საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე ტურში ახალი ზელანდიის ნაკრებთან 19:38 დამარცხდა.
„უმცროსმა ბორჯღალოსნებმა“ თამაში კარგად დაიწყეს და შოთა ხელაძის ლელოსა და ლუკა თაყაიშვილის გარდასახვით 7:0 დაწინაურდა. ზელანდიელებმა ამას გარდასახული ლელოთი უპასუხეს, მაგრამ მე-19 წუთზე მიხეილ შიოშვილმა მეორე ლელო მიითვალა, რომელიც თაყაიშვილმა გარდასახა და საქართველოს ნაკრები 14:7 დაწინაურდა.
თუმცა, ამის შემდეგ ზელანდიამ უპირატესობა მოიპოვა, რომელიც ხელიდან თამაშის ბოლომდე აღარ გაუშვია. საქართველოს ნაკრებმა მონაგარს მეორე ტაიმში ერთი ლელო შემატა, რომელიც მიხეილ ხახუბიას აქტივშია. საბოლოოდ, ახალმა ზელანდიამ კლასის ხარჯზე მაინც მოახერხა გამარჯვება.
საქართველოს ნაკრებმა პირველი ტურისგან განსხვავებით ამჯერად ბონუს ქულის მოპოვება ვერ შეძლო და ჯგუფში 2 ქულით მესამე ადგილზეა, ბოლო ტურში კი, მასპინძელ იტალიას 9 ივლისს შეხვდება.