ლონდონის „ჩელსის“ მთავარმა მწვრთნელმა ენცო მარესკამ „პალმეირასთან“ გამარჯვების (2:1) შემდეგ ისაუბრა.
იტალიელმა სპეციალისტმა თამაში შეაფასა და ასევე კომენტარი გააკეთა პედრო ნეტუს მდგომარეობაზე:
„ეს იყო რთული მატჩი, როგორც ველოდით. პირველ ტაიმში თამაშს უკეთ ვაკონტროლებდით, ვიდრე მეორე ტაიმში. მათი გოლის შემდეგ იმპულსი შეიცვალა, მაგრამ მოვახერხეთ რეაგირება და საბოლოოდ ვფიქრობ, რომ გამარჯვება დამსახურებული იყო. ვულოცავ ბიჭებს, ისინი არაჩვეულებრივები იყვნენ. ასეთ მატჩებში სიმწიფეა საჭირო და მათ ეს აჩვენეს. პედრო ნეტუს მდგომარეობა დიოგუ ჟოტას გარდაცვალების გამო? ეს ძალიან რთული მომენტია. გარკვეული საკითხების წინაშე თავს უმწეოდ გრძნობ. პედრო ძალიან მოწყენილია, ჩვენ ყველანი მასთან ვართ. რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს, ითამაშებს თუ არა, მას ჩვენი სრული მხარდაჭერა ექნება“, - თქვა მარესკამ.
მატჩის შემდეგ კომენტარი „ჩელსის“ ლიდერმა კოულ პალმერმაც გააკეთა:
„ჩვენ ვართ ამ ტურნირში დარჩენილი ბოლო ინგლისური გუნდი და ეს დამატებით მოტივაციას გვაძლევს. გვინდა წინ წავიდეთ და ეს ტურნირი მოვიგოთ. დღეს საღამოს ჩვეულებრივზე მეტი გულშემატკივარი იყო და სასიამოვნო იყო მათი მხარდაჭერის შეგრძნება. აქ ყველა თამაში გამოწვევაა, მაგრამ მზად ვართ ყველაფერი გავაკეთოთ. გამოვავლინეთ ხასიათი და კონცენტრაცია, მაშინაც კი, როდესაც "პალმეირასმა" გაათანაბრა ანგარიში. დარწმუნებული ვარ, რომ ეს გამარჯვება მომდევნო მატჩებისთვის თავდაჯერებულობას შეგვძენს“, - თქვა ინგლისელმა.
შეგახსენებთ, რომ „ჩელსი“ ნახევარფინალში კიდევ ერთ ბრაზილიურ გუნდს, „ფლუმინენსეს“ შეხვდება, მატჩი 8 ივლისს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.