„პარი სენ-ჟერმენმა“ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის პირველ ტურში მადრიდის „ატლეტიკო“ 4:0 გაანადგურა, რაშიც ხვიჩა კვარაცხელიამ წვლილი ორი საგოლე პასით შეიტანა.
ქართველი ფეხბურთელი ერთ-ერთი საუკეთესო იყო და მედიაში მის თამაშსაც ლოგიკური, შესაბამისი გამოხმაურება აქვს:
Sofoot 8 ქულა: „სასარგებლოა ნებისმიერი გუნდის მცველების გამოსაცდელად. ლორენტემ კი, უკვე იცის, რომ ვარჯიშებზე შრომის გარდა, ოფთალმოლოგთან ვიზიტიც სჭირდება“.
90min 7.5 ქულა: „მე-19 წუთზე ფაბიან რუისის პირველ გოლში ასისტი მიითვალა და ეს ქართველის ჯილდო იყო იმიტომ, რომ თამაში კარგად დაიწყო. შესვენებამდე ცოტა ხნით ადრე მეორე საგოლე პასიც გააკეთა. მეორე ტაიმის დასაწყისში ძლიერი დარტყმით ლამის გაიტანა თავისი პირველი გოლი ტურნირზე, მაგრამ ობლაკმა ხარიხასთან ერთად ხელი შეუშალა“.
Maxifoot 8 ქულა: „ცვლილებების მოხდენის უნარის მქონე ქართველმა მეტოქის დაცვაში დისბალანსი შექმნა, ხოლო ფაბიან რუისის გოლში ასისტი მიითვალა. რამდენიმე ეპიზოდში თავისი კლასი ლამაზი ტექნიკური კომბინაციებით აჩვენა, მაგალითად, ტაიმის მიწურულს ვიტინიას გოლში. შესვენების შემდეგ ძალიან ახლოს იყო გოლთან, თუმცა ობლაკმა მისი დარტყმა მოიგერია“.
Footmercato 7 ქულა: „უდავოდ, ყველაზე სახიფათო პარიზელი თავდამსხმელი. მატჩის დასაწყისიდანვე ძალიან აქტიური იყო. ლორენტეს ცხოვრება გაურთულა და მე-15 წუთზე ახლო მანძილიდან ულამაზესი დარტყმა განახორციელა. ქართველი ასევე მონაწილეობდა პირველ გოლშიც. მეორე ტაიმში ბრწყინვალედ დაარტყა, რომელიც ობლაკმა ხარიხის დახმარებით მოიგერია“.
Givemesport 8.5 ქულა (მატჩის MVP): “მან ორი საგოლე პასი გააკეთა და ყოველ ჯერზე, როცა ატლეტიკოს დაცვას უტევდა, ძალიან სახიფათოდ გამოიყურებოდა“.
Le Figaro - შეუცვლელი კვარაცხელია: „მისი გადმოსვლა გასული ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს პსჟ-ს სეზონისთვის აშკარად ერთ-ერთი საკვანძო მომენტი იყო. ჩემპიონთა ლიგაზე პსჟ-ს ტრიუმფში მნიშვნელოვანმა ფეხბურთელმა, ხვიჩა კვარაცხელიამ, საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატზე ატლეტიკოს წინააღმდეგ 4:0 გამარჯვებაში მარცხენა ფლანგზე სოლიდური თამაში აჩვენა. ქართველი, რომელმაც პირველი გოლის საგოლე გადაცემა გააკეთა, მუდმივად აწუხებდა „საწყალ“ ლორენტეს და რეგულარულად ქმნიდა ბურთით განსხვავებას. ასევე უნაკლო იყო დაცვაში, ძალიან დიდი მონდომებით ითამაშა. შეეძლო გოლის გატანა, როდესაც ობლაკმა მეორე ტაიმის დასაწყისში მოიგერია მისი დარტყმა და ხარიხაც დაეხმარა“.
შეგახსენებთ, მეორე ტურში 19 ივნისს, „პარი სენ-ჟერმენი“ ბრაზილიურ „ბოტაფოგოს“ შეხვდება. ხვიჩა კვარაცხელია პარი სენ-ჟერმენს იანვარში შეუერთდა, მას შემდეგ ყველა ტურნირზე 26 თამაშში 7 გოლი, 7 საგოლე პასი და 1 მოპოვებული პენალტი მიითვალა. პსჟ-მ ამ სეზონში საფრანგეთის სუპერთასი, საფრანგეთის ჩემპიონატი, საფრანგეთის თასი მოიგო, კვარას ტიტულებში მხოლოდ სუპერთასი არ შედის, რადგან იმ დროს ჯერ კიდევ „ნაპოლიში“ ირჯებოდა. ახლა კი, ისინი მსოფლიოს ჩემპიონატის მოგებას უმიზნებენ.