ, მანამდე ჯოვანი ლეონი უნდა გაასხვისონ. სწორედ მის შემცვლელად განიხილავენ საბას. ლეონი ნიჭიერი იტალიელი მცველია, რომლითაც ბევრი გუნდი ინტერესდება, ყველაზე მეტიად - „ინტერი“.
საბა გოგლიჩიძე ბოლო დღეებში „პარმას“ გარდა, „ბოლონიასა“ და „სასუოლოსაც“ დაუკავშირეს.
გასულ სეზონში საბა გოგლიჩიძემ სერია A-სა და იტალიის თასზე 36 მატჩი ჩაატარა და თავი 1 საგოლე პასით გამოიჩინა. მას ტოსკანურ კლუბთან კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.









