იტალიაში მიმდინარეობს ევროპის 20-წლამდე ჩემპიონატი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, სადაც საქართველომ დღეს ორი ოქროს და ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა!
გარდა ამისა, 2 ივლისს, ერთი მოჭიდავე ფინალშია, ხოლო ორს ბრინჯაოს შანსი აქვს.
77 კგ წონით კატეგორიაში ოქროს მედალს დაეუფლა ანრი ფუტკარაძე, რომელმაც ფინალამდე ავსტრიელი ლარს მატი 9:0, უნგრელი დომინიკ ბოტოში 5:1 და ფინელი ვიკე ერიკ ტარკიო 9:1 დაამარცხა. გადამწყვეტი შეხვედრა ფუტკარაძემ აზერბაიჯანელ დავუდ მამადოვთან 3:1 მოიგო და ევროპის ჩემპიონი გახდა.
87 კგ წონით კატეგორიაში ოქროს მედალი ლუკა ქოჩალიძემ მოიპოვა. მან უნგრელი ვილმოს შეურინგი 4:0, უკრაინელი პავლო ტორიანიკი 3:0, პოლონელი ვოიცეხ ივანოვსკი 8:1 და ავსტრიელი პოლ მაიერი 5:0 დაამარცხა. ლუკამ ფინალშიც ადვილად მოიგო რუს აბდურახმარ აბდულკადიროვთან - 8:0.
55 კგ წონით კატეგორიაში კობა ქამურიძემ პირველივე შეხვედრა წააგო, მაგრამ რეპეშაჟში გადაინაცვლა, სადაც სომეხ ლევონ ღაზარიანს 3:1 სძლია, ხოლო ბრინჯაოსთვის შეხვედრაში უკრაინელი ნაზარი ბაბინსკი 4:0 დაამარცხა და მედალს დაეუფლა.
130 კგ წონით კატეგორიაში საბა ფურცელაძე ნახევარფინალამდე მივიდა, სადაც მარცხი განიცადა, მაგრამ ბრინჯაოსთვის ბრძოლაში რუსი ვიაჩესლავ ფედარინა 8:3 დაჯაბნა და მედალს დაეუფლა.
ხვალ ფინალში ჭიდავებს 72 კგ წონით კატეგორიაში ალექსანდრე რუსიტაშვილი, რომელმაც რუსი იან ზიანკო (3:0), ბულგარელი სერგეი სტოევი (1:1) და უკრაინელი ანატოლი პასნაკი (4:0) დაამარცხა. ფინალში ქართველის მეტოქე სომეხი გასპარ ტერტერიანი იქნება.
ხვალვე ბრინჯაოსთვის იბრძოლებს 60 კგ წონით კატეგორიაში ვახტანგ ლოლუა, რომელიც ნახევარფინალამდე მივიდა, იქ აზერბაიჯანელ აიხან ჯავადოვთან 1:4 წააგო და ბრინჯაოსთვის იჭიდავებს.
67 კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს შანსი რეპეშაჟიდან ექნება ანრი ხოზრევანიძეს, რომელიც მეოთხედფინალში დამარცხდა, მაგრამ მეტოქე ფინალში გავიდა და ქართველი რეპეშაჟში გაიყოლა.